მესი და რონალდო - მსგავსი სიტუაციები განსხვავებული ფინალებით?

AutoSharing Option
ეს სატრანსფერო სეზონი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული ორი სუპერვარსკვლავის, თანამედროვე ფეხბურთის ორი დომინანტის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მომავალი.

30 წლის მესის კონტრაქტი იწურება და ახალი ჯერ არ ჩანს (ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა მან 15 ივლისს დაუსვას წერტილი ყველაფერს). რონალდოს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს "რეალთან", მაგრამ ესპანეთის პროკურატურის ბრალდებების შემდეგ მედიაში გავრცელდა ხმები, რომ კრიშტიანოს "რეალიდან" წასვლა სურს. ხმები ხმებად, მაგრამ რონალდოს ერთხელაც კი არ უარუყვია ისინი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ.

უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, მესის
სიტუაცია გაცილებით იოლია, რადგან ის, დიდი ალბათობით, მართლაც არ წავა "ბარსელონადან". აი, 32 წლის რონალდოს საკითხზე კი მასსა და ფლორენტინო პერესს ამ დღეებში სერიოზული ლაპარაკი მოუწევთ.

ახლახან დაქორწინებულ არგენტინელს 12 თვე კიდევ რჩება კონტრაქტის მიხედვით "ბარსელონაში" გასატარებელი. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მესი და "ბარსელონა" 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდებიან, ლეო წელიწადში 32 მილიონ ევროს მიიღებს. ასეთი კონტრაქტი კი ფეხბურთის ისტორიაში არავის ღირსებია.

რონალდოს შემთხვევაში ყველაფერი თითქოს დიდებულად მიმდინარეობდა - მან და "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგეს, რაც ერთად 1958 წლის მერე არ მომხდარა. პირნათელ ვარსკვლავს კი 14,7 მილიონი ევროს დამალვაში ადანაშაულებენ (ესპანეთის პროკურატურის ბრალდებები, კიდევ ერთი საერთოა, რაც ამ ორ ვარსკვლავს აკავშირებს).

მედიაში გავრცელებულმა ხმებმა, რომ ამის გამო რონალდოს ესპანეთის მიტოვება აქვს განზრახული, "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობა პანიკაში ჩააგდო. მესის შემთხვევისგან განსხვავებით, ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდება მოლაპარაკება რონალდოსა და ფლორენტინო პერესს შორის.

რონალდომ ან უნდა მიიღოს ბრალდებები და გადაიხადოს ჯარიმა (ციხეს, როგორც მესი, ისიც აიცილებს), ან იბრძოლოს და წავიდეს ესპანეთიდან. არც ერთი ვარიანტი არ ჩანს უმსხვერპლო. რაც უნდა იყოს, თუ მომავალი სეზონიდან თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლა ლიგაში აღარ იარსებებს, ძალიან სამწუხარო იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს 32 წლის რონალდუმ რაც გააკეთა ნამდვილი ფანტასტიკაა.ასეთი რამ /10 ბურთი ჩლ პლეიოფებში/ ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეტებია.მოკლედ მესიზე ერთი თავით მაღლა დადგა.
ფაქტი
09:27 05-07-2017
0

სიახლეები პოპულარული