მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი

AutoSharing Option
"ჰონდას" ესპანელმა პილოტმა მარკ მარკესმა ლამაზ გამარჯვებას მიაღწია გერმანიის გრანპრიზე და გენერალურ კლასიფიკაციაში გაზარდა უპირატესობა კონკურენტებთან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტრიუმფი სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო.

მარკესი რბოლას პოულიდან იწყებდა და პირველი მოსახვევიდან ლიდერის რანგში გამოვიდა, თუმცა მალე დაიწყო პოზიციების დაკარგვა. თან მე-11 წრეზე უხეში შეცდომა დაუშვა, ტრასიდან გადავიდა და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მიუხედავად ამისა, მეტეოროლოგიური პირობები დაეხმარა მას ტაქტიკურად დაემარცხებინა მეტოქეები. იმის გამო, რომ წვიმის შემდეგ ტრასა თანდათან შრებოდა, ცხადი იყო, რომ პილოტები მალე ბოქსებს მიაშურებდნენ მოტოციკლის გამოსაცვლელად. ყველაზე პირველმა
ეს მარკესმა გააკეთა და დაიწყო სწრაფად პოზიციების მოგება.

პელოტონის სათავეში მყოფმა ანდრეა დოვიციოზომ, ვალენტინო როსიმ და კელ კრატჩლოუმ ეს ძალიან გვიან გააკეთეს, შედეგად, მარკესმა იოლად გაუსწრო სამივეს და საჭირო ჰანდიკაპიც მოიპოვა. საბოლოოდ, მან ცხრა წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ კრატჩლოუს. მესამეზე გავიდა დოვიციოზო, ხოლო როსიმ მხოლოდ მეცხრემ დაასრულა რბოლა. კიდევ უფრო ქვემოთ, მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ხორხე ლორენსო.

გერმანიის გრანპრის შემდეგ, მარკესი 170 ქულით სათავეში უდგას გენერალურ კლასიფიკაციას, მეორე ადგილზეა ლორენსო 122 ქულით, მესამეზე - როსი, რომელსაც 111 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული