მაიამის "მასტერსი": რაფა და როჯერი ერთმანეთს მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ამ სეზონში რიგით მესამე შეხვედრას უახლოვდებიან. მათ გუშინ, ორ-ორ სეტში მოიგეს თავიანთი მერვედფინალები.

შეიძლება ითქვას, რომ უფრო გაუჭირდა როჯერ ფედერერს, რომელსაც ორ ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ. ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს - როჯერს წინა ხუთი მატჩი ისე ჰქონდა მოგებული, რომ ერთი სეტიც არ მიუცია მეტოქისთვის.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა, მაგრამ კორტზე სერიოზული ბრძოლა გაიმართა. ფედერერმა უფრო აქტიურად დაიწყო და მეორე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება. მიუხედავად იმისა, რომ
ფედერერი მატჩში პირველი მოწოდებით ქულების 89 პროცენტს იღებდა, პირველი ბრეიკი ბაუტისტამ შეასრულა და 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. როჯერს ინდიან უელსსა და მაიამიში სეტი არ წაუგია და ეს არც ამ შეხვედრაში დაუშვა. მან "მშრალი" ანგარიშით მოიგო ესპანელის გეიმი და გაათანაბრა ანგარიში, ტაი-ბრეიკზე კი სრულ უპირატესობას ფლობდა.

მეორე სეტში მეტოქეებმა ისევ გაცვალეს ბრეიკები, ოღონდ სეტის სტარტზე. ფედერერს ისევ ჰქონდა ერთ გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა და კვლავ ტაი-ბრეიკი გათამაშდა. და როგორც პირველი სეტის მე-13 გეიმში, ახლაც როჯერმა ერთხელაც არ მისცა ესპანელს წინ გასვლის საშუალება - 7:6(5), 7:6(4).

ფედერერს 16 მოგება და ერთი წაგება აქვს სეზონში, მისი შემდეგი მეტოქე კი ტომაშ ბერდიხი იქნება. შვეიცარიელი ჩეხს ურთიერთშეხვედრებში 17:6-ს უგებს.

* * *
რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მან ფრანგი ვეტერანი ნიკოლა მაუ დაამარცხა თითქმის თანაბარ მატჩში. მთელი თამაშის განმავლობაში, მხოლოდ ნადალს ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, ისიც ერთადერთ გეიმში და ეს შანსი გამოიყენა, რისი წყალობითაც მოიგო პირველი პარტია. მეორეში კი არც ერთს არ ჰქონია ბრეიკ-პოინტი და რაფამ ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა. ესპანელი შეუდარებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე - პირველ ბურთზე ქულების 92 პროცენტი აიღო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია მეტოქისთვის.

მეოთხედფინალში ნადალი ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, რომელიც ასევე უნაკლოდ აწვდიდა თანამემამულე ჯარედ დონალდსონის წინააღმდეგ და 6:2, 6:1 მოიგო.

* * *
გამოეთიშა ბრძოლას ინდიან უელსის ტურნირის ფინალისტი სტენ ვავრინკა, რომელიც მაიამიში პირველ ნომრად იყო განთესილი. გამოცდილი შვეიცარიელი 19 წლის ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა. ვავრინკას პირველ სეტში ჰქონდა ინიციატივა და მეათე გეიმში მეხუთე ცდაზე გამოიყენა ბრეიკ-პოინტი, რამაც პარტია 6:4 მოაგებინა. აი, შემდეგ კი სტენს საერთოდ აღარ წაუვიდა თამაში და მომდევნო ორ პარტიაში განადგურდა.

მეორე და მესამე სეტებში ზვერევმა ხუთი ბრეიკი შეასრულა, ვავრინკას კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. გერმანელმა ბოლო 15 გეიმიდან 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა და ანგარიშიც კარგად მეტყველებს ყველაფერზე - 4:6, 6:2, 6:1.

სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ზვერევმა მეორედ მოუგო მსოფლიოს მესამე ჩოგანს. გერმანელი მეოთხედფინალში ნიკ კირგიოსს შეხვდება, რომელმაც დავიდ გოფენს 7:6(5), 6:3 მოუგო. ავსტრალიელმა ორივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი ერთხელ აიღო საკუთარი მოწოდება.

სხვათა შორის, კირგიოსი და ზვერევი ორი კვირის წინ, ინდიან უელსის მასტერსზე შეხვდნენ ერთმანეთს და ავსტრალიელმა 6:3, 6:4 მოიგო.

1/8 ფინალი
ა. ზვერევი (გერ, 16)-ვავრინკა (შვეიც, 1) 4:6, 6:2, 6:1
კირგიოსი (ავსტრა, 12)-გოფენი (ბელ, 8) 7:6(5), 6:3
ფედერერი (შვეიც, 4)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14) 7:6(5), 7:6(4)
ბერდიხი (ჩეხ, 10)-მანარინო (საფ) 6:3, 7:5
ნადალი (ესპ, 5)-მაუ (საფ) 6:4, 7:6(4)
სოკი (აშშ, 13)-დონალდსონი (აშშ) 6:2, 6:1
ფონინი (იტა)-იანგი (აშშ) 6:0, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 2)-დელბონისი (არგ) 6:3, 4:6, 6:3

1/4 ფინალი
ა. ზვერევი (გერ, 16)-კირგიოსი (ავსტრა, 12)
ფედერერი (შვეიც, 4)-ბერდიხი (ჩეხ, 10)
ნადალი (ესპ, 5)-სოკი (აშშ, 13)
ფონინი (იტა)-ნიშიკორი (იაპ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული