ყველაზე სწრაფები: ვონი და იანსრუდი

AutoSharing Option
საფრანგეთის კურორტ მერიბელში სეზონის ფინალი დაიწყო, შესაბამისად, დაიწყო პრიზების დარიგება სეზონის ლაურეატებისთვის.

გუშინ სწრაფდაშვების სტარტები იყო. ამ სახეობაში ქალებს შორის დასკვითი ეტაპი ამერიკელმა ლინდსი ვონმა მოიგო და სწრაფდაშვებაში ბროლის მცირე გლობუსი მოიპოვა. ეს მის კარიერაში მეშვიდე ანალოგიური პრიზია, სულ სხვადასხვა სახეობებსა და საერთო ჩათვლაში 18 გლობუსი აქვს, გუშინ კი მსოფლიოს თასზე 66-ე ეტაპი მოიგო. სწრაფდაშვებაში მოგებული შვიდი თასი - ლეგენდარული ავსტრიელის ანემარი მოზერ-პრიოდლის რეკორდის გამეორებაა.

თუ დღეს ვონი სუპერგიგანტის ჩათვლასაც მოიგებს, მას ბროლის 19 გლობუსი დაუგროვდება და ამით გაიმეორებს შვედი
ინგემარ სტენმარკის რეკორდს.

გუშინ, ვონმა სწრაფდაშვების ტრასა წუთსა და 29.87 წამში დაფარა და 0.24 და 0.30 წამით აჯობა ორ ავსტრიელს - ელიზაბეტ გიორგლსა და ნიკოლ ჰოსპს.

რაც შეეხება საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის ბრძოლას, აქ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. სლოვენიელმა ტინა მაზემ 0.4-წამიანი ჩამორჩენით მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო მისმა კონკურენტმა ბროლის დიდი გლობუსისთვის ბრძოლაში, ავსტრიელმა ანა ფენინგერმა მხოლოდ მერვე დრო აჩვენა. ახლა ფენინგერის ლიდერობა გენერალულ კლასიფიკაციაში 12 ქულამდე დავიდა, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ სამი რბოლაა დარჩენილი.

სწრაფდაშვება. ქალები
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:29.87; 2. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.24; 3. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +0.30; 4. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.40; 5. ელენა ფანკინი (იტა) - +0.45; 6. კაროლინა რუის კასტილიო (ესპ) - +0.73...

სწრაფდაშვების ჩათვლა
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 502 ქულა; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 399; 3. ტინა მაზე (სლოვენ) - 356; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 337; 5. ელენა ფანკინი (იტა) - 291; 6. ლარა გუტი (შვეიც) - 289...

საერთო ჩათვლა
1. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1373; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - 1361; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 942; 4. მიკაელ შიფრინი (აშშ) - 900; 5. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 638; 6. ლარა გუტი (შვეიც) - 623...

* * *
გუშინვე გაიმართა მამაკაცების სწრაფდაშვება. კარიერაში მეათე და სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა ნორვეგიელმა ჩეტილ იანსრუდმა. ამან მას ბროლის მცირე გლობუსი მოუტანა ამ სახეობაში, აგრეთვე შანსი დაუტოვა საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის.

სწრაფდაშვებაში არ მონაწილეობდა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი მარსელ ჰირშერი და გუშინდელი გამარჯვების შემდეგ იანსრუდმა 64 ქულამდე შეამცირა სხვაობა ავსტრიელთან. ჰირშერი დღეს გამოვა სუპერგიგანტში და შეეცდება ქულების დაგროვებას, ხოლო შაბათს და კვირას კი მისი საყვარელი დისციპლინების - გიგანტური სლალომისა და სლალომის ჯერი დადგება.

გუშინდელი დღის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა შვეიცარიელი ვეტერანი დიდიე დეფაგო. სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონის კარიერაში ეს ბოლო სწრაფდაშვება იყო და მან მეორე ადგილი დაიკავა - 0.24 წამი წააგო იანსრუდთან.

სწრაფდაშვება. კაცები
1. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - 1:40.86; 2. დიდიე დეფაგო (შვეიც) - +0.24; 3. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +0.31; 4. სტივენ ნიმანი (აშშ) - +0.59; 5. გილერმო ფაიედი (საფ) - +0.70; 6. მაქს ფრანცი (ავსტრია) - +0.71...

სწრაფდაშვების ჩათვლა
1. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - 605; 2. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 511; 3. გილერმო ფაიედი (საფ) - 389; 4. დომინიკ პარისი (იტა) - 386; 4. მატიას მაიერი (ავსტრია) - 386; 6. სტივენ ნიმანი (აშშ) - 324...

საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1248; 2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - 1184; 3. ალექსის პინტურო (საფ) - 898; 4. ფელიქ ნოიროიტერი (გერ) - 816; 5. დომინიკ პარისი (იტა) - 745; 6. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 724...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული