ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ქართველების მძიმე ბადე რუსეთში

AutoSharing Option
21 აპრილს რუსეთში, თათრეთის მთავარქალაქ ყაზანის "ტატარნეფტ არენაზე" ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი იწყება ძიუდოში, რომლის წილისყრამაც მთელ რიგ წონებში არ გაგვიმართლა, თუმცა, ცხადია, არის გამონაკლისებიც.

მაგალითად, გაუმართლა ამირან პაპინაშვილს (60), რადგან არ გამოდის რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი და მისთვის უხერხული მეტოქე ბესლან მუდრანოვი.

ჩვენი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი სლოვენიელ მატიას ტრბოვცსა და ფინელ იუჰო რაინვალის შორის გამარჯვებული იქნება. ამავე ჯგუფშია ბრიტანელი ევროპის მესამე პრიზიორი ეშლი მაკენზიც, თუმცა მასზე მეტად ბოლო პერიოდში კარგად მოჭიდავე
ფრანგი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ვალიდე ხიარი გვაფიქრებს. ნახევარფინალში ამ ჯგუფუს გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქეთა შორის აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და ქართველყოფილი თურქი ბეკირ ოზლუც არიან.

66-ში ვაჟა მარგველაშვილი ქვედა წონიდან ამონაცვლებულ რუსთა ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანთან მოხვდა, ოღონდ მათი გზები მეოთხედფინალამდე არ იკვეთება, იქამდე მისასვლელად კი ჩვენებურმა ჯერ პორტუგალიელი პედრო სოარესი უნდა დაამარცხოს, მერე - უნგრელ ბენცე ზამბორსა და თურქ სინან სანდალს შორის უმჯობესი. ამ ჯგუფშია ესპანელი ბასკი მსოფლიოს ფინალისტი სუგოი ურიარტე, თუმცა ის ქართველამდე გალსტიანს ხვდება.

73-ში ჩვენები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება, ოღონდ თავიდან ორივე ისვენებს. ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი ბერძენთა ქართველყოფილი გეორგიოს აზოიდისის და იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს შეხვედრას დაელოდება პირველი მეტოქის გამოსავლენად, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კი - ბელარუსი ვადიმ შოკასა და პორტუგალიელი ანდრე ალვეშისას.

ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც (81) თავისუფალია პირველ წრეში, მეორეში კი ავსტრიელ მარსელ ოტის შეხვდება. ჯგუფში მის სიახლოვესაა თურქთა ქართველყოფილი ემირან იუცელი. აქვე არიან გერმანელთა ევროპის მესამე პრიზიორი ალექსანდრ ვაიცზერზაკი და ჩერნოგორიელი მსოფლიოს ფინალისტი სრდან მრვალჯევიჩი. რუსებმა ამ წონაშიც დაასვენეს თავიანთი ლიდერი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ივან ნიფონტოვი.

ვალერი ლიპარტელიანიც (90) მეორე წრიდან ჩაებმება ჩემპიონატში, ოღონდ მისი მეტოქე ჯერ გასარკვევია ბრიტანელ ანდრეი ბერნსსა და სლოვაკ მილან რანდლის შორის. არც აქ ჭიდაობს რუსთა ფავორიტი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი და ევროპის ორგზის ჩემპიონი კირილ დენისოვი, ლიპარტელიანი კი ნახევარფინალში ილიას ილიადისის ჯგუფზე გადის.

ბექა ღვინიაშვილი ჯგუფში აზერბაიჯანელთა რეიტინგის ლიდერ ელმარ გასიმოვთან და ჰოლანდიელ ხენკ ხროლთან მოხვდა, ევროპის ორგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს სამგზის ფინალისტთან და ორი ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელთან. ჩვენი ფალავანი პირველ შეხვედრას იტალიელ დომენიკო დე გუიდასთან გამართავს, მობერებული - 31 წლის და ბოლო პერიოდში ცუდად მოჭიდავე ხროლი კი მეორე წრეში შეიძლება შეხვდეს. გასიმოვი მეოთხედფინალამდე არ ხვდება, თუმცა საკმაოდ არასასურველი ჯგუფია - უკრაინელი არტემ ბლოშენკო და ამბიციური რუსი, 23-წლამდელებში ევროპის პრიზიორი ნიიაზ ბილალოვი. ღვინიაშვილი აქედან თუ გავიდა, ნახევარფინალში სავარაუდოდ მეტოქედ გერმანელი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი დმიტრი პეტერსიც ჰყავს.

ჩვენები მძიმე წონაშიც ერთ ჯგუფში მოხვდნენ და თავიდან ორივე აქაც ისვენებს. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ადამ ოქრუაშვილის მეტოქე ორი აყლაყუდას, რუსი ანდრეი ვოლკოვისა და უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკოს პაექრობაში გაირკვევა, ლევან მატიაშვილი კი ბოსნიელ ჰარუნ სადიკოვიჩსა და სერბ ზარკო კულუმს შორის მოგებულს დაეჭიდება.

ქალთა ტურნირში ოლიდო ალადოშვილი (48) პირველ შეხვედრას სლოვენიელ კრისტინა ვრსიჩთან გამართავს. ვგონებთ, ჩვენი ძიუდოისტებიდან ყველაზე მეტად მარიამ ჯანაშვილს (52) არ გაუმართლა, ვისაც ჰაერივით სჭირდება სალიცენზიო ქულები - რუმინელი ევროპის ორგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს ორგზის ფინალისტ ანდრეა ჩიტუს, ესპანელი ევროპის პრიზიორი ლაურა გომესის, თბილისის ტურნირის მომგები ებრაელის - გილი კოენისა და ახალგაზრდებში კოსოვოელთა მსოფლიოს ჩემპიონ დისტრია კრასნიჩის ჯგუფში მოხვდა. ოღონდ ჩვენებური პირველ შეხვედრას უნგრელ კატინკა საბოსთან გამართავს, მერე კი კოენზე გადის.

სალომე აბაშიძე (57) პირველად ბულგარელ იველინა ილიევას ხვდება, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი რუმინელი კორინა კაპრიორიუ ელოდება. არც სალიცენზიო ზონაში რეგიონულ კვოტაში შემავალ ესტერ სტამს გაუმართლა, რადგან მეორე წრეში გერმანელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლაურა ვარგას-კოხი ელოდება, იქამდე კი ბელგიელ ევროპის ჩემპიონ როქსანე ტაიმანსსაც უნდა მოუგოს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახაალი ლინკები:პირდაპირი http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=2402&channel=2 და მიმდინარე სეედეგები http://www.ippon.org/eju_sen2016.php ეგაა...
judo
15:22 21-04-2016
0
http://www.judobase.org/#/medals//all/2014/0country აქ უყურეთ ლომებს:)
judo
12:42 21-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული