რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს ექვსიდან ოთხი

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი იტალიაში გაიმართა და სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ.

არადა, პირველი ორი დღის შემდეგ, ფრანგის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო. საქმე ისაა, რომ 15 სპეცმონაკვეთის შედეგებით ლიდერობდა "ჰიუნდაის" წევრი ჰეიდენ პადონი, მაგრამ ბოლო დღეს მან ვერ შეძლო პირველი ადგილის შენარჩუნება - ოჟიემ დარჩენილი სპეცმონაკვეთები უშეცდომოდ გაიარა და საბოლოოდ, სამი წუთი მოუგო პადონს. თუმცა ეს უქმეები "ჰიუნდაის" პილოტისთვის მაინც გამორჩეული იყო, რადგან ის გახდა პირველი ზელანდიელი რალის ისტორიაში, ვინც პოდიუმზე ავიდა.

მესამე ადგილზე
"ჰიუნდაის" კიდევ ერთი წევრი ტიერი ნოივილი აღმოჩნდა, რომელმაც ისარგებლა "სიტროენის" პილოტის მადს ოსტბერგის შეცდომით და ამის ხარჯზე ავიდა პოდიუმზე.

ასე რომ, ოჟიე დამაჯერებელი ნაბიჯებით უახლოვდება ზედიზედ მესამე ტიტულს - ფრანგს უკვე 70 ქულა აქვს და ორმაგი უპირატესობით უსწრებს უახლოეს მდევარს.
იტალიის რალი

VI ეტაპი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 4:25.54,3; 2. ჰეიდენ პადონი (ახ. ზელანდია, "ჰიუნდაი") - +3.05,4; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - +4.22,5; 4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +5.34,8; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +7.50,1; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - +8;06,7; 7. იური პროტასოვი (უკრაინა, "ფორდი") - +14.57,7; 8. პაოლო ანდრეუჩი (იტალია, "პეჟო") - +15.03,3...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 133 ქულა; 2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 67; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - 63; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - 56; 5. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 53; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - 50; 7. კრის მიკი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 47; 8. დანი სორდო (ესპანეთი, "ჰიუნდაი") - 38...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული