მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: გადამწყვეტი მატჩების წინ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინიშის სწორზე გავიდა. ევროპაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა.

11 ოქტომბრის სათამაშო დღის შემდეგ, შესაძლოა, ბევრ ჯგუფში ყველაფერი გაირკვეს ან პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო ჩაიხლართოს და დაიძაბოს...

A ჯგუფი
მთავარი მატჩი ზაგრებში და ბელამის გამოსათხოვარი


ხორვატია-ბელგია 20:00
სავარაუდო შემადგენლობები:
ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოშა - სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, სტრინიჩი - ვუკოიევიჩი, მოდრიჩი - ედუარდო, რაკიტიჩი, ოლიჩი - მანჯუკიჩი
ბელგია (4-3-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, ვერტონგენი, ლომბერტსი - ვიტსელი, ფელაინი, დეფური - აზარი, მერტენსი - ლუკაკუ

ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული მატჩი ზაგრებში გაიმართება, სადაც ხორვატიის ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს.

ხორვატები მეტოქეს ხუთი ქულით ჩამორჩებიან და იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნონ, დღეს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. ბელგიის ნაკრებს კი მუნდიალის საგზურის მისაღებად ფრეც ჰყოფნის.

სტუმრები ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდებიან - ტრავმირებულნი არიან: ვენსან კომპანი, კრისტიან ბენტეკე, მუსა დემბელე და მარუან ფელაინი. პირველი ორი ნამდვილად ვერ ითამაშებს, დემბელეს და ფელაინის ასპარეზობის შანსი კი არის, თუმცა საკმაოდ მცირე.

მიუხედავად ამისა, მარკ ვილმოტსს მაინც ძალიან ძლიერი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. შესაბამისად, ბელგიას ნამდვილად ვერ ჩამოვწერთ. დანაკლისი აქვს ხორვატიასაც, თუმცა გაცილებით მცირე - სერბეთთან შეხვედრაში გაძევებული იოსიპ შიმუნიჩი დისკვალიფიცირებულია.

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა, რომელიც ბელგიაში გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შედეგის გამეორების შემთხვევაში, ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ერთი ტურით ადრე გაინაღდებს, ხოლო თუ დამარცხდა, ვილმოტსის გუნდს ბოლო ტურში უელსთან ქულის აღება მაინც არ უნდა გაუჭირდეს.

აქვე გეტყვით, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს, რომელსაც უკეთესი ბურთების სხვაობა ექნება.

უელსი-მაკედონია 22:45
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბოლო ადგილზე მყოფი უელსი მაკედონიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე პოზიციაზე გადავა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანელები ბოლო ტურში ბელგიაში ითამაშებენ, ეს მატჩი მათთვის ბოლო პოზიციისთვის თავის დაღწევის უკანასკნელი შანსია.

ამ შეხვედრაში ითამაშებს კრეიგ ბელამი, რომელიც თანამემამულეების წინაშე უელსის ნაკრების მაისურით ბოლოჯერ გაირჯება, ბელგიასთან მატჩის შემდეგ კი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 8 7 1 0 15-2 22
2. ხორვატია 8 5 2 1 11-5 17
3. სერბეთი 9 3 2 4 13-10 11
4. შოტლანდია 9 2 2 5 6-12 8
5. მაკედონია 8 2 1 5 6-10 7
6. უელსი 8 2 0 6 7-19 6

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
სერბეთი-მაკედონია, ბელგია-უელსი, შოტლანდია-ხორვატია

B ჯგუფი
იტალიელები "პარკენზე"


იტალიას მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და ამ ჯგუფში მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიდის. არის შანსი, რომ ბოლოსწინა ტურის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყოს. ამისთვის საჭიროა, რომ ბულგარეთმა სომხეთში იმარჯვოს, ხოლო იტალიამ დანიასთან არ წააგოს.

მალტა-ჩეხეთი 21:30
ამ შემთხვევაში ჩეხეთი, რომელიც მალტას, რა თქმა უნდა, მოუგებს, ყველანაირ შანსს დაკარგავს, დანიას კი მხოლოდ თეორიული შანსი შერჩება; ხოლო თუ დანია დამარცხდა, მაშინ ბულგარეთი მეორე ადგილს ერთი ტურით ადრე გაინაღდებს.

სომხეთი-ბულგარეთი 19:00
თეორიული შანსი აქვს სომხეთსაც - ვარდან მინასიანის შეგირდებმა ორივე მატჩი უნდა მოიგონ, თუმცა, თუ ბულგარეთთან ეს შესაძლებელია, ბოლო ტურში, იტალიაში გამარჯვება ფანტასტიკის სფერო უფროა, ვიდრე რეალობა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლები ერევანში ბოლომდე იბრძოლებენ და ბულგარეთს იოლი მატჩი ნამდვილად არ ელის.

დანია-იტალია 22:15
სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-3-3): ანდერსენი - ზიმლინგი, კიაერი, აგერი, ბოილესენი - ერიკსენი, კვისტი, კრონ-დელი - ფიშერი, ბენდტნერი, ბრაიტვეიტი
იტალია (3-4-1-2): ბუფონი - ასტორი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პირლო, მონტოლივო, ჯაკერინი - დიამანტი - ჯ. როსი, ოსვალდო

ჯგუფის მთავარი შეხვედრა კი კოპენჰაგენში გაიმართება, სადაც "პარკენის" სტადიონზე სათამაშოდ იტალიის ნაკრები ჩავა.

ეს არენა "სკუადრა აძურას" ბევრი ფეხბურთელისთვის ნაცნობი და არცთუ ისე სასიამოვნოდ მოსაგონია - "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა აქ წელსაც ითამაშეს ("კოპენჰაგენთან") და შარშანაც ("ნორდსიელანდთან"), თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

მასპინძლებს დანაკლისი არ აქვთ - ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მორტენ ოლსენმა გამოიძახა, მწყობრშია. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ჩეზარე პრანდელის გუნდის ბანაკშიც, უბრალოდ, მცირე ტრავმის გამო თითქმის გამოირიცხა მარიო ბალოტელის თამაში.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 8 6 2 0 15-5 20
2. ბულგარეთი 8 3 4 1 13-6 13
3. დანია 8 3 3 2 9-10 12
4. ჩეხეთი 8 2 3 3 8-8 9
5. სომხეთი 8 3 0 5 8-10 9
6. მალტა 8 1 0 7 4-18 3

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
ბულგარეთი-ჩეხეთი, დანია-მალტა, იტალია-სომხეთი

C ჯგუფი
არც ერთია შვედი და არც მეორე ავსტრიელი

გერმანია-ირლანდია 22:45
გერმანიას პირველი ადგილი ჯერ არ გაუნაღდებია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, იოახიმ ლიოვის შეგირდებმა ზედიზედ ორი მატჩი წააგონ და მუნდიალის საგზური შვედეთს დაუთმონ.

ამ ტურში ალემანები ირლანდიას მასპინძლობენ და დიდი ალბათობით, პირველ ადგილსაც სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაინაღდებენ - ამისთვის ბუნდესგუნდს ქულაც ეყოფა.

ირლანდიელები ჯოვანი ტრაპატონის გადადგომის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებენ. გუნდს დროებითი მთავარი მწვრთნელი, ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი ნოელ კინგი გაუძღვება, რომელმაც შემადგენლობა დიდად არ შეცვალა და შეკრებაზე იმ ფეხბურთელებს უხმო, ვისაც იტალიელი მაესტრო ენდობოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი, რომელიც დუბლინში გაიმართა, მასპინძლების შერცხვენით და განადგურებით დასრულდა - ირლანდიამ 1:6 წააგო.

შვედეთი-ავსტრია 22:45
სოლნაში კი ერთმანეთს შვედეთი და ავსტრია ხვდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში ერიკ ჰამრენის შეგირდები მეორე ადგილს გაინაღდებენ, ხოლო თუ სასწაული მოხდა და გერმანიამ წააგო, პირველი ადგილის დაკავების შანსსაც შეინარჩუნებენ, რადგან ბოლო ტურში შვედეთი სწორედ ლიოვის სამწყსოს მასპინძლობს.

გამარჯვებისთვის ითამაშებს ავსტრია, რომელიც ბოლო ტურში ფარერებს უნდა ესტუმროს, საიდანაც სამ ქულას აუცილებლად წამოიღებს.

გუნდები შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან. ასე რომ, წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი გველის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ზლატან იბრაჰიმოვიჩის და "პატარა იბრას", მარკო არნაუტოვიჩის დაპირისპირება. როგორც იტყვიან: არც ერთია შვედი და არც მეორე ავსტრიელი - ორივე ბედკრული ბოსნიის შვილები იყვნენ...

ფარერები-ყაზახეთი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 8 7 1 0 28-7 22
2. შვედეთი 8 5 2 1 14-8 17
3. ავსტრია 8 4 2 2 16-8 14
4. ირლანდია 8 3 2 3 13-13 11
5. ყაზახეთი 8 1 1 6 4-17 4
6. ფარერები 8 0 0 8 3-25 0

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
ირლანდია-ყაზახეთი, შვედეთი-გერმანია, ფარერები-ავსტრია

D ჯგუფი
ჰოლანდია როგორც მოისურვებს

ამ ჯგუფში ბევრი რამ უკვე მუნდიალის საგზურის მქონე ჰოლანდიის ნაკრების განწყობასა და სურვილზეა დამოკიდებული. "ორანიე" უნგრეთს ხვდება, ბოლო ტურში კი მადიარების კონკურენტს, თურქეთს სტუმრობს.

ამ ყველაფრის გამო, თუ ჰოლანდიამ მეტოქეებს ქულები დააკარგვინა, მეორე ადგილის დაკავების საუკეთესო შანსს რუმინეთი მიიღებს, რომელსაც შედარებით იოლი მატჩები ელის - 11 ოქტომბერს ანდორასთან, 15-ში კი შინ ესტონეთთან.

ჰოლანდია-უნგრეთი 22:30
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სატურნირო მოტივაცია აღარ აქვს, ლუის ვან გაალმა მაინც საბრძოლო შემადგენლობას უხმო და უნდა ვივარაუდოთ, რომ უნგრეთთან და თურქეთთან ჰოლანდიელები თავს არ დაზოგავენ.

ზოგადად, ყველაფერი უნგრეთის ხელშია - შანდრო ეგერვარის შეგირდებმა ორივე მატჩი უნდამ მოიგონ. ამ შემთხვევაში, უნგრეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე 1986 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

ანდორა-რუმინეთი 22:30
თუ 11 ოქტომბერს მადიარებმა ქულები დაკარგეს (რაც მოსალოდნელია), ბრაზილიაში გამგზავრების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდება.

ესტონეთი-თურქეთი 22:30
იოლი მატჩი არც თურქეთს ელის - ესტონეთმა სექტემბერში ქულები ჰოლანდიას დააკარგვინა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ ქულის და ანდორასთან მოგებული ორი მატჩის გარდა, ესტონელებმა ყველა შეხვედრა წააგეს.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 8 7 1 0 24-4 22
2. უნგრეთი 8 4 2 2 18-12 14
3. თურქეთი 8 4 1 3 14-7 13
4. რუმინეთი 8 4 1 3 13-12 13
5. ესტონეთი 8 2 1 5 6-16 7
6. ანდორა 8 0 0 8 0-24 0

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
უნგრეთი-ანდორა, რუმინეთი-ესტონეთი, თურქეთი-ჰოლანდია

E ჯგუფი
ისლანდიის ისტორიული შანსი
ალბანეთი-შვეიცარია 22:30
შვეიცარია ცალი ფეხით ბრაზილიაშია, აი, მეორე ადგილისთვის კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა მოსალოდნელი. ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდები ალბანეთს ხვდებიან, რომელიც მეხუთე ადგილზე კი არის, მაგრამ ისლანდიას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ისლანდია-კვიპროსი 22:45
თავის მხრივ, კუნძულელები მეორე კუნძულოვანი სახელმწიფოს წარმომადგენელს, კვიპროსს მასპინძლობენ და ფავორიტებადაც ითვლებიან.

შვედეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ლარს ლაგერბეკს ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს - გილფი სიგურდსონი, კოლბეინ სიგტორსონი, ალფრედ ფინბოგასონი, ეიდურ გუდიონსენი, იოჰან გუდმუნდსონი, არონ გუნარსონი - ყველა ეს ფეხბურთელი მწვრთნელის განკარგულებაშია და ისლანდიის საფეხბურთო ისტორიაში ახალი ფურცლის ჩასაწერად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის ნაკრებს მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია.

სლოვენია-ნორვეგია 22:45
მეორე ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს ნორვეგიასაც - ორი მოგების შემთხვევაში, სკანდინავიელები მიზანს ნამდვილად მიაღწევენ, რადგან ბოლო ტურში სწორედ ისლანდიას მასპინძლობენ.

მოკლედ, ამ ჯგუფში აბსოლუტური თანაფარდობაა და ყველაფერი 15 ოქტომბერს გაირკვევა, ოღონდ, თუ 11 ოქტომბერს ისლანდიამ მოიგო, ალბანეთმა ვერ იმარჯვა, ხოლო ნორვეგია-სლოვენია ფრედ დასრულდა, ისლანდიას, მეორე ადგილის დასაკავებლად, ბოლო ტურში უმოტივაციო ნორვეგიასთან ქულაც ეყოფა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 8 5 3 0 14-5 18
2. ისლანდია 8 4 1 3 14-14 13
3. სლოვენია 8 4 0 4 11-10 12
4. ნორვეგია 8 3 2 3 9-9 11
5. ალბანეთი 8 3 1 4 8-9 10
6. კვიპროსი 8 1 1 6 4-13 4

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
კვიპროსი-ალბანეთი, ნორვეგია-ისლანდია, შვეიცარია-სლოვენია

F ჯგუფი
რუსეთის პოულ-პოზიცია
ლუქსემბურგი-რუსეთი 22:30
პორტუგალიამ რუსეთის ნაკრებს იმდენი საჩუქარი გაუკეთა, რომ მიუხედავად ორი მარცხისა, ფაბიო კაპელოს გუნდი მაინც პირველ ადგილზეა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სლავები ამ პოზიციას არც დათმობენ, რადგან წინ ორი საკმაოდ იოლი მატჩი ელით - 11 ოქტომბერს ლუქსემბურგთან და 15-ში აზერბაიჯანთან.

მართალია, ორივე მატჩს კაპელოს შეგირდები სტუმრად გამართავენ, მაგრამ ეს სიტუაციას დიდად არ უნდა ცვლიდეს.

პორტუგალია-ისრაელი 23:45
პორტუგალია იმ ისრაელს ხვდება, რომელსაც მეორე ადგილის დაკავების თეორიული შანსი აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ტურში პირინეელები ლუქსემბურგს მასპინძლობენ, მივხვდებით, რომ ისრაელის შანსი მართლაც თეორიულია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ ჯგუფში, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაწყვეტილია - პორტუგალიას პლეი ოფს მხოლოდ სასწაული თუ აარიდებს.

აზერბაიჯანი-ჩრდ. ირლანდია 20:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 8 6 0 2 15-4 18
2. პორტუგალია 8 5 2 1 16-8 17
3. ისრაელი 8 3 3 2 17-12 12
4. ჩრდ. ირლანდია 8 1 3 4 8-14 6
5. ლუქსემბურგი 8 1 3 4 7-19 6
6. აზერბაიჯანი 8 0 5 3 4-10 5

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
აზერბაიჯანი-რუსეთი, ისრაელი-ჩრდ. ირლანდია, პორტუგალია-ლუქსემბურგი

G ჯგუფი
ორი ბედაურის დოღი
აქაც წინა ჯგუფის მსგავსი სიტუაციაა - ბოსნია ფავორიტია, საბერძნეთი კი მდევარი, რომელიც იმედოვნებს, რომ კონკურენტი ორიდან ერთ მატჩს ვერ მოიგებს. დღეს ეს გამორიცხულია, რადგან ბოსნია ლიხტენშტაინს მასპინძლობს.

შედარებით რთული შეხვედრა საფეტ სუშიჩის შეგირდებს ბოლო ტურში, ლიტვაში ელით.

ბოსნია-ლიხტენშტაინი 22:00
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან მუნდიალზე გასვლის საუკეთესო შანსი სწორედ ბოსნიას აქვს და საეჭვოა, მათ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან, მით უმეტეს, რომ ყველა ლიდერი მწყობრშია - ედინ ჯეკო, ვედად იბიშევიჩი, ზვეზდან მისიმოვიჩი, მირალემ პიანიჩი, სეად სალიჰოვიჩი, და სხვები - ეს ფეხბურთელები მთელი ციკლის განმავლობაში შესანიშნავად თამაშობდნენ და ნამდვილად მოულოდნელი იქნება, თუ ეს გუნდი ბრაზილია 2014-ის საგზურს ვერ მიიღებს.

საბერძნეთი-სლოვაკეთი 22:30
ბერძნებს დასაკარგი არაფერი აქვთ. ფერნანდო სანტუშის შეგირდებმა ორივე მატჩი უნდა მოიგონ და 15-ში ლიტვას უქომაგონ.

ლიტვა-ლატვია 19:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 8 6 1 1 25-5 19
2. საბერძნეთი 8 6 1 1 9-4 19
3. სლოვაკეთი 8 3 3 2 9-7 12
4. ლიტვა 8 2 2 4 7-10 8
5. ლატვია 8 2 1 5 8-16 7
6. ლიხტენშტაინი 8 0 2 6 3-19 2

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
საბერძნეთი-ლიხტენშტაინი, ლიტვა-ბოსნია, ლატვია-სლოვაკეთი

H ჯგუფი
უშველის ფეხბურთის სამშობლოს საკუთარი კედლები?
ინგლისი-ჩერნოგორია 23:00
სავარაუდო შემადგენლობები:
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოკერი, კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი - ჯერარდი, უილშირი - მილნერი, რუნი, უელბეკი - სტარიჯი
ჩერნოგორია (4-4-2): პოლეკსიჩი - მ. იოვანოვიჩი, ჯუდოვიჩი, სავიჩი, ვოლკოვი - ზვეროტიჩი, დრინჩიჩი, კრკოტიჩი, ბოშკოვიჩი - ბეჩირაი, იოვეტიჩი

ინგლისის ნაკრებს რთული მეტოქეები კი ჰყავს, მაგრამ ბრიტანელები ორივე მატჩს საკუთარ მოედანზე ატარებენ. ჩერნოგორიის შემდეგ როი ჰოჯსონის შეგირდები პოლონეთს მასპინძლობენ და თუ ორივე შეხვედრაში იმარჯვეს, მათ პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება.

ჩერნოგორიამ შესარჩევი ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში გუნდმა აშკარად მოუკლო და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითა. ინგლისთან მატჩის წინ ბრანკო ბრნოვიჩს საფიქრალი მოემატა - გუნდის ლიდერებს, მირკო ვუჩინიჩს, მარკო ბაშას და მლადენ ბოჟოვიჩს ტრავმები აწუხებთ და მათი თამაში საეჭვოა.

ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა ინგლისის ნაკრებში, რომელსაც მხოლოდ ეშლი კოული და გლენ ჯონსონი არ ეყოლება, თუმცა მათ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლეიტონ ბეინსი და კაილ უოკერი შეცვლიან.

აქვე დავამატოთ, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში სულ სამი მატჩი აქვთ გამართული და სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

უკრაინა-პოლონეთი 22:00
ჯგუფის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი ხარკოვში გაიმართება - უკრაინა პოლონეთს უმასპინძლებს.

ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მწვრთნელის, მიხაილ ფომენკოს შეგირდები საკმაოდ კარგ მდგომარეობაში არიან - უკრაინა მეორე ადგილის დაკავების შანსს წაგების შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებს, რადგან ბოლო ტურში სან მარინოს მასპინძლობს, პოლონეთმა კი ინგლისში უნდა ითამაშოს.

თუ 11 ოქტომბერს ინგლისმა და უკრაინამ იმარჯვეს, გასარკვევი მხოლოდ პირველადგილოსნის ვინაობა იქნება.

მოლდოვა-სან მარინო 20:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 4 4 0 25-3 16
2. უკრაინა 8 4 3 1 19-4 15
3. ჩერნოგორია 8 4 3 1 15-8 15
4. პოლონეთი 8 3 4 1 18-9 13
5. მოლდოვა 8 1 2 5 4-15 5
6. სან მარინო 8 0 0 8 1-43 0

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
სან მარინო-უკრაინა, ჩერნოგორია-მოლდოვა, ინგლისი-პოლონეთი

I ჯგუფი
საქართველომდე
ესპანეთი-ბელორუსი 00:00
ჩვენს ჯგუფში 11 ოქტომბერს მხოლოდ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს. ესპანეთი ბელორუსს მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში მუნდიალისკენ გიგანტურ ნაბიჯს გადადგამს - პირველი ადგილის დასაკავებლად ბოლო ტურში საქართველოსთან ქულაც ეყოფა.

საინტერესოა, ითამაშებენ თუ არა მიჩუ და ალბერტო მორენო - "სუონსის" შემტევი და "სევილიას" ახალგაზრდა მცველი ვისენტე დელ ბოსკემ პირველად გამოიძახა.

სპეციალისტების აზრით, მათ პოზიციებზე ძირითად შემადგენლობაში ალვარო ნეგრედო და ნაჩო მონრეალი უნდა იყვნენ. კარი კი იკერ კასილიასმა უნდა დაიცვას და ეს მიუხედავად იმისა, რომ "რეალში" მას სათამაშო პრაქტიკა აკლია.

დონ ვისენტეს არაერთხელ უთქვამს, რომ ის იკერს ბოლომდე ენდობა და იმ შემთხვევაშიც გამოიძახებს, თუ "სამეფო კლუბში" ზედიზედ 10-ჯერ სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 4 2 0 10-2 14
2. საფრანგეთი 7 4 2 1 12-6 14
3. ფინეთი 7 2 3 2 5-6 9
4. საქართველო 7 1 2 4 3-8 5
5. ბელორუსი 7 1 1 5 6-14 4

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
საფრანგეთი-ფინეთი, ესპანეთი-საქართველო

ბომბარდირები: 8 - ჯეკო (ბოსნია), ვან პერსი (ჰოლანდია); 6 - ჰემედი (ისრაელი), იბიშევიჩი (ბოსნია), იოზილი (გერმანია); 5 - იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), კინი (ირლანდია), ელდერ პოშტიგა (პორტუგალია), ალაბა (ავსტრია), როისი (გერმანია), რუნი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული