ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე პაპს შეხვდება

AutoSharing Option
12 აპრილს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ - უკრაინელი ოლგა ბაბიუ დაამარცხა.

ასევე წარმატებით ითამაშეს სალომე მელიამ და მერი არაბიძემ, რომლებმაც, შესაბამისად, ანასტასია პარამზინასა (რუსეთი) და ესე ოზბეის (თურქეთი) გააჩერებინეს საათები.

დაზავდნენ: ნატალია ბუკსა (უკრაინა)-ლელა ჯავახიშვილი, ლილიტ გალოიანი (სომხეთი)-ბელა ხოტენაშვილი, ოლგა ზიმინა (იტალია)-ნინო ხომერიკი, დარია ჩაროჩკინა (რუსეთი)-სოფიო გვეტაძე, ხოლო ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით მარინა ბრუნელოსთან (იტალია) წააგო.

ფავორიტთაგან ნახევარ-ნახევარი ქულა დაკარგეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ანა მუზიჩუკმა (უკრაინა), ევროპის
ორგზის ჩემპიონმა კატერინა ლაგნომ (რუსეთი), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარელი დიდოსტატი შეჯიბრებაზე ევროპის საჭადრაკო კავშირის სახელით გამოდის), რომლებიც ყაიმზე შეუთანხმდნენ სოფი მილეს (საფრანგეთი), იულია ოსმაკსა (უკრაინა) და ტიცია გარას (უნგრეთი). მსოფლიოს ექსჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა (უკრაინა) ბეთულ ილდიზს (თურქეთი) სძლია.

ჩემპიონატზე 2-2 ქულით 12 მოჭადრაკე დაწინაურდა. მათ შორისაა ნანა ძაგნიძე, რომელიც დღეს უნგრელ პეტრა პაპს შეხვდება. 1.5-1.5 ქულა მოაგროვეს ჯავახიშვილმა, ხომერიკმა, ხოტენაშვილმა, გვეტაძემ, მელიამ და არაბიძემ, ბაციაშვილს კი 1 ქულა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული