ხორხე ლორენსოს მშვიდი გამარჯვება

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ავტო-მოტოსპორტში მთავარი მოვლენა მოტოგრანპრიში მსოფლიოს მორიგი ეტაპი იყო.

როგორც ჩანს, პირველობის დარჩენილი ნაწილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, "იამაჰას" პილოტის, ხორხე ლორენსოსა და გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის, "ჰონდას" წევრის, მარკ მარკესის დუელში ჩაივლის, თუმცა არც მარკესის თანაგუნდელი დანი პედროსა დათმობს იოლად რამეს. ლორენსო და პედროსა საერთო ჩათვლაში წინ გაჭრილი მარკესის დაწევას ცდილობენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერც ერთი ეტაპიც რომ ვეღარ მოიგოს და უბრალოდ, პოდიუმიდან არ ჩამოვიდეს, მას ტიტულს ვერავინ შეეცილება.

მორიგი ეტაპი - სან მარინოს გრანპრი იტალიის მიზანოში გაიმართა. შაბათს პოული
მარკესმა მოიგო, სასტარტო ბილიკის პირველ ხაზზე ასევე იდგნენ ლორენსო და იტალიელი ვალენტინო როსი.

სტარტზე მარკესი ოდნავ შეყოვნდა და წინ გაუშვა ლორენსო და პედროსა. პირველი წრე პილოტებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, მარკესი, როსი, ესპარგარო, კრატჩლოუ...

მეორე წრეზე კრატჩლოუმ გაუსწრო ესპარგაროს და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ამის შემდეგ ესპარგაროს რადიოთი შეატყობინეს, რომ მას ფალსტარტი ჰქონდა და ბოქსებში შესვლით დასაჯეს. რაც შეეხება ლიდერთა ბრძოლას, ლორენსო თანდათან ზრდიდა უპირატესობას პედროსა-მარკესი-როსის ტრიოზე.

მეხუთე წრეზე მარკესმა სცადა პედროსას გასწრება, მაგრამ ამის ნაცვლად, შეცდომა დაუშვა და როსი წინ გაუშვა. მე-13 წრეზე ჩემპიონატის ლიდერმა შეცდომა გამოასწორა და წაართვა ვალენტინოს მესამე ადგილი. კიდევ რამდენიმე წრის შემდეგ მარკესმა პედროსას შეუტია. დანი ფინიშამდე 11 წრით ადრე დანებდა, რის შემდეგაც მარკის წინ მხოლოდ ლორენსო რჩებოდა - მათ შორის სხვაობა სამი წამი იყო...

და მაინც, გამარჯვებისთვის ბრძოლა მარკესმა ვერ შეძლო, უფრო მეტიც, ფინიშამდე შვიდი წრით ადრე "ჰონდას" პილოტებმა თითოჯერ გაცვალეს პოზიციები, რითაც ძალიან აანერვიულეს მთელი გუნდი. ამით ტრასაზე გადაადგილებები დასრულდა და მაყურებელმა ისეთივე პოდიუმი იხილა, როგორიც ორი კვირის წინ, სილვერსტოუნში იყო: ლორენსო-მარკესი-პედროსა.

სან მარინოს გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 28 წრე; 2. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +3,379; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +7,368; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +15,062; 5. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +22,355; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +22,599; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +31,059; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +42,702...

საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 253 ქულა; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 219; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 219; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 169; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 146; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 124; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 112; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 104...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დებიუტანტ მარკ მარკესის სერია ჩემპიონმა შეწყვიტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული