სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ძიუდო. რეიტინგები: ავთანდილ ჭრიკიშვილი - საყოველთაო ლიდერი
AutoSharing Option
12:05 10-02-2016
პარიზის ტურნირის შემდეგ გამოქვეყნდა ძიუდოს ახალი რეიტინგი, სადაც ჩვენი ფალავნების საერთო მდგომარეობა ცოტათი გაუარესებულია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეც გვაქვს - რეიტინგების საერთო ლიდერობა ისევ დაიბრუნა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81), ვისაც ყველა წონის ლიდერთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 3340 ქულა.

ჩვენმა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა უკან ჩამოიტოვა თვით უძლეველი ფრანგი, მსოფლიოს რვაგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი (+100). თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა - ჩვენებურმა რეიტინგში ორი წლის წინაც ჩამოიტოვა ფრანგი.

გაუარესება ისაა, რომ ამჯერად რეიტინგში ლიდერი მხოლოდ ერთ წონაში ვართ - 81-ში, მოწინავე სამეულში მხოლოდ ორში შევდივართ - 81-90, ხუთეულში - სამში (იმ ორს 73 კილოგრამიც ემატება). თუმცა სალიცენზიო ზონაში ისევ რჩება 11-ვე ქართველი ძიუდოისტი, აქედან ერთი - ქალებში, სადაც ესტერ სტამი (70) რეგიონულ კვოტაში შედის.

ჯერჯერობით ულიცენზიოდ ისევ ერთ წონაში - 100 კილოგრამში ვართ, სადაც რეალური იმედი კვლავაც არ ჩანს.

60 კგ
1. ვონ ჯინ კიმი (კორეა) 2150 ქულა
2. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) 2066
3. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1978
7. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) 1788
27. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) 630

ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მეშვიდეა, სალიცენზიო ჩათვლაში კი - მეექვსე. ჩვენებურის სასარგებლოდ ის ფაქტიც მოქმედებს, რომ მას ქულების განულება-განახევრება თბილისის ტურნირამდე არ ემუქრება, თუმცა, მეტოქეთაგან განსხვავებით, მაშინაც ბევრს არ დაკარგავს. ოღონდ თავადაც უნდა მოიპოვოს ქულები, თორემ მეტოქეები გადაუსწრებენ.

სასურველია, ოლიმპიურ რეიტინგშიც წაიწიოს წინ, რათა ოლიმპიადაზე წონის ლიდერებთან შეხვედრა ნახევარფინალამდე აიცილოს თავიდან. ეს იმითაცაა საშური, რომ სადღეისო მდგომარეობით, სალიცენზიო ჩათვლაში განთესილ რვა კაცს შორის აზიელთა სიჭარბეა, ევროპიდან მხოლოდ აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი (VII ადგილი) და ოლიმპიადის მასპინძელი ბრაზილიის წარმომადგენელი ერიკ ტაკაბატაკე (VIII) შედიან. პაპინაშვილს მათთან ბევრად მეტი შანსი აქვს (განსაკუთრებით - მუშკიევთან), ვიდრე - აზიელებთან, რომლებთანაც მკვეთრად უარყოფითი ბალანსი დაუგროვდა. ამიტომ რაც უფრო ზედა საფეხურზე შეხვდება თამაშებს, მით მეტია შანსი, რომ მეოთხედფინალში არააზიელებზე გავიდეს.

ცხადია, იქნებ ოლიმპიადამდე ეს მდგომარეობა კიდეც შეიცვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მოწინავე ოქტეტში ძლიერი აზიელი ვეღარ შევა, რადგან ოლიმპიურ რეიტინგში მოწინავე ხუთეულში სწორედ ყველა იქაური წამყვანი ქვეყნის - იაპონიის, კორეის, მონღოლეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის ფალავნები შედიან.

აქვე განვმარტავთ, რომ წერილის დასაწყისში მოცემული ცხრილი საერთაშორისო რეიტინგია (სხვა წონებშიც ასე იქნება), ხოლო ოლიმპიური სხვა პრინციპით გამოითვლება (ხუთი საუკეთესო შედეგი და ექსტრაქულა მიიღება სათვალავში), სადაც საფაროვს მუშკიევი უსწრებს.

ჩხვიმიანი ჯერჯერობით ვერ ხვდება განთესილ 22 კაცში, ასეულში კი სხვა მონაწილე არ გვყავს.

66 კგ
1. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) 2325
2. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 2244
3.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბაულ ანი (კორეა) 2200
37. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) 474
74. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო) 209

ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიურ რეიტინგში 21-ეა და ლიცენზიის შესანარჩუნებლად კვლავაც დიდი ბრძოლა ელის. დამაიმედებელია, რომ ბოლო ორ ტურნირზე მან ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხი აჩვენა, რაც იმედია, შედეგშიც აისახება და შეინარჩუნებს ლიცენზიას.

73 კგ
1. ჩანგრიმ ანი (კორეა) 2628
2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 2442
3. საგი მუკი (ისრაელი) 1958
4. ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია) 1900
5. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) 1723
13. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) 1116

ნუგზარ ტატალაშვილმა ბოლო პერიოდში გაიმყარა რეიტინგი, სალიცენზიო ჩათვლაში კი ის მეშვიდეა, ანუ სადღეისო მდგომარეობით, თამაშებზე განთესილებში ხვდება.

სამწუხაროდ, მას მალე ორი შარშანდელი ტურნირის შედეგი გაუნახევრდება, რის შედეგადაც 120 ქულას დაკარგავს, მაგრამ ეს მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგს შეეხება, თორემ სალიცენზიოში დიუსელდორფის შარშანდელი შეჯიბრების შედეგი უკვე განახევრებულია, მეორე კი არც შედის 5 საუკეთესოში.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს და ოლიმპიურ რეიტინგში ორივეგან მე-13 ადგილზეა, ანუ ისიც შედის სალიცენზიო ზონაში. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო რეიტინგში მას 50 ქულა დააკლდება, თუმცა ეს ცხრილში დიდად არ დასწევს უკან.

81 კგ
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) 3340
2. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) 2242
3. ანტოინ ვალუა-ფორტიე (კანადა) 2140
12. უშანგი მარგიანი (საქართველო) 1106
75. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) 230
79. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) 198

ჭრიკიშვილმა ბოლო ორ "მსუყე" ტურნირზე - ტოკიოსა და პარიზის "დიდ მუზარადებზე" გამარჯვებით არა მარტო თავისი წონის, არამედ მთელი ვაჟთა ძიუდოს რეიტინგის ლიდერობა დაიბრუნა. ცხადია, ის სალიცენზიო ჩათვლაშიც პირველია, ამ ცხრილში კი საგზურის ზონაში უშანგი მარგიანიც ხვდება.

უახლოეს მომავალში ჩვენებს არაფერი დააკლდებათ.

სარეიტინგო ჩათვლაში ცოტა სხვა მდგომარეობაა - ოლიმპიადამდეც ამ განლაგებით რომ მივიდნენ, ჭრიკიშვილი ფინალამდე ნაგასეს ასცდება, მაგრამ მეოთხედფინალში პიეტრიზე გადის. იმედია, ფრანგი თამაშებამდე წინ წაიწევს და ნაგასეს მხარეს მოხვდება.

სოფიას ტურნირზე გამარჯვებით საკმაოდ წინ წაიწია გიორგი პაპუნაშვილმა, რაც მისთვის სტიმული უნდა გამოდგეს.

90 კგ
1. დონ ჰან გვაკი (კორეა) 2630
2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) 2500
3. მაშუ ბაკერი (იაპონია) 2196
6. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) 1910
55. ზვიად გოგოჭური (საქართველო) 331

ვალერი ლიპარტელიანი სალიცენზიო რეიტინგში მესამეა - მსოფლიოს ჩემპიონ გვაკის გარდა, მას ბაკერიც უსწრებს.

ამავე ცხრილში ბექა ღვინიაშვილი მე-11 პოზიციაზეა. უახლოეს პერიოდში ჩვენებს ქულების სერიოზული დაკლება არ ემუქრებათ.

100 კგ
1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) 2490
2. სირილ მარე (საფრანგეთი) 2462
3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2284
37. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო) 435
62. გურამ თუშიშვილი (საქართველო) 198
72. ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო) 152
78. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) 102

ესაა ერთადერთი წონითი კატეგორია, სადაც ულიცენზიოდ ვართ და საქმეს ისე ეტყობა, დიდი ოპტიმიზმი არც უნდა გვქონდეს. ჩვენგან რეიტინგში საუკეთესო კვლავაც ალექსანდრე მსხალაძეა, ვინც ბოლო პერიოდში ვერ ამართლებს იმედებს და იმ დონესაც ჩამორჩება, შარშან ამ დროს რაც ჰქონდა - მაშინ რამდენიმე ტურნირზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა.

საქმეს ვერც ახალი თაობის ტალანტმა გურამ თუშიშვილმა უშველა, ვისაც ბოლო შეჯიბრებებზე 90 კილოგრამიდან კიდევ უფრო კაშკაშა ტალანტი ბექა ღვინიაშვილიც მიაშველეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ვერც ამან მოგვცა.

სოფიაში ურიგოდ არ გამოსულა ლაშა ტაველური და, იმედია, მას მეტად დატვირთავენ შეჯიბრებებით, რათა სამომავლოდ მაინც გამოვზარდოთ სათანადო კადრი. თუმცა მომავალ ოლიმპიადამდე ასაკობრივი ნაკრებებიდანაც მოგვეშველებიან ნიჭიერი მოზარდები.

სალიცენზიო ჩათვლაშიც ჩვენგან საუკეთესო მსხალაძეა, თუმცა ის ვერც 22 კაცში ხვდება და ვერც - რეგიონულ კვოტაში.

+100 კგ

1. ტედი რინერი (საფრანგეთი) 3000
2. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) 2380
3. რიუ სიჩინოე (იაპონია) 2190
7. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) 1666
10. ლევან მატიაშვილი (საქართველო) 1370

ამ წონაში ჩვენებმა საერთაშორისო რეიტინგში უკან დაიხიეს, თუმცა ადამ ოქრუაშვილიც და ლევან მატიაშვილიც შედიან სალიცენზიო ზონაში. იქ ოქრუაშვილი მე-10 ადგილზეა, მატიაშვილი კი მას ორი პოზიციით ჩამორჩება. ჩვენებს უახლოეს პერიოდში ქულები დააკლდებათ, მაგრამ - უმნიშვნელოდ.

ქალები
ქალთა შორის ჩვენგან ყურადღებას ისევ მხოლოდ ჰოლანდიიდან გადმოყვანილი სტამი იმსახურებს, თორემ დანარჩენები ცხრილში ბოლო ადგილებზე არიან. სამწუხაროდ, ავადმყოფობის, ტრავმებისა და ოპერაციების გამო ბოლო პერიოდში სტამის პოზიციებიც შეირყა და დღეს მსოფლიოს რეიტინგში 718 ქულით 25-ე ადგილზეა.

სამაგიეროდ, სალიცენზიო ცხრილში კვლავაც შედის რეგიონულ კვოტაში. სწორედ ამიტომ ვერ ხვდება ამ სიაში მსხალაძე - რეგიონული კვოტა ენიჭება ულიცენზიოდ დარჩენილთაგან საუკეთესო ქულების მქონეს და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამ მონაწილეს ეროვნული ფედერაცია ვერ შეცვლის. ანუ ვინც მოხვდება ამ სიაში, ოლიმპიადაზეც ის უნდა წავიდეს.

სამწუხაროდ, ქალებში ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს მარიამ ჯანაშვილი (52), თუმცა ეს არც იყო მოულოდნელი - ის ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ადაპტაციის გარეშე გაუჭირდა უფროსებთან ჭიდაობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"