სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: გლობუსების დარიგება დაიწყო

AutoSharing Option
სამთო თხილამურებში 2014-15 წლების სეზონის პირველი ლაურეატი გახდა ცნობილი. ნორვეგიელმა ჩეტილ იანსრუდმა კვიტფიელში საშინაო ტრასაზე სუპერგიგანტი მოიგო და ამ დისციპლინაში მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა. ეს პირველი მსგავსი მიღწევაა ნორვეგიელი მოთხილამურისთვის.

წინა დღეს, სწარფდაშვებაში იანსრუდმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდა. ეს მოახერხა კიდეც, თუმცა იღბალიც მის მხარეს იყო.

მასპინძელმა 24 მეასედი წამით მოუგო მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ ვინსენტ კირხმაირს და 33 მეასედი კანადელ დასტინ კუკს.

იღბალი კი იმაში მდგომარეობდა, რომ კვიტფიელის ტრასა 21-მა მოთხილამურემ ვერ
გაიარა და მათ შორის იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონი, წინა დღეს სწრაფდაშვების მომგები ჰანეს რაიხელტი და ოლიმპიური ჩემპიონი მატიას მაიერი. რაიხელტი ტრასაზე დაეცა, მაიერმა კი კარი გამოტოვა და ამის გამო მიიღო დისკვალიფიკაცია.

ამასობაში, დაიძაბა ბრძოლა ბროლის დიდი გლობუსის მოსაპოვებლად. იანსრუდმა ლიდერ მარსელ ჰირშერთან 52 ქულამდე შეამცირა სხვაობა, სეზონის დასრულებამდე კი 6 რბოლაა დარჩენილი.

* * *
ქალებმა გერმანიის გარმიშ პარტენკირხენში გამოსვლა ასევე სუპერგიგანტით დაასრულეს. როგორც იქნა, ნავსი გატეხა ამერიკელმა ლინდსი ვონმა, რომელსაც იანვრის შუა რიცხვების შემდეგ არ ჰქონდა მოგებული მსოფლიოს თასის ეტაპი და დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოთი იწონებდა თავს, მაგრამ გარმიშში ვონი კვლავ შეუდარებელი იყო. მან სეზონში მეექვსე და კარიერაში 65-ე გამარჯვება მოიპოვა.

ვონმა წამზომი წუთისა და 16,65 წამის ნიშნულზე გააჩერა და აჯობა სლოვენიელ ტინა მაზეს და ავსტრიელ ანა ფენინგერს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვონმა სუპერგიგანტის ჩათვლაში ფენინგერს გაუსწრო და რვა ქულით დაშორდა მას. ასე რომ, ამ დისციპლინაში ბროლის მცირე გლობუსის ბედი სეზონის ფინალში გაირკვევა, რომელიც საფრანგეთის კურორტ მერიბელში გაიმართება.

მაგრამ სეზონის მთავარ ინტრიგად რჩება საკითხი - ვის დარჩება ბროლის დიდი გლობუსი: ფენინგერს თუ მაზეს. მათ შორის სხვაობა მხოლოდ 44 ქულაა სლოვენიელის სასარგებლოდ და ქალებშიც ექვსი რბოლაა დარჩენილი. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული