დებიუტანტ მარკ მარკესის სერია ჩემპიონმა შეწყვიტა

AutoSharing Option
ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი, რომელსაც ბრიტანეთის სილვერსტოუნი მასპინძლობდა. ყველას აინტერესებდა - შეძლებდა თუ არა "ჰონდას" პილოტი მარკ მარკესი ზედიზედ მეხუთე რბოლის მოგებას.

ჩემპიონატის დებიუტანტმა ამისთვის სერიოზული ნაბიჯი გადადგა, როცა კვალიფიკაციაში საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელს არ გაუმართლა კვირას, გახურების დროს. ის ტრასაზე დაეცა და ტრასის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მარკესს მხარი ჰქონდა ნაღრძობი, თუმცა ექიმებისგან ტრასაზე გასვლის უფლება მაინც მიიღო.

სტარტზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "იამაჰას" წევრმა ხორხე ლორენსომ შეძლო მარკესის გასწრება
და სათავეში ჩაუდგა პელოტონს, მესამე ადგილზე გადაინაცვლა ბრადლმა, რომელმაც კრატჩლოუს ცუდი სტარტით ისარგებლა. პირველი წრე პილოტებმა ასეთი თანამიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, მარკესი, ბრადლი, როსი, პედროსა, ბაუტისტა...

მარკესი მთელი რბოლა კვალში ედგა ლორენსოს. დისტანციის შუაში მათ მიუახლოვდა პედროსა, რომელიც ჯერ კიდევ რბოლის დასაწყისში ზედიზედ უსწორდებოდა კონკურენტებს.

ეტაპზე ძირითადი მოვლენები ბოლოსკენ განვითარდა. ტრავმირებულმა მარკესმა ორჯერ გაუსწრო ლორენსოს, მაგრამ ჩემპიონი ყოველ ჯერზე პოულობდა ძალას პასუხის გასაცემად. საბოლოოდ, ფინიშზე სხვაობა მიკროსკოპული იყო - 0.081 წამი ლორენსოს სასარგებლოდ! ასე შეწყვიტა "იამაჰას" პილოტმა მარკესის მოგებათა სერია.

მეოთხე ადგილი დაიკავა როსიმ, რომელმაც ბოლოსკენ შეძლო ბაუტისტას გასწრება.

ბრიტანეთის გრანპრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 20 წრე; 2. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +0,081; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +1,551; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +13,233; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +13,298; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +20,227; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +26,299; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - +35,993...

საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 233 ქულა; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 203; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 194; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 156; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 136; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 113; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 103; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 96...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი. მოტოგრანპრი: დებიუტანტი ისევ დომინირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული