საუკეთესო მატჩი ესპანეთში - შერმადინის 21 ქულა და 16 მოხსნა "ესტუდიანტესთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში, რომელიც, შესაძლოა, მისი ესპანური კარიერის ყველაზე შედეგიან თამაშადაც ჩაითვალოს.

ქართველი ცენტრის ზეშედეგიანი გარჯა გამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა. ქართველი კალათბურთელების - გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" სტუმრად "ესტუდიანტესთან" დაძაბულ ბრძოლაში - 85:87 წააგო.

შერმადინი მატჩის ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა და სარგებლიანობის 39-იან ნიშნულს უწია. ქართველი ცენტრი უთუოდ მოხვდება ამ ტურის სიმბოლურ ხუთეულში, თუმცა დასანანია, რომ მისმა გუნდმა, თითქმის უიმედო მატჩის შემოტრიალების მიუხედავად, გამარჯვება ვერ იზეიმა.

შერმადინმა პირველ ტაიმში 18
ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი 35:49 აგებდა, მესამე პერიოდში მხოლოდ 4 წუთი დაიტვირთა და საკუთარ მონაგარს მხოლოდ 2 მოხსნა შემატა.

ბოლო პერიოდის წინ "ესტუდიანტესი" 21 ქულით იგებდა, მაგრამ ანდორელებმა გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს - მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში 85:84 იყო. დასრულებამდე 10 წამით ადრე მასპინძლებმა ჯამარ უილსონის საჯარიმოებით უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდეს.

ანდორელთა ხსნა შორ სროლაში იყო, რომელიც დევიდ უოლკერმა შეასრულა, მაგრამ არაზუსტად.

აცილებული ბექა ბურჯანაძემ მოხსნა, რომელზეც ესტუდიანტესელები მყისვე დაჯარიმდნენ. ბექამ პირველი სროლა ჩააგდო, მეორე კი, რაკი დრო აღარ რჩებოდა, სავარაუდოდ, განზრახ ააცილა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი თავად მოხსნა, რომელიც უოლკერს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი საფინალო სირენის თანხლებით დაკარგა...

შერმადინმა 29:17 წუთი ითამაშა და 8-დან 4 ორქულიანს 14-დან 13 საჯარიმო მოაყოლა. 21 ქულასა და 16 მოხსნასთან ერთად გიორგიმ თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 8 საჯარიმოდან 6 გამოიყენა, თითო სამიანი და ორიანი კი აუცდა. 6 ქულასთან ერთად ბექამ 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

6 მოგებითა და 4 მარცხით "ანდორა" "ბილბაო ბასკეტთან" ერთად მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 11 დეკემბერს, ანდორელები "ბარსელონას" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიო ყველაზე გონიერი და მუყაიტი კალატბურტელია საქარტველოს კალატბურტელებიდან
lugu123
21:40 05-12-2016
0

სიახლეები პოპულარული