ლევან სილაგაძე: კოკომ ფოცხვერიას ფეხი დაარტყა და ისეთი ჩხუბი ატყდა...

AutoSharing Option
ლევან სილაგაძის სახლში ჩამოკიდებულ ბუცებს მოედნის სურნელი ჯერაც არ განელებია. საინტერესო კარიერა ჰქონდა, აწმყო - არანაკლები.

რუსთავული ფეხბურთის გაზრდილმა დიდი გზა გაიარა საქართველოს იმ ნაკრებამდე, სადაც მოხვედრა ძნელი და საპატიო იყო. ერთი ხანობა, კახა ცხადაძის შემცვლელად ითვლებოდა. თუმცა, მისი სანაკრებო კარიერა, რატომღაც, ხანმოკლე გამოდგა.

ბოლო სამი წელი, ლევან სილაგაძე გორის "დილას" მენეჯერი იყო, მამუკა ჯუღელთან ერთად, გუნდის წინსვლა განაპირობა, ქართველი ფეხბურთელების უცხოეთში წასვლაზეც შედეგიანად მუშაობს...

რუსთავში გუნდი ვერ კეთდებოდა
- იყო დრო, რუსთავში ძალიან კარგი ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ამ საქმის ოსტატები ცხონებული
მურმან გოგოლაძე და თამაზ დოდაშვილი იყვნენ. ერთ დროს, ქართულ ფეხბურთში მათი დაწინაურებული ბევრი ფეხბურთელი გამოჩნდა - კახა ცხადაძე, ძმები კილასონიები, ნიკა ტოგონიძე, ზურა არჩვაძე, სანდრო ბურნაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, დიტო არსოშვილი, კახა ალადაშვილი... ბევრი გამომრჩა? გოჩა ჯამარაულსაც მათთან უვარჯიშია. მეც და ჩემი ძმაც მათი გაზრდილები ვართ. შესაძლოა, რუსთაველ გულშემატკივარს ლაშა ახსოვს - ის ნიჭიერი საყრდენი იყო, მაგრამ კარიერა ნაადრევად დაასრულა.

ჯერ იყო "აზოტი", შემდეგ კი "გორდაში" ერთად მივედით მე, სოსო გრიშიკაშვილი, გუბაზ დოლიძე, ცხონებული ზურა ფოფხაძე, ზურა არჩვაძე, სანდრო ბურნაძე, გელა არჩვაძე - დღეს მთაწმინდის გამგებელია, ალეკო რეხვიაშვილი, დათო ჩალაძე, გოგა გახოკიძე, არმაზ ჯელაძე, კახა ალადაშვილი, ჩვენთან დაიწყო კარიერა ლევან კობიაშვილმა.

17 წლის ჭაბუკი ისეთი მოწესრიგებული და სერიოზული იყო და ისე კარგად თამაშობდა, "კოჭებში" ეტყობოდა, მისგან დიდი ფეხბურთელი დადგებოდა...

რუსთავში კარგი თაობებიც იზრდებოდნენ და თბილისთან სიახლოვის გამო, "მეტალურგს" ცნობილი ფეხბურთელებიც ეტანებოდნენ. მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი რომ დაიწყო, მას შემდეგ "მეტალურგს" სულ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, პირველ ორ ჩემპიონატსა და ზურაბ ჯაფარიძისა და ბუბა ტყავაძის პერიოდს თუ არ ჩავთვლით. ჯერ ძმები კაპანაძეების, კილასონიებისა და ფანცულაიას პერიოდი იყო, როდესაც გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მერე კი ჩემი ქალაქის გუნდი საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა.

მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 24 წელიწადია გასული, გუნდი ფინანსურად მშვიდად კი მხოლოდ 6-7 წელი თუ იყო. ძლიერი შემადგენლობა სხვა დროსაც შეკრებილა, მაგრამ ბირთვს ერთ წელსაც ვერ ინარჩუნებდნენ და ნიჭიერი ბავშვებიც სხვაგან გარბოდნენ. რუსთავის საფეხბურთო პოტენციალი დღემდე აუთვისებელია, რაზეც გული ძალიან მწყდება. ბოლოს გორის "დილაში" ვიყავი. მაგრამ გულს სულ მიღრღნიდა ფიქრი, იქნებ რუსთავსაც ეშველოს-მეთქი. იმედია, ამის საშუალება ადრე თუ გვიან მაინც გაჩნდება. რუსთავში გუნდი 1997 წელსაც ვერ შეინარჩუნეს და მე, დათო ჩალაძე და ალეკო რეხვიაშვილი რიგის "სკონტოში" წავედით.

ჩხუბი იტალიელებთან
- ვლადიმერ გუცაევმა ახალგაზრდულ ნაკრებში "სკონტოდან" მიმიწვია, როდესაც ადრე ჩემით არც ინტერესდებოდნენ. პირადად ჩემთვის ეს საუკეთესო მოსაგონარია.

ნაკრების ერთადერთი ჩავარდნა იტალიასთან პირველი მატჩი იყო, რომელიც 0:6 წავაგეთ. პირადად მე პირველი შეხვედრა ინგლისთან ვითამაშე, რომელიც ფრედ დავასრულეთ. იცით, რა გუნდი ჰყავდათ? მეკარე რობინსონი, ფერდინანდი, ჰესკი, ბოუერი... ჟურავსკისა და ფრანკოვსკის პოლონეთთან გასვლაზე 2:2 დავამთავრეთ, შინ კი 5:1 მოვუგეთ. მერე რუსთავში, კიკნაძისა და ქებაძის გოლებით იტალიას 2:0 მოვუგეთ. მიმაჩნია, რომ ამით ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი ფურცელი ჩავწერეთ. იქით იდგა სერია A-ს ის თაობა, ვისაც ნაკრებში ფეხი უნდა შეედგა - კარში ბუფონი, წინ პისტონე, კოკო, ტაკინარდი, ფიორე, ლუკარელი, ლოკატელი...

... იტალიელებთან გუნდური ჩხუბი დღემდე ცხადად მახსოვს. ახლა რა ქვეყანა გვაქვს და წარმოიდგინე, 1997 წელს აქ რას ნახავდნენ? ან იტალიური სტადიონების შემდეგ, რუსთავში რითი გავაოცებდით და ზემოდან გვიყურებდნენ. ვერც წარმოედგინათ, ჩვენთან ქულას თუ დათმობდნენ.

მაგრამ დაიწყო თამაში, 1:0-ს ვუგებთ და გაგიჟდნენ. ერთ-ერთ ჩვეულებრივ სათამაშო ეპიზოდში კოკო ფოცხვერიას ეუხეშა. მიშა გამწარდა და ისეთი დასცხო, ყბა ჩამოუგდო. მერე გუნდური ჩხუბი ატყდა და დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში. ვინ ვის ურტყამდა, აღარ მახსოვს. რაც მთავარია, თამაში მოვუგეთ.

ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში ეს საუკეთესო ხანა იყო. გუცაევმა ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და გვჯეროდა, რომ ჯგუფიდან გასვლაც შეგვეძლო. გვარამაძე კარში მაგრად იდგა, წინ იყვნენ წერეთელი, ხუჯაძე, ცქიტიშვილი, კიკნაძე, ზირაქიშვილი, ქებაძე, აშვეთია, ალექსიძე, დიდავა, დემეტრაძე. კობიაშვილმა და კალაძემ ჩვენთან დაიწყეს და მერე ეროვნულში გადაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილზე გავედით და ინგლისიც და პოლონეთიც ჩამოვიტოვეთ. ინგლისთან ბათუმში 1:0 წავაგეთ. არადა, 7-ჯერ პირისპირ გავედით და ვერ გავუტანეთ. ასეთი უიღბლობა მე სხვაგან არ მინახავს.

მერე ეროვნულშიც ვითამაშე. მაგრამ განსაკუთრებული სტატისტიკა მაინც ვერ დავაგროვე - მხოლოდ 21 მატჩი. სამწუხაროდ, ჩვენმა თაობამ ეს წარმატება ვერ განავითარა და ვერც სერიოზული წარმატებას მივაღწიეთ.

ხალხში იმედი დავაბრუნეთ
- ჩემს კარიერაში რამდენიმე წარმატებულ კლუბში მითამაშია. რუსთავიდან ლატვიაში რევაზ ძოძუაშვილმა წამიყვანა და კარიერა მისი დახმარებით ავიწყვე. "მიხიჩა" ფეხბურთით ცხოვრობს.

მგონი, სიზმრებშიც ფეხბურთს ხედავს. პირველი რიგის "სკონტო" იყო, რომელთანაც ლატვიის ფეხბურთში ახალი ეპოქა ჩავწერეთ. კარგი წინადადებები მქონდა და ვლადიკავკაზის "ალანიაში" მიმიწვიეს. ვალერი გაზაევი ძალიან თბილი ადამიანი და ძალიან მკაცრი მწვრთნელი გამოდგა. მასთან მუშაობით დიდი სკოლა გამოვიარე.

მერე მე და დათო ჩალაძე ყაზანის "რუბინში" გადავედით, პირველი ლიგის ჩემპიონები გავხდით და პირველივე წელს რუსეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ. მაშინ დაიწყო ყაზანში ფეხბურთის განვითარება: "რუბინს" მთელი თათარსტანი ხელისგულზე ატარებდა, უზარმაზარი ფული ჩადეს და ისეთი ბაზა და სტადიონი ააშენეს, ბევრ ევროპულ გრანდს შეშურდება - ბევრგან ვარ ნამყოფი და ვიცი, რასაც ვამბობ. გუნდიც მოღონიერდა.

მაშინ ქართველებს გვიყურებდნენ, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ ხალხს. სხვათა შორის, ჩვენც ვფიქრობდით, რუსეთში წავსულიყავით თუ სხვაგან. არჩევანი ნამდვილად გვქონდა. მაშინ ვიღაცას რომ შემოეთავაზებინა ყაზახეთში ან აზერბაიჯანში თამაში, დაცინვად მივიღებდით. სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი პირიქითაა.

ყურბან ბერდიევი თურქმენი კაცია, მუსულმანი და არ ვიცოდი, რა ადამიანი იყო. ჩასვლისთანავე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნაღდი ინტელიგენტი და ქართველების მოყვარული აღმოჩნდა და ჩვენს შემდეგ "რუბინს" ქართველის გარეშე რომ არ უთამაშია, მისი დამსახურებაა.

მერე თბილისის "დინამოში" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშე. ეს ჩემს საკლუბო კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. მართალია, ჯგუფში ერთი მატჩიც ვერ მოვიგეთ, მაგრამ საქართველოში ფეხბურთის მიმართ იმედგაცრუება მაშინაც იგრძნობოდა და ხალხს სიხარული და იმედი მცირე ხნით

მაინც დავუბრუნეთ. მსგავსი შედეგი ხომ დღემდე საოცნებოდ რჩება.

მაშინდელი "დინამო" "რუბინს" ფინანსურად თუ ჩამორჩებოდა, თორემ მასზე ნაკლები გუნდი არ ყოფილა. გეგუჩაძეს იდეალური სელექცია ჰქონდა, უნიჭიერესი ბავშვები მოდიოდნენ და ბევრმა მერეც გამოავლინა თავი - კანკავამ, გრიგალაშვილმა, ალადაშვილმა, კანდელაკმა, მელქაძემ, დვალმა...

კარიერა ისე დავასრულე, არც ერთ მწვრთნელთან სერიოზული კონფლიქტი არ მომსვლია. იმიტომ, რომ დამნაშავეს სულ ჩემს თავში ვეძებდი. ევროპული ქვეყნებიდან, მხოლოდ ლატვიაში ვითამაშე. არადა, ევროპაში წასვლის დიდი სურვილი მქონდა და "სკონტოში" გამოსვლის პერიოდში დორტმუნდის "ბორუსიაში" გასინჯვაზე მიმიწვიეს.

კოლერი და ზამერი დამტვრეულები იყვნენ და მივხვდი, დიდი დრო დამჭირდებოდა, მათ დონეზე რომ მივსულიყავი. ლატვიიდან ასეთი დონის კლუბში იოლად ჩარიცხვა წარმოუდგენელიცაა. ასე იყო ჩვენს დროსაც კი, როდესაც გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა და ევროპასთან მიახლოებას მაინც ვცდილობდით.

მერე მეორე გერმანული კლუბი გამოჩნდა: ნაკრებმა ამხანაგური მატჩი "კიოლნთან" გამართა, სადაც მაშინ აჩი არველაძე თამაშობდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. სერიოზული წინადადება მქონდა შვეიცარიიდან. მაგრამ რუსეთში დარჩენა ვამჯობინე. მენტალობით და ენით უფრო გასაგები ქვეყანა იყო, თორემ ევროპაში თამაშზე უარს ვინ იტყოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სავიზო საკითხი იყო - მაშინ რუსეთში ვიზის აღება პრობლემას არ წარმოადგენდა.

ფეხბურთში დარჩენა მსურდა...
- ბოლოს აზერბაიჯანში ვითამაშე. მაგრამ ფეხის უმძიმესი ტრავმა მივიღე. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია დავიწყე და მივხვდი, ვეღარ ვითამაშებდი. კარიერის დასრულება ყველაზე მძიმე გადასატანი აღმოჩნდა - საყვარელ საქმიანობას ელევი და ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო. იმან მიშველა, რომ მეც და ჩემს ძმასაც სწავლას ოჯახში მკაცრად გვთხოვდნენ, სკოლა კარგად დავამთავრეთ და განათლება გვქონდა. ცოდნა კი არ დაიკარგება და ოდესმე გამოგადგება.

ფეხბურთში დარჩენა მსურდა, მაგრამ თავიდან მწვრთნელობაზე ვფიქრობდი. სხვათა შორის, ამას რუსთავის "ოლიმპის" ხელმძღვანელობაც მირჩევდა, ყველა საჭირო თვისება გაქვსო და სერიოზულადაც ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, ცხოვრებამ ყველაფერი გამოაჩინა - უსაქმოდ დიდხანს არ გავჩერებულვარ, მამუკა ჯუღელმა გვერდში დამიყენა და მენეჯერობა ვამჯობინე.

მამუკა ჩემზე 9 წლით უფროსია. მაგრამ რიგის "სკონტოში" რომ ვთამაშობდი, ის "ვენტსპილსში" ჩამოვიდა, დავმეგობრდით და მას შემდეგ ჩემი ოჯახის წევრი გახდა. რუსულ მედიაში მასზე ათასი სისულელე დაუწერიათ, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ დღეს არა მხოლოდ საქართველოში, რუსეთშიც გამორჩეული მენეჯერია.

ეს გორის "დილაში" დაამტკიცა, სადაც ორი წელი ერთად ვიმუშავეთ და დამეთანხმებით, რომ დღეს ქართული გუნდის ევროპის ლიგის პლეი ოფამდე ზედიზედ ორჯერ მიყვანა ურთულესი საქმეა.

კიდევ ვინ მოახერხებდა, უცხოეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები რომ ჩამოეყვანა? ჯუღელის ავტორიტეტის გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა.

რეალურად, გამოჩნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე, დიდი საქმე გაკეთდა, გუნდს სტადიონი აუშენეს და რაც მთავარია, ეს საფეხბურთო ქალაქი ისევ ამოძრავდა და ამბიცია დაიბრუნა. გორის "დილაში" აღარ ვმუშაობ, გუნდიდან წამოვედი და ხელმძღვანელობაშიც სხვა ხალხია. მაგრამ, იმედია, ისინი ჩვენზე მეტი წარმატებით იმუშავებენ. მთავარია, "დილას" ბაზა აუშენონ, რაც გუნდის ჩამოყალიბებისთვის ჰაერივით საჭიროა. მე კი, ვფიქრობ, გორში ჩემი მისია შევასრულე.

მამა ილიასთან ფეხბურთზე ხშირად ვლაპარაკობდი
- ყველამ იცის, იტალიაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრისას არქიმანდრიტი ილია კარტოზია რომ გარდაიცვალა. ის ჩემი მოძღვარი იყო. არ გამკვირვებია, საკუთარი ადგილი ბავშვიან ქალს რომ დაუთმო - გაცნობის დღიდან, მამა ილია ჩემთვის კეთილშობილების განსახიერება გახდა.
2011 წელს სვეტიცხოველში გავიცანი და მისი სულიერი შვილი ვიყავი. ხშირი და თბილი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ, მისმა გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

იცით, რით დამამახსოვრა თავი? ახალგაზრდა კაცი კი იყო, მაგრამ ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული პიროვნება გახლდათ, მომადლებული იუმორიც ჰქონდა. მაგრამ ყველაზე მეტად ასაკისთვის უჩვეული სიბრძნით მაოცებდა. ამ ყველაფრის გამო, მრევლს თავი უზომოდ შეაყვარა.
სხვათა შორის, ფეხბურთის მოყვარულიც გახლდათ და ერთხელ ბურთი ვაჩუქე.

საერთოდ, ამ თემაზე ძალიან ხშირად გვილაპარაკია და სულ მეკითხებოდა, რა სჭირს ჩვენს ფეხბურთსო... მე რომ გორის "დილაში" ვმუშაობდი, ჩვენი გუნდის დიდი გულშემატკივარი გახდა. მოუცლელობის გამო, თამაშებზე ვერ დადიოდა, მაგრამ ყოველ მოგებას მილოცავდა და ვიცოდი, რომ დიდი გულშემატკივარი გვყავდა.

საწყენია, ასე ახალგაზრდულ ასაკში რომ დაასრულა სიცოცხლე...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული