მერი არაბიძე: ერთსულოვნებამ და თანადგომამ გამარჯვებამდე მიგვიყვანა

AutoSharing Option
ჩინეთში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა. ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა დიდოსტატმა მერი არაბიძემ, რომელმაც მესამე დაფაზე შვიდი შესაძლებლობიდან ექვს ქულას მოუყარა თავი და მცირე ოქროს მედალიც დაიმსახურა.

-ჭადრაკის თამაში ექვსი წლისამ დავიწყე, - გვითხრა ჩინეთიდან დაბრუნებულმა მერიმ. - სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის პირველ კლასში ვიყავი, ჩვენს სკოლაში ბატონი ანზორ მაჩიტიძე რომ მოვიდა, ცნობილი მწვრთნელი. ჭადრაკის წრეზე სიარული შემოგვთავაზა. მახსოვს, ჩვენი კლასიდან ძალიან ბევრი წამოვიდა, მაგრამ ორიოდე თვის შემდეგ სექციას მხოლოდ მე შემოვრჩი.

ორი წელიწადი ვიმეცადინე ბატონ
ანზორთან. მაგულიანებდა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდებიო. გული მწყდება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა და არა მარტო დღევანდელ, არამედ სხვადასხვა ასაკში მოპოვებულ ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო. საბედნიეროდ, მისი წინასწარმეტყველება მალევე ახდა. არადა, როგორ გაუხარდებოდა...

- პირველ გამარჯვებას როდის გაუგე გემო?
- ექვსი წლის ვიყავი, სამტრედიის ჩემპიონი რომ გავხდი. მაშინ დიპლომთან ერთად თოჯინა მაჩუქეს. აბა, პატარა ბავშვს მეტი რა მინდოდა. მერე რეგიონულ პირველობაში ვიასპარეზე, თანაც ათწლიანებში. გამიჭირდა 3-4 წლით უფროსებთან თამაში, მაგრამ გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გამომიმუშავა. 10 წლისა უკვე ქუთაისში ვმეცადინეობდი ალეკო არსენიძესთან. მაშინ ჯერ იმერეთის ჩემპიონობა მოვიპოვე, მერე საქართველოს პირველობაზე ვაჯობე ყველას.

ევროპის პირველობას თურქეთმა უმასპინძლა და იქ გასამგზავრებლად იმერეთის რეგიონმა დამაფინანსა. საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი ოქროს მედლით აღვნიშნე. მერე 10-წლიანებში მსოფლიოს პირველობაც მოვიგე. ეს იყო 2004 წელს და იქიდან დაიწყო ჩემი წარმატებები.

ასაკობრივებში სამ-სამჯერ ვარ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ხოლო შვიდჯერ ორივე ტურნირის ვერცხლის მედალი მაქვს მოპოვებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც 18-წლიანთა მსოფლიო პირველობაზე გამარჯვება მიმაჩნია 2011 წელს ბრაზილიაში. თან მაშინ 17 წლის ვიყავი.

- უფროსებში როდის მოსინჯე ძალები?
- 2012 წელს ანაკლიამ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ნანა ძაგნიძის გარდა, ყველა უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობდა. მსოფლიოში იშვიათია ასეთი ძლიერი შემადგენლობის ეროვნული პირველობები, ამიტომ ამგვარ ტურნირში მეორე ადგილზე გასვლამ ძალიან გამახარა. მომდევნო წელს საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს და ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ვითამაშე, თანაც მეორე დაფაზე. ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში რვიდან 4 ქულა ავიღე, რაც პირადად ჩემთვის ურიგო შედეგი არ იყო, მაგრამ გუნდისთვის ეს ბევრს არ ნიშნავდა. საერთოდაც, იმ წელიწადს ჩვენი ნაკრები კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა. გუნდში თამაში მოჭადრაკისგან მეტ პასუხისმგებლობას ითხოვს, რადგან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ნაკრების წინაშეც პასუხისმგებელი ხარ.

- წლეულს შენ ინდივიდუალურ მსოფლიოს ჩემპიონატშიც ითამაშე...
- დიახ. ამ შეჯიბრების საგზური 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვე. თითქმის ყველა ფავორიტს შევხვდი, მე-9 ადგილი დავიკავე, რეიტინგიც 60 პუნქტით გავიუმჯობესე და, რაც მთავარია, მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზური დავიმსახურე. ეს შეჯიბრება შარშანდლის ნაცვლად წლეულს სოჭში ჩატარდა. მანამდე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე-მეხუთე ადგილები გავიყავი. საპრიზო სამეულში მოსახვედრად ცოტა დამაკლდა. შეჯიბრება წრიული სისტემით გაიმართა. ერთ-ერთ ტურში სოფიო გვეტაძემ ყაიმი შემომთავაზა. უარი ვუთხარი, რადგან უკეთესი პოზიცია მქონდა. სამწუხაროდ, ცაიტნოტში შევცდი და პარტია წავაგე. არადა, სწორედ ის ნახევარი ქულა დამაკლდა ბრინჯაომდე.

- ელოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ წრეს გაივლიდი?
- წინასწარ ოცნებას თავდადებული მუშაობა მირჩევნია. კონკრეტულად ვემზადებოდი თითოეული მეტოქის წინააღმდეგ. ალექსანდრე არსენიძე და ხვიჩა სუპატაშვილი მეხმარებოდნენ. პირველ რაუნდში გერმანელ ელიზაბეტ პეტცს შევხვდი. ბატონი ალეკო სოჭში მახლდა, ბატონ ხვიჩას კი სკაიპით ვეხმიანებოდით. პირველად ვითამაშე ტურნირი ნოკაუტსისტემით, ამიტომ სტარტზე ძალიან ვღელავდი, მით უმეტეს, ისეთი სერიოზული მეტოქე მყავდა. პირველ პარტიაში უპირატესობა მქონდა, მაგრამ შიშის ფაქტორმა თავისი გაიტანა - ვერ გავრისკე და მეტოქის შემოთავაზებული ყაიმი მივიღე. მეორე პარტიისთვის თითქოს მხრებიდან სიმძიმე მომეხსნა. ეს შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს ისიც მშვიდობიანად დასრულდა. ოცდახუთწუთიან პარტიებშიც დავზავდით, ათწუთიანი პარტიები კი მოვიგე და მეორე წრეში გავედი, სადაც კუბელ მოჭადრაკეს ვძლიე, რომელმაც სტარტზე სომეხი ელინა დანიელიანი ჩამოიშორა გზიდან. მესამე წრეში ლიტველ 2011 წლის ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს შევხვდი. ბალტიისპირელის პარტიებს რომ გადავხედე, მისი შემტევი სტილით, ბრძოლისუნარიანობით მოხიბლული დავრჩი. ყოველთვის მოგებისაკენ მიისწრაფვის. დასტურად ჩვენი მე-2 კლასიკური პარტიაც გამოდგება, სადაც 100-ზე მეტი სვლა გავაკეთეთ და მერე დავზავდით. ტაიბრეიკებში პირველი 25-წუთიანი პარტია მოვიგე და მეორე ყაიმით დავასრულეთ. მეოთხედფინალში ინდოელ ჰარიკა დრონავალის წინააღმდეგ სათანადოდ მომზადება ვერ მოვასწარი, თანაც მეორე პარტიისას ცაიტნოტში ერთადერთი შეცდომა დავუშვი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის.

- სამაგიეროდ, გუნდურში გახდი მსოფლიოს ჩემპიონი.
- სოჭში კარგმა თამაშმა მომცა საშუალება, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დამებევებინა ადგილი და გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცადა ძალები. ბორჯომში გავიარეთ ბოლო შეკრება.

მოვიხიბლე ჩვენი მწვრთნელის - ელიზბარ უბილავას ერუდიციითა და საქმისადმი დამოკიდებულებით. ბევრ სახელოვან მოჭადრაკესთან უმუშავია და მდიდარი გამოცდილება აქვს, რასაც უშურველად გვიზიარებდა ბორჯომსა და ჩინეთშიც, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას. ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავდა, რაშიც როგორც მწვრთნელს, ისე კაპიტან დავით ჯოჯუას და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესიდენტს, დიდოსტატ გია გიორგაძეს დიდი წვლილი მიუძღვით. მთელი ტურნირის განმავლობაში ერთიანი სულისკვეთება იგრძნობოდა. საღამოობით ბატონ ელიზბართან ვიკრიბებოდით და მომდევნო მეტოქესთან შესახვედრად ყველანი ერთად ვემზადებოდით. ვინმემ განსხვავებული დებიუტი ან ვარიანტი თუ იცოდა, ერთმანეთს ვუზიარებდით. სწორედ ასეთმა ერთსულოვნებამ მიგვიყვანა გამარჯვებამდე. ძალიან გამახარა მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებამ.

დიდი მადლობა ნაკრებისა და ჩემს პირად მწვრთნელებს, კაპიტანს, გუნდის თითოეულ წევრს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, ქუთაისის მერიას, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციასა და სამედიცინო კლინიკა ლგ-ის დირექტორ ზაზა ლომინაძეს, ქომაგებს, რომელთა ნდობამ და მხარდაჭერამ მსოფლიოს ჩემპიონობა მომაპოვებინა. ახლა ცოტას დავისვენებ და ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატისთვის მოვემზადები, რომელსაც აჭარა უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ მერი ამ დიდ გამარჯვებას! გისურვებთ ჯანმრთელობას და მომავალ წარმატებებს!
ლუკა
17:19 03-05-2015
0

სიახლეები პოპულარული