მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია დასრულდა, წინ მოსკოვია!

AutoSharing Option
2012 წლის ოლიმპიადიდან ერთი წლის თავზე, ლონდონში "ბრილიანტის ლიგის" ორდღიანი ეტაპი ჩატარდა. ეს იყო მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ ბოლო სტარტი და შემოწმდა სეზონის მთავარი სტატისთვის ფავორიტების მზადყოფნა.

100 მეტრი
პირველ დღეს, მთავარი მოვლენა მამაკაცთა სპრინტი იყო, რადგან სარბენ ბილიკზე უნდა გამოჩენილიყო უსაინ ბოლტი. იამაიკელმა ტრადიციას არ უღალატა და სტარტი არ გამოუვიდა. ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე გაცილებით კარგი რეაქცია ნესტა კარტერსა და მაიკლ როჯერს ჰქონდათ და ისინი წინ გაიჭრნენ. მაგრამ ბოლტმა თავისი კოსმოსური სიჩქარე დისტანციის მეორე ნახევარზე ჩართო და ძალიან დამაჯერებლად გაუსწრო
კონკურენტებს - 9.85 წამი. წელს, ამაზე სწრაფად მხოლოდ ერთმა სპრინტერმა - ტაისონ გაიმ ირბინა, მაგრამ ჩავარდნილი დოპინგ-ტესტის გამო, ამერიკელის შედეგები სათვალავში აღარ მიიღება. რაც შეეხება ლონდონის გარბენს, როჯერსი მეორე იყო, კარტერი - მესამე. ორივენი 10 წამიდან გამოვიდნენ - 9.98 და 9.99 შესაბამისად.

საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ქალებს შორის მოკლე სპრინტში. ნახევარფინალში შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა ძალიან სწრაფი სირბილი აჩვენა და ტურნირის რეკორდი დაამყარა - 10.77 წამი. მაგრამ ფინალში იამაიკელი იგივე დონეზე ვერ გამოვიდა, 17 მეასედი წამით ნელი იყო და მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. გამარჯვება კი ნიგერიელმა ბლესინგ ოკაგბარემ მოიპოვა, რომელსაც უდიდესი პროგრესი აქვს სპრინტში. ლონდონში მან აფრიკის რეკორდი განაახლა - 10.79 წამი. ბლესინგს მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი გეგმები აქვს - ის ლიდერია სიგრძეზე ხტომაში და არ დაუკარგავს შანსები 200 მეტრ დისტანციაზე.

200 მეტრი
მამაკაცებს შორის გრძელ სპრინტში ბოლტი არ გამოდიოდა, გამარჯვება კი იამაიკელმა უორენ უეირმა მოიპოვა, რომელიც ამ დისციპლინაში ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს და მოსკოვში მედლის პრეტენდენტი იქნება. ბრიტანეთის დედაქალაქში უორენმა მეორე იამაიკელს ჯეისონ იანგს აჯობა. ორივეს დრო 20 წამზე ნაკლები იყო (19.98 - უეირი, 19.99 - იანგი).

მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტამდე ორი კვირით ადრე, თავი შეგვახსენა ელისონ ფელიქსმა, რომელმაც 200 მეტრი მოიგო, თუმცა სახელოვანი ამერიკელის შედეგი საკმაოდ მოკრძალებულია – 22.41 წამი. სეზონის ლიდერი ამ დისტანციაზე უკვე ნახსენები ფრეიზერ-პრაისია – 22.13. შეგახსენებთ, რომ ფელიქსს სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი 200 მეტრზე, თუმცა ბოლო პირველობაზე კორეაში მხოლოდ მესამე იყო.

ჭოკით ხტომა
მეორე დღეს ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ფრანგ რენო ლავილენის ჰქონდა. ის უკვე დიდი ხანია ითვლება მამაკაცთა შორის ჭოკით ხტომაში ლიდერად. მართალია, ფრანგმა მსოფლიოს წინა ჩემპიონატი ვერ მოიგო, სამაგიეროდ, ლონდონის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. სრული კოლექციისთვის მას მხოლოდ პლანეტის პირველობის მოგება არ ჰყოფნის და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მოსკოვში გამარჯვება სწორედ მას დარჩება.

ლონდონში ლავილენიმ შესანიშნავი მზადყოფნა აჩვენა. ლონდონში მან 5.84 და 5.91 მეტრი აიღო, მისი კონკურენტი ბიორნ ოტო კი მხოლოდ 5.77-ზე გაჩერდა. ფრანგმა უკვე გამარჯვებულის რანგში აღფრთოვანებაში მოიყვანა პუბლიკა, როცა 6.02 მეტრი დაიპყრო. ლავილენის ერთხელ ჰქონდა ერთი სანტიმეტრით მაღალი ნახტომი, ოღონდ ის დარბაზში განხორციელდა, ღია არენაზე კი ეს მისი პირადი რეკორდია. ცნობისთვის, ისტორიაში მხოლოდ შვიდ მძლეოსანს აუღია 6.01 მეტრზე მეტი სიმაღლე.

ამავე დისციპლინაში ქალებს შორის ლიდერის რანგში ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატს კუბელი იარისლეი სილვა, რომელმაც ლონდონში დაადასტურა თავისი სტატუსი, როცა ძალიან ძლიერ კომპანიაში მოიგო. მისი მეტოქეები იყვნენ ანა როგოვსკა, სილკე შპიგელბურგი, ფაბინა მიურერი და ჯენიფერ შური. არ იყო მხოლოდ ელენა ისინბაევა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში გამოდიოდა.

სილვამ პირველ ცდაზე 4.83 მეტრი აიღო. იგივე ვერ გააკეთა ვერც ერთმა მისმა კონკურენტმა, რის შემდეგაც, კუბელმა ძალების დაზოგვა გადაწყვიტა და ჭოკი ხელში აღარ აუღია.

სიმაღლეზე ხტომა
ჩვენ უკვე ვწერდით მძლეოსნობის ახალი ვარსკვლავის, უკრაინელი ბოგდან ბონდარენკოს პროგრესის შესახებ. ლონდონში ყველა მოუთმენლად ელოდა მისი და კატარელი მუთაზ ბარშიმის დუელს, მაგრამ აზიელს იმ დღეს საერთოდ არაფერი გამოუვიდა და 2.28 მეტრზე დაასრულა გამოსვლა. ბონდარენკომ კი სწორედ ამ სიმაღლით დაიწყო ასპარეზობა. მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ერიკ კაინარდი, რომელმაც ასევე აიღო 2.28. შემდეგ მათ გამოტოვეს 2.31 მეტრი, რაც ერთგვარ სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ ორივემ დამაჯერებლად გადალახა 2.34 მეტრი. ბონდარენკომ ისევ გამოტოვა შემდეგი სიმაღლე – 2.36, კაინარდმაკი ეს მაჩვენებელი პირველივე ცდაზე დააფიქსირა. უკრაინელი არ აღელვებულა და 2.38 მეტრის აღებით ლიდერი გახდა. ახლა უკვე ამერიკელმა მიმართა ტაქტიკურ ხრიკს და 2.40 შეუკვეთა, მაგრამ სამივე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბონდარენკომ გამარჯვებულის რანგში ევროპის რეკორდი – 4.43 მოითხოვა. პირველივე ცდიდან ჩანდა, რომ მას შეეძლო ამ სიმაღლის აღება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მეორედ მიეტანა იერიში, მომდევნო ორი ცდა 2.47 მეტრზე გადაიტანა! ეს ორი სანტიმეტრით მაღალია კუბელი ხავიერ სოტომაიორის 20 წლის წინანდელ რეკორდზე. ბონდარენკო ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მსოფლიოს რეკორდი შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, უკრაინელმა ბრწყინვალე მზადყოფნა აჩვენა და თუ ის ამ ფორმას შეინარჩუნებს, მოსკოვში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იქნება.

სხვა სტარტები
ქალებს შორის 400 მეტრზე თარჯრბენში ჩეხი სიუზანა გეინოვა აგრძელებს მოგებათა სერიას – მან “ბრილიანტის ლიგაზე” ზედიზედ მეხუთე ეტაპი მოიგო. ასეთი დომინირების მიუხედავად, დიდი ხანი სეზონის ლიდერი იყო კორი კარტერი, მაგრამ ამჯერად, გეინოვამ ჩამოართვა მას საუკეთესო შედეგი – 53.07! თავად კარტერმა ლონდონის გარბენში მეოთხე დრო აჩვენა.

400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გრანადელი კირანი ჯეიმსი შესანიშნავ ფორმაშია. მართალია, მას სტარტი არ გამოუვიდა, მაგრამ ბოლო ვირაჟზე დამაჯერებლად მოიპოვა ლიდერობა და ბოლომდე შეინარჩუნა პირველი ადგილი - 44.65.

ქალებს შორის ბირთვის კვრაში უკონკურენციოა ახალი ზელანდიელი ვალერი ადამსი. მის მიერ შესრულებული ექვსი ცდიდან ნებისმიერს შეეძლო კუნძულელისთვის გამარჯვების მოტანა. თან ექვსივე ცდაზე მან 20 მეტრზე შორს გასტყორცნა ბირთვი, იმ დროს, როცა უახლოესი კონკურენტის კრისტინა შვანიცის შედეგი მხოლოდ 19.74 მეტრი იყო. თავად ადამსმა 20.90 აჩვენა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგი და ტურნირის ახალი რეკორდია.

ავსტრალიელმა სალი პირსონმა შეძლო დამარცხებათა სერიის შეწყვეტა. ის ტრავმის შემდეგ ძალიან არასტაბილურად გამოდიოდა, ლონდონში კი სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა 110 მეტრზე თარჯრბენში – 12.66.

შაბათს გაიხარეს ბრიტანელებმა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მო ფარა 3000 მეტრზე გარბოდა, რომელიც არ შედის მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამაში. წარმოშობით სუდანელმა შესანიშნავი ფორმა დააფიქსირა. ერთი კვირის წინ, მან ევროპის რეკორდი დაამყარა 1500 მეტრზე სირბილში, ამჯერად კი ყველა გაანადგურა ორჯერ გრძელ დისტანციაზე – უახლოეს მდევარს ექვს წამზე მეტი მოუგო.

“ბრილიანტის ლიგის” ამ ეტაპზე ბრიტანელებს კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავდათ – ქალებს 400 მეტრი მოიგო კრისტინ ოჰუროგუმ.

გაი საბოლოოდ ჩავარდა
ამერიკელი სპრინტერის ტაისონ გაის განმეორებითმა დოპინგ-სინჯმა ასევე დადებითი შედეგი დააფიქსირა, - იტყობინება აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტო.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გაისგან აღებულმა "B" სინჯმა დაადასტურა პირველი ანალიზის შედეგი", - განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტაიგარტმა.

სხვათა შორის, წლევანდელი სეზონის მსვლელობისას, ამერიკელი სპრინტერი რამდენჯერმე იყო ინფორმირებული ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დადებითი დოპინგ-სინჯის შესახებ. ის ფაქტი, რომ სპორტსმენი არ მალავდა აკრძალული პრეპარატების მიღებას იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გაიმ არ იცოდა თუ დოპინგს იღებდა.

როგორც იცით, ამ სეზონში გაიმ აშშ-ის რეკორდი დაამყარა, როცა 100 მეტრი დისტანცია 9.69 წამში გაირბინა. დოპინგის მიღებაში მხილების შემდეგ, მან უარი განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე, რომელიც 10 აგვისტოს მოსკოვში დაიწყება.

Sportall.Ge

სემენია მსოფლიოზე ვერ მოხვდა
მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გამოვა სამხრეთაფრიკელი მორბენალი ქალი კასტერ სემენია - მან 800 მეტრზე სირბილში საკვალიფიკაციო ნორმატივი ვერ გადალახა.

ლონდონის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა დისტანცია 2 წუთსა და 1.86 წამში დაფარა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საჭირო იყო მინიმუმ 2 წუთისა და 1.50 წამის დაფიქსირება.

შარშანდელი ოლიმპიადის შემდეგ, სამხრეთაფრიკელს პრაქტიკულად მონაწილეობა არ მიუღია ტურნირებში ფეხის ტრავმის გამო, რომელიც რეგულარულად აწუხებს სპორტსმენს.

სემენია 2009 წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 2011 წელს გამართულ პლანეტის პირველობაზე კი ვერცხლის მედალი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტი დოპინგს უარყოფს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული