სენსაცია დონეცკში: სერგეი ბუბკას რეკორდი წაართვეს!

AutoSharing Option
ფრანგი რენო ლავილენი მსოფლიოს ახალი რეკორდსმენია ჭოკით ხტომაში. მან დონეცკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 6.16 მეტრი დაძლია და ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ლეგენდარული სერგეი ბუბკას რეკორდი. სხვათა შორის, უკრაინელი 1993 წელს, ასევე დონეცკში გადახტა 6.15 მეტრზე.

27 წლის ფრანგმა უფრო მაღალი ნახტომის შესრულებაც სცადა: თამასა კიდევ ხუთი სანტიმეტრით მაღლა ასწიეს, მაგრამ ეს სიმაღლე რენოსთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ფრანგი ცუდად დაეცა და ფეხი იტკინა, მაგრამ მთავარი საქმე გაკეთებული იყო.

რენო ლავილენი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი გახლავთ. გარდა ამისა, მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი დარბაზებისთვის.
მისი რეკორდიც სწორედ დახურული არენებისთვისაა, ღია ცის ქვეშ კი უმაღლესი მიღწევა კვლავაც ბუბკას აქვს - მან რეკორდი (6.14 მ) 1994 წელს, იტალიის ქალაქ სესტრიერში დაამყარა. ლავილენის საუკეთესო შედეგი ღია არენებზე 6.02 მეტრს შეადგენს.
ახალი რეკორდის დამყარებას ბუბკა პირადად ესწრებოდა და მიულოცა ფრანგს უდიდესი წარმატება.

"ძალიან მიხარია რენოს გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს მოხდა დონეცკში, ჩვენს საიუბილეო ტურნირზე. ის შესანიშნავი ადამიანია. მე აღფრთოვანებული ვარ მისით და ღირსეულ მემკვიდრედ მივიჩნევ. გაოცებული ვიყავი, რომ ჩემმა რეკორდმა 21 წელი გაძლო. იმ მომენტში, როცა რეკორდი დავამყარე, ვფიქრობდი, რომ უფრო მაღალი შედეგის ჩვენება იყო შესაძლებელი"
, - განაცხადა ლეგენდარულმა უკრაინელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული