ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
ამას წინათ რიგაში დამთავრებული მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის შედეგებმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ფიდეს კლასიფიკაციაში. მაგალითად, კონტინენტის წლევანდელმა ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ ლატვიის დედაქალაქში რამდენიმე პუნქტით გაიუმჯობესა მაჩვენებელი და რეიტინგში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მანდილოსანთა ასეულს უწინდებურად ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს (2652). მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე, ქალთა მსოფლიოს გრან-პრის ბოლო გათამაშების გამარჯვებული ცზიუ ვენძიუნი (2594). მესამე საფეხური წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ანა მუზიჩუკს (უკრაინა, 2570) უკავია.

პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2557), მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა,
2546), ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე (2545), მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2540), ევროპის ორგზის ექსჩემპიონი კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2539), ევროპის ექსჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2538) და ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2531).

ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, რეიტინგით ქალთა პირველ ასეულში არიან: 23. ნინო ბაციაშვილი (2469), 25. ლელა ჯავახიშვილი (2457), 27. ბელა ხოტენაშვილი (2452), 67. ნინო ხურციძე (2400), 72. სალომე მელია (2393), 85. მერი არაბიძე (2374), სოფიკო გურამიშვილი (2374).

ვაჟთა საუკეთესო ათეულში პირველ-მეოთხე ადგილებს 2800-იანთა კლუბის წევრები იყოფენ: რეიტინგის სათავეშია ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2832), რომელმაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი პუნქტი დაკარგა და თავის სარეკორდო მაჩვენებელს საგრძნობლად დაშორდა.

მეორე ადგილზეა ამერიკელი ვესლი სო (2815). შემდეგ მოდიან: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2811), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2802), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2795), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2789), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2786), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2786), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2785), სერგეი კარიაკინი (2783).

მოჭადრაკე ვაჟთა პირველ ასეულში უწინდებურად ერთი ქართველი დიდოსტატია - ბაადურ ჯობავა, რომელსაც 2713 პუნქტით 35-ე ადგილი უკავია. რომ არა რეიკიავიკის საერთაშორისო ტურნირის ბოლო ორ ტურში მარცხი, ჩვენებური კლასიფიკაციაში რამდენიმე საფეხურით წინ წაიწევდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული