ნინო ხომერიკი 18 წლის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
30 სექტემბერს, ხორვატიულ პორეჩში დამთავრდა 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა. ქართველთაგან (18 მონაწილე) შესანიშნავად ითამაშა 18-წლიანებში ნინო ხომერიკმა.

იგი ასპარეზობის პირველივე დღიდან ლიდერობდა შეჯიბრებას. ბოლო ტურის წინ ნინო შვიდი ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. უახლოესი მდევარი - პოლონელი ევა ჰარაზინსკა ჩვენებურს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა. ოდნავი წაფორხილება საკმარისი იყო პირველობის დასაკარგავად, მით უმეტეს, რომ პოლონელმა მოჭადრაკემ ნინოზე ადრე გამარჯვებით დაასრულა პარტია ნორვეგიელ მონიკა მაჩლიკთან და 7.5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა მხოლოდ დროებით.

ხომერიკი თეთრი ფიგურებით რეიტინგფავორიტ ადელა ველიკიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდა. ქართველმა
მოჭადრაკემ დებიუტიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და, შუა თამაშში დაშვებული მცირეოდენი შეცდომების მიუხედავად, პარტია სასურველ დასასრულამდე მიიყვანა - 75-ე სვლაზე აიძულა მეტოქე, საათი გაეჩერებინა.

ნინომ 8 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რეიტინგი 31 პუნქტით გაიმდიდრა.

ვერცხლის მედალი ჰარაზინსკას ხვდა, 6.5 ქულით მესამეზე ტიჯანა ბლაგოიევიჩი (ჩერნოგორია) გავიდა.

სამწუხაროდ, დანარჩენმა ქართველმა მოჭადრაკეებმა ხომერიკს მხარი ვერ აუბეს და ჩვენი დელეგაცია ერთი მედლის ამარა დატოვეს.

ჩვენებურთა ბოლო ტურის შეხვედრათა შედეგები:

8-წლიანები: მარიამ გაბელაია-ნანი გვათუა (საფრანგეთი) 0:1, ნურთაჯ ჰეიდარლი (აზერბაიჯანი)-მარიამ გვათუა 1:0, ედუარდ ბალაიანი (რუსეთი)-გიორგი სანიკიძე 0:1.

10-წლიანები: თამარ თასოშვილი-მილენა გასპარიანი (სომხეთი) 0.5:0.5.

12-წლიანები: ეკატერინე ფიფია-დეფნე სადე (თურქეთი) 0.5:0.5, კაგან აიდინკელები (თურქეთი)-ნიკოლოზ კაჭარავა 0.5:0.5, ალექსანდრ დაიშმანი (სლოვენია)-ნიკა კევლიშვილი 0:1.

14-წლიანები: ლილე ქორიძე-მარინა გაიკინი (სერბეთი) 0:1, მაია ბეჭვაია-სილვია ალბი (იტალია) 1:0, ქუენ ბარი (საფრანგეთი)-ნიკოლოზ პეტრიაშვილი 1:0, გეორგე სტოლერიუ (რუმინეთი)-ნიკა ხვადაგიანი 1:0.

16-წლიანები: მიქაელა ებელინგი (ფინეთი)-ნატა ჯიბუტი 0.5:0.5, ვლასიოს ციროსი (საბერძნეთი) 0.5:0.5, ირაკლი ახვლედიანი-მარინ დენი (დანია) 1:0.

18-წლიანები: ნინო ხომერიკი-ადელა ველიკიჩი (სერბეთი) 1:0, კიმია სადაჯი (ნორვეგია)-მარიამ ჭოლაძე 0:1, იოჰან სალომონი (ნორვეგია)-ნოე თუთისანი 1:0, სებასტიან კრისტიანსენი (ნორვეგია) გიორგი სიბაშვილი 0:1.

ქართველთა საბოლოო მონაგარი: ხომერიკი - 8, სანიკიძე - 6, ფიფია, კაჭარავა, სიბაშვილი - 5.5-5.5, გაბელაია, გვათუა, ქორიძე, პეტრიაშვილი, თუთისანი -5-5, ბეჭვაია, ხვადაგიანი, ახვლედიანი, ლიჩელი, ჭოლაძე - 4.5-4.5, თასოშვილი, კევლიშვილი, ჯიბუტი - 4-4 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ნინო ხომერიკს! ვულოცავ ამ წარმატებას.
ფილიპე
11:36 01-10-2015
0

სიახლეები პოპულარული