ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ძაგნიძე და გორიაჩკინა იგებენ და ლიდერობენ

AutoSharing Option
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს რვა წარმომადგენელი მონაწილეობს.

შვიდი ტურის შემდეგ 5.5-5.5 ქულით ოთხი დიდოსტატი მეწინავეობდა, მათ შორის - ნანა ძაგნიძე. გუშინ იგი სომეხ ელინა დანიელიანს დაუპირისპირდა და 31-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა.

წარმატებით ითამაშა რუსმა ალექსანდრა გორიაჩკინამ, რომელმაც შავი ფიგურებით დარია პუსტოვოიტოვას სძლია და 6.5 ქულით ნანა ძაგნიძესთან ერთად გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

15 მოჭადრაკეს 5-5 ქულა ჰქონდა, მათ შორის, ნინო ბაციაშვილსა და ბელა ხოტენაშვილს. ისინი მე-8 ტურში ერთმანეთს ყაიმზე
შეუთანხმდნენ.

ასევე, დაზავდნენ ევროპის ორგზის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (უკრაინა), მარია მუზიჩუკმა (უკრაინა) იოლანტა ზავადსკას (პოლონეთი) აჯობა, ხოლო ალინა კაშლინსკაიამ (რუსეთი) ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (რუსეთი) დაამარცხა.

ქართველთა ორთაბრძოლები კი ასე დასრულდა: ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი)-ლელა ჯავახიშვილი 1:0, ალისა გალიამოვა (რუსეთი)-მერი არაბიძე 1:0, ელენა სემიონოვა (რუსეთი)-სოფიო გვეტაძე 0.5:0.5, მარია კომიაგინა (რუსეთი)-ნინო ხომერიკი 0:1, სალომე მელია-ელენა კოსმა (რუმინეთი) 1:0.

რვა ტურის შემდეგ: ძაგნიძე, გორიაჩკინა - 6.5-6.5, სოჩკო, მ. მუზიჩუკი, თრანგი, კაშლინსკაია - 6-6, ხოლო 14 მოჭადრაკეს, მათ შორის - ხოტენაშვილსა და ბაციაშვილს, 5.5-5.5 ქულა აქვს.

დღეს მე-9 ტურში ინტერესს იწვევს შემდეგი პაექრობები: მარია მუზიჩუკი-ნანა ძაგნიძე, ალექსანდრა გორიაჩკინა-ალინა კაშლინსკაია, მონიკა სოჩკო-ჰოანგ თან თრანგი... ელინა დანიელიანი-ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი-იულია ოსმაკი (უკრაინა), მარინა ბრუნელო (იტალია)-სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი-ნინო ხომერიკი, მერი არაბიძე-კატარჟინა ტომა (პოლონეთი), სოფიო გვეტაძე-ანასტასია საზონოვა (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული