ქართველი წყალბურთელები შეკრებას ჩერნოგორიაში გამართავენ

AutoSharing Option
1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს წლეულს, 8 სექტემბრიდან მალტა უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში კონტინენტის 16 გუნდი იბრძოლებს მედლებისთვის. მათ შორის იქნება საქართველოს ნაკრები სერბი სპეციალისტის, იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით.

ჩვენმა ბიჭებმა გადამწყვეტ ტურნირში მონაწილეობის უფლება შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატებით მოიპოვეს. ამ ასპარეზობას წლეულს, გაზაფხულზე თბილისმა უმასპინძლა.

პოპოვიჩის შეგირდებმა სლოვაკეთს, ჰოლანდიას და მოლდოვას მოუგეს, ხოლო გერმანელებს დაუზავდნენ და 10 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.

ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ჩვენები D ჯგუფში მოხვდნენ და უნგრეთს, იტალიას და გერმანიას გაუწევენ მეტოქეობას.

ევროპის ჩემპიონატის
სხვა ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი. ხორვატია, სერბეთი, რუსეთი, ბელორუსი.
B ჯგუფი. ესპანეთი, მალტა, საფრანგეთი, თურქეთი.
C ჯგუფი. საბერძნეთი, რუმინეთი, ჩერნოგორია, უკრაინა.

ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გადიან მეოთხედფინალში, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მომდევნო ოთხი საგზურის ვინაობას გაარკვევენ.

საქართველოს წყალბურთელებს სხვადასხვა დროს პირველობის მონაწილე ბევრ გუნდთან უთამაშიათ, ამიტომ იოვან პოპოვიჩს მალტაზე წარმატების იმედი აქვს.

ამ შეჯიბრებისთვის უკეთ მომზადების მიზნით, ჩვენი ბიჭები ამჟამად თბილისში ვარჯიშობენ, 28 აგვისტოდან ჩერნოგორიაში გამართავენ საწვრთნელ შეკრებას და ტესტმატჩებს, იქიდან კი მალტას მიაშურებენ.

* * *

წლეულს საქართველოს პირველობის დამთავრების შემდეგ, ირაკლი კიკალიშვილის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა 18-წლამდელთა ნაკრები, რომელიც თურქეთის წყალბურთის ფედერაციამ საკუთარი სახსრებით სტამბულის საერთაშორისო ტურნირზე მიიწვია.

იქ კი მთავარი პრიზისთვის, მასპინძლებისა და ქართველების გარდა, სერბები და რუსებიც იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებო!
zurabi
18:53 16-08-2013
0

სიახლეები პოპულარული