სამთო თხილამურები: სიურპრიზი იტალიელისგან

AutoSharing Option
შვეიცარიის ადელბოდენში დასრულდა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი. ბოლო დისციპლინა, რომელშიც პირველობა გათამაშდა, სპეციალური სლალომი იყო. წინა დღეს გიგანტურ სლალომში მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვა და სლალომშიც მას უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, თუმცა ეტაპი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. სიურპრიზის ავტორი გახდა იტალიელი სტეფანო გროსი, რომელმაც კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. აპენინელმა პოდიუმზე ფრიტც დოპფერი და მარსელ ჰირშერი შეავიწროვა.

არადა, პირველი დაშვების შემდეგ გროსი მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა - ის წამს აგებდა ლიდერთან, გერმანელ დოპფერთან. გროსმა მეორე დაშვებისას ძალიან დამაჯერებლად გაიარა ტრასის ზედა ნაწილი, შემდეგ კი უნაკლოდ გაუმკლავდა
ყველაზე დამრეც მონაკვეთს. მან ფინიშთან მისულებს სოლიდური სხვაობით მოუგო და ცხადი გახდა, რომ იტალიელი - პოდიუმის ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდა.

გროსის გასწრება შეეძლოთ დოპფერსა და ჰირშერს. გერმანელს სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონდა, ამიტომაც ზედმეტად აკურატულად გადიოდა კარებში და ძალიან ფრთხილობდა. შესაბამისად, გროსთან 0.02 წამი წააგო. რაც შეეხება ჰირშერს, მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ერთ-ერთ მონაკვეთში დამუხრუჭებისას შეცდომა დაუშვა და ეს გროსთან 0.03-წამიან ჩამორჩენად დაუჯდა.

მიუხედავად ამისა, ჰირშერი ძალიან დამაჯერებლად იგებს გენერალურ კლასიფიკაციაში - უახლოეს მდევარ ჩეტილ იანსრუდს 212 ქულას უგებს. გარდა ამისა, ავსტრიელი სათავეში უდგას სლალომისა და გიგანტური სლალომის ჩათვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული