მოტოგრანპრი.: უცნაური ეტაპი და აღდგენილი ინტრიგა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საბურავების პრობლემა მხოლოდ ფორმულა 1-ში არ არსებობს. გუშინ, ავსტრალიის ფილიპ-აილენდზე მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომლის დროსაც უცნაური სურათი ვიხილეს - მოტომრბოლებს აუცილებელი პიტსტოპზე შესვლა მოუწიათ!

ავსტრალიური ეტაპის ორგანიზატორებს იძულებით მოუწიათ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. უქმეების წინ ტრასის საფარის შემოწმების შემდეგ, საბურავების მწარმოებელი იაპონულმა კომპანია "ბრიჯსტოუნი" იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უკანა საბურავი მთელ რბოლას ვერ გაუძლებდა. როგორც იაპონელებმა აღიარეს, მათ ვერ შეაფასეს ფილიპ-აილენდის ტრეკზე ახალი ასფალტი, რომლის გამოც სიჩქარე და აგრეთვე საბურავების დეგრადაცია მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ორგანიზატორებს არა
მხოლოდ დისტანციის შემცირება მოუწიათ, არამედ ერთი პიტსტოპის დანიშვნა: ყველა მონაწილე ვალდებული იყო შესულიყო ბოქსებში და გამოეცვალა მოტოციკლი.

"ჩვენ მივიღეთ შეტყობინება "ბრიჯსტოუნისგან", რომ ისინი ვერ გვაძლევენ 14 წრის შემდეგ უკანას საბურავების უსაფრთხო მუშაობის გარანტიას", - ეწერა რბოლის დირექციის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, მოტოციკლის აუცილებელი შეცვლა პირველი შემთხვევა იყო მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში.

შაბათს კვალიფიკაცია ხორხე ლორენსომ მოიგო, მეორეზე კი ჩემპიონატის ლიდერი მარკ მარკესი გავიდა. წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ თუ მარკი რბოლას მოიგებდა, ლორენსო კი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ავიდოდა, მარკესი ვადაზე ადრე გახდებოდა ჩემპიონი. მათ გუშინ კარგი სტარტი გამოუვიდათ და პირველი მეტრებიდან სათავეში ჩაუდგნენ რბოლას. მესამე ადგილზე გადავიდა დანი პედროსა. პირველი წრის შუაში ამ უკანასკნელმა ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ რამდენიმე მოსახვევის შემდეგ, წინ გაუშვა ლორენსო და მარკესი. პირველი წრე დაწინაურებულებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, მარკესი, პედროსა, როსი, სმიტი, ბაუტისტა...

რბოლის პირველ ნახევარში ლორენსო, მარკესი და პედროსა მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდნენ. მეცხრე წრეზე აუცილებელი პიტსტოპი შეასრულა პედროსამ, ერთი წრის შემდეგ კი იგივე ოპერაცია ჩაატარა ლორენსომ და ტრასაზე პედროსას წინ დაბრუნდა. მარკესმა კი ბოქსებს 11 წრის შემდეგ მიაკითხა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. საქმე ისაა, რომ რბოლის წინ შემოღებული წესის თანახმად, არც ერთ პილოტს არ ჰქონდა საბურავების ერთი კომპლექტით 10 წრეზე მეტის გავლის უფლება.

რბოლის დარჩენილ ნაწილში ლორენსო კომფორტული მანძილია დაშორდა პედროსას და მშვიდად მივიდა პირველ ადგილზე, პოდიუმი კი ვალენტინო როსიმ შეავსო.

ლორენსომ სეზონში მეექვსე ეტაპი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მარკესს, ხოლო გენერალურ კლასიფიკაციაში ჩამორჩენა 18 ქულამდე შეამცირა. მორიგი ეტაპი ერთ კვირაში იაპონიაში გაიმართება, სულ კი სეზონის დასრულებამდე ორი რბოლაა დარჩენილი.

ავსტრალიის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 13 წრე; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +6,936; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +12,344; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +12,460; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +12,513; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +28,263; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - +32,953...

საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 298 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 280; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 264; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 214; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 179; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 147; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 135; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 127...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარკესმა წააგო, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული