ქართველი წყალბურთელები სლოვენიას ასცდნენ, მაგრამ ჯგუფში ხელწამოსაკრავი არავინაა

AutoSharing Option
გაისად წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება. გადამწყვეტ პაექრობებში მონაწილეობის უფლება 6 გუნდს უკვე დაჯავშნული აქვს, ხოლო მეორე ექვსეული (წინა ჩემპიონატის მიხედვით) პლეი ოფშია.

მათთან შესახვედრი 6 საგზურისათვის კონტინენტის 16 ქვეყნის წარმომადგენლები (ორი რაუნდის შემდეგ შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშა ბულგარეთი, რომელსაც ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა) იბრძვიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის ორი რაუნდის შემდეგ 28-28 ქულით ქართველები, რუსები და ფრანგები მეწინავეობენ. 26 აგვისტოს ლუქსემბურგში ამ 16 გუნდის წილისყრა გაიმართა. ისინი სამ ჯგუფში გადანაწილდნენ და ბოლო ორთაბრძოლებს 7-10 ნოემბერს გამართავენ.

G ჯგუფში მოხვდა (ჯგუფი
ექვსგუნდაა) საქართველოს ნაკრები: საქართველო (28 ქულა), სლოვაკეთი (20), მალტა (16), პორტუგალია (15), ბელორუსი (9), შვეიცარია (3). ამ ჯგუფის წევრები პორტუგალიაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

H ჯგუფში (საფრანგეთი) ითამაშებენ: საფრანგეთი (28), უკრაინა (19), პოლონეთი (12), დანია (9), ჩეხეთი (3).

I ჯგუფი (დიდი ბრიტანეთი): რუსეთი (28), სლოვენია (25), დიდი ბრიტანეთი (17), ისრაელი (13), მოლდოვა (5).

- კარგია, რომ წილისყრამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეი ოფის პირველ სამეულში მოსახვედრად უპირველესი კონკურენტი სლოვენია აგვაცილა.

მართალია, ჩვენს ჯგუფში ხელწამოსაკრავი გუნდები არ არიან, მაგრამ არა მგონია, რომელიმე გადაულახავი ბარიერი იყოს, მათ შორის, მასპინძელი პორტუგალია, თუმცა მასთან არასდროს გვითამაშია.

სხვა გუნდებს შევხვედრივართ და მათი ძალა ვიცით. მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ, - გვითხრა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ისელიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული