რუსებს აღარაფერი დაეჯერებათ

AutoSharing Option
გრძელდება წამყვანი რუსი მძლეოსნების მხილება აკრძალული პრეპარატის მიღებაში. ამჯერად, დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრება 3000 მეტრზე სტიპლჩეზში რუს ოლიმპიურ ჩემპიონს იულია ზარიპოვას. მიზეზი მის ბიოლოგიურ პასპორტში აბნორმალური მაჩვენებლებია. რუსული პრესის ცნობით, დისკვალიფიკაციის შესახებ ამ კვირას გამოაცხადებენ.

ზარიპოვამ ოლიმპიური ოქრო 2012 წელს ლონდონში მოიპოვა. გარდა ამისა, მას მოგებული აქვს 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი და 2010 წელს - ევროპის ჩემპიონატი. ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ მძლეოსანი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სერიოზული სკანდალი აგორდა სპორტულ სიარულში რუსი წამყვანი მძლეოსნების დისკვალიფიკაციის გამო. ამ
საქმეში ხუთი სპორტსმენია გარეული, მათ შორის, სამი ოლიმპიური ჩემპიონი.

საინტერესოა, რომ ამ მძლეოსნებმა და აგრეთვე, ზარიპოვამ მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის წინ, უარი თქვეს წლის მთავარ ტურნირში გამოსვლაზე. მიზეზად ტრავმები დასახელდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლამინ დიაკმა რუსულ მხარეს მოსთხოვა აეკრძალა თავისი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა.

რენოსთვის ექვსი არაფერია
ჭოკით ხტომაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა რენო ლავილენიმ მეორედ გააუმჯობესა 2015 წლის სეზონის საუკეთესო შედეგი. საფრანგეთის ქალაქ რუანში გამართულ ტურნირზე მან მესამე ცდით დასძლია 6-მეტრიანი სიმაღლე. მანამდე სეზონის საუკეთესო შედეგი 5 მეტრი და 92 სანტიმეტრი იყო და ის ლავილენიმ ერთი კვირით ადრე, აშშ-ში დააფიქსირა. რენოსთვის ეს არის კარიერაში მერვე ნახტომი ექვს მეტრ სიმაღლეზე.

აღსანიშნავია, რომ რუანის ტურნირზე მეორე ადგილი ლავილენის უმცროსმა ძმამ - ვალენტენმა დაიკავა. მისი შედეგი იყო 5.70 მეტრი.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის წინა სეზონში რენო ლავილენი სამჯერ გადახტა ექვს მეტრზე მაღლა. ჯერ იყო 6.04 მეტრი, შემდეგ 6.08 და ეს სერია დასრულდა ლეგენდარული უკრაინელის სერგეი ბუბკას რეკორდის გაუმჯობესებით - 6 მეტრი და 15 სანტიმეტრი. შარშანდელ საზაფხულო სეზონში კი ფრანგმა 5.92 მეტრზე მეტი ვერ დაძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული