კვირკველია, რონალდო... - ვის ვიხილავთ ევროპირველობაზე საუდის არაბეთიდან? - ვარსკვლავები და ყველაზე გამოცდილები...

AutoSharing Option
სეზონის დაწყების წინ საუდის არაბეთის ლიგამ დიდი ინტერესი გამოიწვია, აქ ხომ არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გადაბარგდა. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მოტივატორი კრიშტიანო რონალდო იყო. ყველაფერი იდეალურად არ განვითარდა, მაგალითად, ჯორდან ჰენდერსონი "აიაქსში" "გაიქცა". ახლა ეს პირველობა ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში განვიხილოთ, თუ ვის უნდა ველოდოთ აქ მყოფთაგან ივნისში გასამართ პირველობაზე.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში საქართველოს ნაკრების გამოცდილი მცველი, 32 წლის საბა კვირკველია თამაშობს, ბოლო ტურში კი მისი გოლი ვნახეთ. ევროპირველობის მონაწილე ნაკრებების განაცხადები ჯერ ცნობილი არაა, ისე კი არაბეთიდან სტაბილურად მათ რიგებში
14 ფეხბურთელს ვხედავთ. სიას შეიძლება შეემატოს თუნდაც გაბრი ვეიგა ("ალ აჰლი"), რომელიც ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

პორტუგალია ბევრი წარმომადგენლით

საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან პრო ლიგაში 4 პოტენციური ფეხბურთელია. პორტუგალიელებს ყველაზე დიდი წარმომადგებლობა ჰყავთ.

39 კრიშტიანო რონალდოს შესახებ ბევრს აღარ გეტყვით. "ალ ჰილალშია" 27 წლის ნახევარმცველი რუბენ ნევეში, რომელსაც ჩაშლაც მშვენივრად ეხერხება და გატანაც.

პორტუგალიის ნაკრების რიგებშია 28 წლის ფორვარდი ოტავიო. ის "ალ ნასრის" წევრია, კრიშტიანოს თანაგუნდელია, მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონზე მეტია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩვენ მოწინააღმდეგეს, თურქეთის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი მერუჰ დემირალი აქ ერთ-ერთი საუკეთესოა, "ალ აჰლიში", სადაც ფირმინო, მაჰრეზი და "ჩელსის" ექსმეკარე მენდი ასპარეზობენ, "რომადან" წასული იბანიესის მეწყვილეა.

Sportall.Ge

სერბი ვარსკვლავები

სერბეთის ნაკრებს არაბულ ლიგაში მართლაც უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს. 29 წლის ალექსანდრ მიტროვიჩს ინგლისშიც ბევრი გაჰქონდა, ახლა კი ლიდერ "ალ ჰილალის" რიგებში 22 შედეგიანი დარტყმა აქვს. ის ნაკრებშიც პროდუქტიულია. რაც შეეხება სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, "ლაციოდან" მოულოდნელად წასული ფეხბურთელიც "ალ ჰილალშია", მიმდინარე სეზონში კი 10 გოლთან ერთად 8 საგოლე პასის ავტორიცაა.

აშკარა ფავორიტი ინგლისის, დანიისა და სლოვენიის ნაკრებების სახით სერბებს ძლიერი მეტოქეები ჰყავთ და ამ ჯგუფში საინტერესო შეხვედრებს ველით.

ქართველის გუნდი ლიდერია...

თუკი განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, ევროპის ჩემპიონატზე საუდის არაბეთის კლუბებიდან ყველაზე მეტ წარმომადგენელს "ალ ახდუდი" გააგზავნის. საბა კვირკველიას გარდა, აქ რუმინეთის ნაკრების ორი მნიშვნელოვანი წევრი თამაშობს.

31 წლის ანდრეი ბურკა გამოცდილი მცველია, "კლუჟში" კარგი სეზონები ჰქონდა. რაც შეეხება 29 წლის ფლორიან ტანასეს, ის "სტიაუასა" და რუმინეთის ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელია.

პორტუგალიელთა მსგავსად, პროფესიული ლიგიდან, რუმინეთის ნაკრებში სამ ფეხბურთელს იწვევენ, 30 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი სტანჩიუ "დანკის" ღირსებას იცავს.

ერთმანეთის წინააღმდეგ

ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები ევრო 2024-ზე ერთ ჯგუფში არიან (იტალიასა და ალბანეთთან ერთად), საუდის არაბეთის ლიგაში მოთამაშე ორი ფეხბურთელი, რომლებიც "ალ ნასრიში" თანაგუნდელები არიან და გულშემატკივრებიც კარგად იცნობენ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. 31 წლის ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი საკმაოდ კარგ კარიერას აქ ასრულებს. აი, ესპანელმა აიმერიკ ლაპორტმა სეზონის პირველი ნაწილი "მანჩესტერ სიტიში" გაატარა, სადაც ბილბაოს "ატლეტიკიდან" 2017 წელს გადავიდა და უმნიშვნელო ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ლაპორტს საინტერესო ისტორია აქვს, ის საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

"ფურია როხას" დაცვის ცენტრში ლე ნორმანი და ლაპორტი უნდა ვიხილოთ, ალტერნატივა კი პაუ ტორესი, ვივიანი და "ახალბედა" "ბარსელონელი" კუბარსი არიან. 

Sportall.Ge

გამოცდილი და სახელოვანი

"ალ იტიფაკს" ევროპირველობაზე ორი წარმომადგენელი ეყოლება, მათგან ერთ-ერთი კი ძალიან გამოცდილი და სახელოვანია. საუბარია ნიდერლანდელ ჟორჟინიო ვაილანდუმზე. 33 ნახევარმცველს მართლაც დასამახსოვრებელი და წარმატებული ევროპული კარიერა ჰქონდა - "ფეიენოორდი", პსვ, "ნიუკასლი", "ლივერპული", პსჟ, "რომა"...

"ალ იტიფაკის" 28 წლის ცენტრალური მცველი ჯეკ ჰენდრი გერმანიის სტადიონებზე აუცილებლად იქნება, ის შოტლანდიელთა უკანა ხაზისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა (ბოლოს თბილისში არ უთამაშია).

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ.

altევრო 2024. ხვიჩა რომ არა, საქართველოს არავინ დაასახელებდა - მთავარი ფავორიტები და ფეხბურთელები, რომელთა შეჩერებაც გაუჭირდებათ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული