გუჯა კახაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
ქართულ სპორტულ წრეებში გუჯა კახაძის სახელი ცნობილია. ამ ადამიანმა უნიკალური მეთოდი შეიმუშავა - ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე, რომელიც მოკლე დროში გასაოცარ შედეგს იძლევა.

მეთოდი საკუთარ თავზე, სხვა სპორტსმენებთან ერთად, დავით მუჯირს, კახი კალაძეს და სანდრო კობახიძეს გამოუცდიათ.

უნიკალური მეთოდიკა - "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე" მოკლე პერიოდში აღწევს შედეგს, თუმცა ჩვენში რატომღაც სიახლეების დანერგვას ერიდებიან.

კახაძის მეთოდი კი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ფიზმომზადების სპეციალისტები ეყრდნობოდნენ.

აღნიშნული მეთოდისა
და გუჯა კახაძისადმი ინტერესი ჩვენი ვებგვერდის მკითხველებმაც გამოიჩინეს.

გუჯა კახაძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

* * *

მინდა მადლობა გადავუხადო SPORTALL.GE-ს რედაქციის ყველა თანამშრომელს და შეკითხვების ყველა ავტორს!

ვიდრე შეკითხვებზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო:

"ჩემი მეთოდი, პირობითი სახელწოდებით "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5", ტრადიციულ ფიზმომზადებას არ ცვლის, რადგან ფიზმომზადების დროს დატვირთვები აუცილებელია. უფრო მეტიც, ჩემი მეთოდი ტრადიციულ ფიზმომზადებასთან ერთად ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას, ფიზიკური კონდიციების სწრაფ და გარანტირებულ მატებას, სწრაფი აზროვნების გამომუშავებას, ექსტრემალურ პირობებში დარღვეული ფსიქიკური წონასწორობის სწრაფ აღდგენას და ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების საგრძნობ ზრდას უწყობს ხელს.

უცხოურ წარმატებულ საფეხბურთო კლუბებს დაქირავებული ჰყავთ მეცნიერები, რომლებიც მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს, რაც ფეხბურთელთა გუნდს წარმატების მიღწევას უადვილებს. ჩვენ არ გვაქვს არც მილიონები და არც დრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. სამაგიეროდ, გვაქვს მეთოდიკა, რომელიც წლებმა გამოსცადა და ჩემთან სავარჯიშოდ მოსული ყველა ფეხბურთელი დროის მცირე მონაკვეთში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ჩააყენა.

ქართული საფეხბურთო კლუბების მეპატრონეებს კი ვურჩევ, გამოიყენონ ჩემი მეთოდიკა, რომელიც ფეხბურთს მომგებიან ბიზნესად აქცევს და გულშემატკივართა იმედგაცრუებულ არმიას სტადიონისკენ შემოაბრუნებს".


მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გუჯა! ორჯერ მაქვს მუხლის ოპერაცია გაკეთებული, ლატერალური მენისკის სრული გაგლეჯა მქონდა. პირველად ნაწილი მოკვეთეს, მეორედ კი სრულად. ამის შემდეგ ხშირად მიდგება სითხე მუხლის ზედა კუნთში და მიწევს ნემსით ამოღება. მაინტერესებს, თუ დამეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში თქვენი მეთოდიკა?
- მუხლი ყველაზე სუსტი სახსარია, ამიტომ ადვილად ზიანდება. განკურნება საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სითხის ხშირად ჩადგომა გამოწვეულია მხოლოდ შედეგის მკურნალობით. მიზეზი უცვლელი რჩება და მუდმივად იწვევს იგივე შედეგს. აუცილებელია მიზეზის მოშორება და შედეგი, სითხის ჩადგომა, თავისით მოიხსნება. ვფიქრობ, დახმარებას შევძლებ.

ფეხბურთელებს მ ე ნ ი ს კ ი პროფესიულ დაავადებად მიაჩნიათ. სინამდვილეში, მენისკი არ არის პროფესიული დაავადება და ძირითადად, არასწორი სირბილისგან და დიდი დატვირთვებისგან ვითარდება. სირბილის დროს გრუნტზე შეხებისას წარმოიქმნება დარტყმითი ძალა. არასწორად სირბილისას ეს ძალა იმდენად დიდია, რომ სახსრების მიკროტრავმებს იწვევს, დროთა განმავლობაში კი სერიოზულ ტრავმად ყალიბდება. ყველა პაციენტი, რომლებმაც მსგავსი პრობლემით მომმართეს, ჩემი ვარჯიშების დახმარებით განიკურნა.

ფეხბურთის თამაშის მსურველ მოზარდებს ვურჩევდი, სწორად სირბილი ადრეულ ასაკშივე ისწავლონ, რაც საშუალებას მისცემთ, სამუდამოდ დაივიწყონ მუხლის და ხერხემლის დაავადებები.

მკითხველი:
- ბატონო გუჯა, თქვენი აზრით, რატომ არ გამოდიან თქვენ მიერ დასახელებული ცნობილი ფეხბურთელები თქვენს მხარდამჭერებად და თუნდაც შუამავლებად ფედერაციასა თუ სხვადასხვა გუნდის ხელმძღვანელებთან?
- მიზეზი ჩემთვის უცნობია, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო - ეს მეთოდიკა შეიქმნა ადამიანის გონებისთვის დაუჯერებლად სწრაფი შედეგების მისაღწევად.

ვინც ნახა და დარწმუნდა მაქსიმალური შედეგის მიღების სისწრაფეში, მათაც კი შეიკავეს თავი მეგობრებთან აფიშირებისგან. ამ თემაზე ხშირად მისაუბრია და უმეტესობას ერთი და იგივე მოსაზრება აქვს: რომ გავამხილო, გიჟად ჩამთვლიან. ამიტომ ნუ გეწყინება, ხმამაღლა მეგობართანაც ვერ ვიტყვიო. თუმცა მოგვიანებით გამოჩნდნენ, ვინც დააფიქსირა თავისი აზრი.

დავით მუჯირი:
- ბატონმა გუჯამ ფიზმომზადების ინოვაციური სისტემა მაშინ შემომთავაზა, როცა უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალური გეგმით ვარჯიში მჭირდებოდა. გარკვეულწილად, გავრისკე, ჩემთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობ მეთოდს ვენდე და არც მინანია. მეთოდის ავტორს ბრმად ვენდობოდი და სანამ იაპონიაში გავემგზავრებოდი, ერთი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი ვვარჯიშობდი.

ბატონმა გუჯამ მითხრა, რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილებასაც შემიმცირებდა. მართლაც, სანამ საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყველა თამაშში ვმონაწილეობდი და არც ტრავმას შევუწუხებივარ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მქონდა, ნამდვილად არ გამჭირვებია.

ეს ისეთი მეთოდია, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს და შესაძლოა, სპორტსმენმა ცოტა სხვანაირად აღიქვას. შესაბამისად, აუცილებელია, სპორტსმენი ენდობოდეს ამ მეთოდს და სჯეროდეს. სხვა შემთხვევაში, არაფერი გამოვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი ინდივიდუალურია და საერთო პანაცეად ნამდვილად არ გამოდგება.

"მუმუმ" არ იცოდა, ჩემი მეთოდი გუნდთან ვარჯიშსაც რომ ითვალისწინებს. ამიტომაც არის ინტერვიუს ბოლოში ფრაზა: "თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი ინდივიდუალურია და საერთო პანაცეად ნამდვილად არ გამოდგება".

წყარო - ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე, რომელმაც უამრავი ავადმყოფი გააჯანსაღა

ადრე 2 ასაკობრივი გუნდი ვავარჯიშე და სწრაფი შედეგი ყველამ დააფიქსირა, მაგრამ გახმოვანებისგან მაინც თავი შეიკავეს. ამჯერად ვავარჯიშებ ფეხბურთელთა ასაკობრივ გუნდს. შედეგებს აუცილებლად გავახმოვანებ!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა სანდრო კობახიძემ თავის მეგობართან გამოთქვა აზრი ჩემი მეთოდის შესახებ.

ნიკა ზაუტაშვილი: "ვთამაშობ კიევის "ობოლონში", 1995 წელს დაბადებულთა გუნდში. როდესაც პირველად უკრაინის დედაქალაქში ჩავედი, 30 მეტრს 4.2 წამში ვფარავდი. ეს წლინახევრის წინ იყო, შემდეგ თითქმის წლის განმავლობაში ტრენაჟორებსა და ქვიშაზე ვვარჯიშობდი და გაუმჯობესების ნაცვლად, სისწრაფე გამიუარესდა - 4.4 წამი.

სეზონის მიწურულს ლუგანსკის "ზორიაში" გასინჯვაზე მოვხვდი, სადაც გამძლეობა დამიწუნეს. ეს ამბავი ფსიქოლოგიურად განვიცადე, მაგრამ, საბედნიეროდ, უკრაინაშივე მამაჩემის მეგობარს, კობა ოდიშელიძეს შევხვდი და როდესაც ჩემი ისტორია მოვუყევი, მირჩია, თბილისში დავბრუნებულიყავი და დახმარებისთვის ბატონ გუჯა კახაძისთვის მიმემართა. გამოგიტყდებით, კობას სიტყვებს ეჭვის თვალით შევხედე, არ მჯეროდა, მაგრამ მის წინადადებას დავთანხმდი. ამასთან, უკრაინაში მოთამაშე სანდრო კობახიძესაც დავუკავშირდი და კახაძის მეთოდზე ვკითხე. სანდრომაც დადებითი შეფასება მისცა ბატონ გუჯას ვარჯიშებს - მერწმუნე, მას არავინ სჯობს და კარგ შედეგს მიაღწევო.

თბილისში ჩამოსვლის მომენტში 30 მეტრს 4.4 წამში ვფარავდი, ამასთან, არასწორად დავრბოდი, რაც მუხლების შეშუპებას იწვევდა. 5 ვარჯიშში, პრაქტიკულად, ყველაფერი ავითვისე, 15 წვრთნის შემდეგ კი 15 კილომეტრი ისე გავირბინე, სუნთქვა არ ამჩქარებია. ამტანობა ორჯერ გამეზარდა. 47 ვარჯიშის შემდეგ კი დაუჯერებელი რამ მოხდა - 30 მეტრი ზუსტად 4.0 წამში დავფარე.

წყარო - გუჯა კახაძე - 4 კომპონენტის შერწყმით რეალურად მისაღწევი საოცრება

მკითხველი:

- თქვენი მეთოდი გამოიყენება ყველა სპორტის სახეობის მიმდევრებზე თუ მხოლოდ ფეხბურთელებზე? და კიდევ ერთი - კალათბურთელებსაც შეუძლიათ მოსვლა და სად მოვიდნენ?
- მეთოდი გამოიყენება სპორტის ყველა სახეობაში, რადგან შეისწავლება: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სწრაფგამძლეობა, კოორდინაციის გაუმჯობესება, სწორად სუნთქვა, დაღლილობის მოხსნა, სტატიკური გაწელვები, ფსიქიკის კონტროლი და ტრავმირებული ადგილის სწრაფად გაჯანსაღება.

კალათბურთელებმა რამდენჯერმე მოსინჯეს და შედეგით კმაყოფილები დარჩნენ. ჩემთან, ძირითადად, ვარჯიშობენ: ფეხბურთელები, კალათბურთელები, მორაგბეები, ჩოგბურთელები, მოჭიდავეები, მოკრივეები, მოჭადრაკეები და სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცები.

შეგიძლიათ მობრძანდეთ აღმაშენებლის კორტებზე - მისამართი: აღმაშენებლის პრ.117 (გაითვალისწინეთ, ხშირად მარჯანიშვილის კორტებში ერევათ).

მკითხველი:
- გამარჯობა! მინდა ასეთი შეკითხვა დავსვა: მაქვს ოპერაცია ჯვარედინ იოგზე გაკეთებული, ასევე, მენისკი მაქვს გაგლეჯილი მეორე ფეხზე. ახლა უკვე ვვარჯიშობ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ ვენდობი ფეხს, ანუ ბრძოლაში ვერ შევდივარ და არის თქვენს ვარჯიშებში ისეთი რამ, რაც დამეხმარება, რომ თავისუფლად ვითამაშო?
- დიახ, დახმარება შემიძლია. მსგავსი შემთხვევები მქონია. აქ საჭიროა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ვარჯიშები. მსგავსი ფსიქოლოგიური პრობლემა არატრავმირებულ სპორტსმენებსაც აქვთ და ყველა ჩემთან მოსული სპორტსმენი კურსის სრულად გავლის შემდეგ (47 ვარჯიში) თამაშის დროს თავს მშვენივრად გრძნობს.

უფრო მეტიც, ეს მეთოდი სპორტის ნებისმიერ სათამაშო სახეობაში ფილიგრანულ ტექნიკას ანვითარებს.

კურსის სრულად გავლის შემდეგ შესაძლებელი ხდება ტექნიკურად ბევრად უკეთ მომზადებული მოწინააღმდეგეების დამარცხება. შეძენილი ტექნიკა დროთა განმავლობაში ჩვევაში გადადის და სპორტსმენს თუ მოზარდს, პრაქტიკულად, პოტენციურ ჩემპიონად აქცევს.

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო გუჯა! კატასტროფული სიტუაცია რომ გვაქვს ქართულ ფეხბურთში, სფფ-ის ერთ ჩინოვნიკს მაინც რატომ არ მოუვა აზრად, რომ თქვენ მიგიწვიოთ და ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლონ? მით უმეტეს, რომ თქვენი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, თქვენ გარანტიას იძლევით. იქნებ გვითხრათ, რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რამდენჯერმე მივმართე. წელს პროექტიც წარვადგინე, მაგრამ მხოლოდ დაპირება მივიღე: მოვალთ და ადგილზე ვნახავთო. ამის იქით საქმე არ წასულა.

თემურ ქეცბაიას კი ღია წერილით მივმართე.

წყარო - გუჯა კახაძე: "მინდა, რომ ეს ქეცბაიამ იცოდეს..."

უფრო მეტიც - მწვრთნელები, სელექციონერები, აგენტები და სხვ. მოდიან, ესწრებიან ვარჯიშს, გაკვირვებას ვერ მალავენ და მაინც თავს იკავებენ. მიზეზი ჩემთვის უცნობია.

უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი გუნდის დირექტორმა მითხრა: "ნამდვილად დაუჯერებელი შეძელი. მართალია, ფეხბურთელი მომიმზადე და კმაყოფილიც ვარ, მაგრამ ვიფიქრე, პირობას ვერ შეასრულებს და თავს დამანებებს-მეთქი.

არ გეწყინოს, კი დაგპირდი - შედეგი მაჩვენე და ყველა გუნდთან გამუშავებ-მეთქი, მაგრამ უარი უნდა გითხრა, ჩვენთან მწვრთნელად აყვანა სხვაგვარად ხდება".
გაგიკვირდებათ, ყოფილა შემთხვევა, მოსწავლის მშობელს უთქვამს: შედეგს ვხედავ, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რადგან ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიო.

სამაგიეროდ, ინერგება აზრი, თითქოს ქართველები ფიზიკურად სუსტები ვართ. არადა, საპირისპიროს ამტკიცებენ "ვალენსიაში" უეფას თასის მფლობელი ჩისკო, კიევის "დინამოს" ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელი ალექსანდრე შტელინი, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ავარჯიშებდა. მეც მათ აზრს ვიზიარებ. ქართველები გენეტიკურად ფიზიკურად ძლიერები ვიყავით და ვართ, მაგრამ (სამწუხაროდ) სპორტსმენების სწორად მომზადება არ ხდება.

წყარო - გუჯა კახაძე: ამ მეთოდის გამო ბევრი ჩემში მტერს ხედავს

იმედს ვიტოვებ, რომ მოვა დრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ უნიკალურ მეთოდს გზას გაუხსნის, ქართულ ფეხბურთს ბიზნესად აქცევს და სოლიდურ მატერიალურ მოგებასაც ნახავს. გულშემატკივარი კი მიიღებს თამაშის ისეთ ხარისხს, როგორსაც დიდი ხანია ელოდება და სტადიონზე მისვლა ისევ დღესასწაულად გადაიქცევა.

მკითხველი:
- 4 წლის წინ ნორმატივების ჩაბარების მიზნით თქვენთან დავიწყე ვარჯიში. სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ მივაღწიე სასურველ შედეგს (100 მეტრი - 12 წ, 3400 მ - 12 წთ). სამწუხაროდ, მას შემდეგ აღარ მივარჯიშია და მსურს ძველი ფორმის აღდგენა. რამდენი ვარჯიში დამჭირდება ამ ყველაფრისთვის?
- სერიოზული შედეგია! სწორი მოძრაობების გახსენებას 7 დღე დასჭირდება. ასევე, გასწავლი, როგორ გააგრძელო ვარჯიში ჩემგან დამოუკიდებლად და ერთ თვეში შენი ფიზიკური შესაძლებლობების პიკში იქნები.

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო გუჯა! ბევრი მსმენია თქვენი უნიკალური მეთოდის შესახებ და თუ შეგიძლიათ მომცეთ რამოდენიმე რჩევა სუნთქვის დარეგულირებაზე სირბილის დროს?
- სწორად სუნთქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სირბილის გასაუმჯობესებლად, ისე ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. ჩემთან მოსული ყველა სპორტსმენი სწავლობს სწორად სუნთქვას და იჯანსაღებს ორგანიზმს, რაც იწვევს ფიზიკური კონდიციების სწრაფ მატებას.

ჩემთვის სპორტი და ჯანმრთელობა განუყოფელი ცნებებია. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ სპორტსმენს, რომელმაც ჩემთან მოსვლამდე იცოდა: სწორად სუნთქვა, კვება დანამატების გარეშე, სწორად მოძრაობა, დასვენება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ფსიქიკის კონტროლი და ინტელექტუალური მაჩვენებლის მომატება.

სწორად სუნთქვა - ძირითადი შეცდომა, რომელსაც ადამიანი სუნთქვის დროს უშვებს, არის ღრმა სუნთქვა, რადგან ამ დროს უარესდება როგორც სირბილის ხარისხი, ასევე ჯანმრთელობა. სუნთქვა უნდა იყოს მსუბუქი და თანაბარი. ასეთი სუნთქვა ფილტვებში ჩასუნთქული აირების საჭირო რაოდენობასაც აკონტროლებს და მათ შორის ბალანსსაც ადვილად ამყარებს. ღრმა სუნთქვა კი არღვევს ჩასუნთქული აირების ბალანსს, რაც თავისთავად იწვევს უამრავ დაავადებას.

მამაკაცები უმეტესად სუნთქავენ "მუცლით" (ამ დროს ივსება ფილტვების ქვედა ნაწილი).
ქალბატონები კი სუნთქავენ "მკერდით" (ივსება ფილტვების ზედა ნაწილი). სწორად სუნთქვის დროს ჩასუნთქვა უნდა მოხდეს ფილტვების როგორც ქვედა, ისე ზედა ნაწილის ერთდროულად ავსებით. ამის შემდეგ ვაკეთებთ პაუზას და ვიწყებთ ამოსუნთქვას ფილტვების ქვედა და ზედა ნაწილით ერთდროულად. ამას მოჰყვება ისევ პაუზა და ა.შ. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა მოხდეს თანაბრად და მშვიდად.

გავმეორდები - ღრმა სუნთქვა არ შეიძლება, რადგან იწვევს ნაადრევ დაღლას და მოგვიანებით უამრავ ქრონიკულ დაავადებას (განსაკუთრებით, შაქრიან დიაბეტს).

ჰაერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცხვირით. მთელი ძალით სირბილის დროს სუნთქვა ჩქარდება და შესაძლოა, ჩასუნთქული ჰაერის რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ამ დროს ვსუნთქავთ ცხვირით და პირით ერთდროულად და ვაკონტროლებთ, რომ ცხვირით და პირით ჩასუნთქული ჰაერის რაოდენობა იყოს თანაბარი. ამოსუნთქვის დროსაც ცხვირიდან და პირიდან ამოსუნთქული ჰაერის რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი.

სწორად სუნთქვის შესწავლა ამით არ მთავრდება, მაგრამ ახლა თქვენს ორგანიზმს ზიანი აღარ მიადგება. უფრო მეტიც, გაჯანსაღების პროცესი დაიწყება. სუნთქვა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, ინდივიდუალურია და მის სწავლებას 15 დღეს ვანდომებ.

დავიმახსოვროთ - სწორად სუნთქვა იწვევს სწორად აზროვნებას, სწორად აზროვნება იწვევს სწორად მოძრაობას, სწორად მოძრაობა იწვევს ადამიანის ორგანიზმის სრულ გაჯანსაღებას. ეს კი ნიშნავს: ძლიერ იმუნურ სისტემას, წონის კორექციას დიეტის გარეშე, ენერგიულობას, კარგ გუნება-განწყობას, გონებრივი შესაძლებლობების ზრდას და ლამაზად მოძრაობას.

მაიკლ კოჯო ესიენი :) 30 წლის:
- გამარჯობა! თუ შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული ფეხბურთელი, რომელმაც გაიარა თქვენთან სრულყოფილი კურსი და ზუსტი თარიღი, როდის იყო ეს. უმჯობესი იქნება, ისეთი ფეხბურთელი დაასახელოთ, რომლის თამაშების ნახვა იქნება შესაძლებელი. ასევე, თქვენს მეთოდს არ აქვს საკმარისი რეკლამა, მაგალითად, შეგიძლიათ მარტივად გადაიღოთ კამერით ფეხბურთელი, სანამ თქვენთან მოვიდოდა და შემდეგ, როდესაც გაუმჯობესდა მისი დონე და განათავსოთ YOUTUBE-ზე.
- ლუკა ნადირაძე (17 წლის), 35-ე საფეხბურთო სკოლა (სექტემბერი, ოქტომბერი 2013 წ), 47 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სწრაფგამძლეობა, გრავიტაციის შემცირება, სწორად სუნთქვა, სტატიკური გაწელვები, სირბილით დასვენება, ტრავმის სწრაფად მოშუშება, მხრის დარტყმა, ზუსტი პასის გაკეთება და კარში დამიზნებით დარტყმა.

დათო რუხაია (18 წლის), "ადელი" (ივნისი, 2013 წ), 47 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სწრაფგამძლეობა, სწორად სუნთქვა, კვება, სტატიკური გაწელვები, გრავიტაციის შემცირება, სირბილით დასვენება, ტრავმის სწრაფად მოშუშება და კარში დამიზნებით დარტყმა.

იოანე ტაბატაძე (8 წლის), "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლა (აპრილი, მაისი 2013 წ), 23 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სირბილით დასვენება და კარში დამიზნებით დარტყმა.

ჯაბა ჯამარიშვილი (20 წლის), "კახეთი" , მხოლოდ ვარჯიშობს (მარტი 2013 წ), 10 ვარჯიში კომპიუტერით. შეისწავლა ამტანობის მაქსიმუმამდე გაზრდა.

თედო გრიგალაშვილი (19 წლის), U21,"ზესტაფონი" (იანვარი, 2013 წ), სანაკრებო 3 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, გრავიტაციის შემცირება, სტატიკური გაწელვები, სირბილით დასვენება, ტრავმის სწრაფად მოშუშება და ზუსტი პასის გაკეთება.

ბექა ბექაური (11 წლის), "დინამოს" აკადემია (ივნისი, სექტემბერი, 2012 წ), 47 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სწრაფგამძლეობა, სირბილით მასაჟი, სწორად სუნთქვა, სტატიკური გაწელვები, სირბილით დასვენება, ტრავმის სწრაფად მოშუშება, ფსიქიკის კონტროლი, ზუსტი პასის გაკეთება და კარში დამიზნებით დარტყმა.

ზურა გელაშვილი (23 წლის), "ივერიონი" (აპრილი, მაისი, 2011 წ), 47 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სწრაფგამძლეობა, გრავიტაციის შემცირება, სწორად სუნთქვა, კვება დანამატების გარეშე, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, სტატიკური გაწელვები, სირბილით დასვენება, ტრავმის სწრაფად მოშუშება, სირბილით მასაჟი, ფსიქიკის კონტროლი, სწრაფად აზროვნება და ზუსტი პასის გაკეთება.

სანდრო კობახიძე (26 წლის), პირველი ნაკრები, "დნიპრო" (ნოემბერი, 2010 წ), 11 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობის მაქსიმუმამდე გაზრდა და სირბილით დასვენება.

დათო დარციმელია (18 წლის), U19, "ალგეთი" (ივნისი, ივლისი, 2010 წ), 32 ვარჯიში. შეისწავლა: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე, სწორად სუნთქვა, სტატიკური გაწელვები, მხრის დარტყმა, სირბილით დასვენება და კარში დამიზნებით დარტყმა.

მკითხველი:
- ბატონო გუჯა, რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ფეხბურთსა და ჩოგბურთში?
- ჩემი მეთოდი "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" ყველაზე მეტად ქართველ ფეხბურთელებს და ჩოგბურთელებს სჭირდებათ, რადგან დიდი ხანია, გამუდმებული სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

ჩოგბურთს მაშინ ვისწავლით, როდესაც მივხვდებით, რომ განსხვავებული სირბილი სჭირდება. ლაპარაკია სირბილის ტექნიკაზე, რომელიც ენერგიის აღდგენას (კორტზე თამაშის დროს) სირბილითვე იწვევს.

სირბილის დღემდე არსებული ყველა ტექნიკა ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. ამიტომ ადამიანი ნელ-ნელა იღლება და ბოლოს ჩერდება. სირბილის ჩემ მიერ შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი ტექნიკა კი ნებისმიერი ასაკის სპორტსმენს, პრაქტიკულად, დაუღლელს ხდის.

ფეხბურთი საქართველოში ფიზმომზადების მოძველებული მეთოდების გამო ისე "განვითარდა", რომ ევროტურნირების ელიტაში ქართული კლუბების ადგილი არ აღმოჩნდა. კომაში ყოფნის მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს მაინც დიდი პოტენციალი აქვს. მეც თქვენსავით ვაღიარებ ჩვენი მოზარდების გამორჩეულ ნიჭს და საოცარ ტექნიკას, მაგრამ დროთა განმავლობაში, მომავალი "ვარსკვლავები" სადღაც ქრებიან.

ხშირად მიფიქრია: ქართველი ფეხბურთელებიდან რატომ ვერავინ აღწევს იმ შედეგს, რასაც ვარსკვლავობა ჰქვია? მიზეზი ბევრია, მაგრამ ფეხბურთის წინსვლა თუ გვინდა, საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

1) ბავშვთა ფეხბურთი - აუცილებელია გახდეს უფასო.

2) ნაკრების მწვრთნელების ანაზღაურება - მხოლოდ შედეგის მიხედვით!!!!

3) ფეხბურთის გადასარჩენად - უნდა მივეჩვიოთ სიმართლის თქმას. ფეხბურთის ქართველი სპეციალისტებისგან ხშირად გამიგონია: სიმართლეს არ ვამბობ, ჩემს მეგობრებს რომ არ ვაწყენინოო. დროა, სპეციალისტებმაც ამოიღონ ხმა და თქვან, რა გვჭირს ასეთი უსაშველო. ჩვენ გარდა, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში!

4) წინასწარ ვაღიაროთ, რომ - დამარცხება მხოლოდ მწვრთნელის ბრალია, გამარჯვება კი ყველასი ერთად. ასე თუ ვიფიქრებთ, უფრო სწრაფად ვივლით წინ და ქართველი ფეხბურთელების პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ.

5) ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ ამბიცია და აზრიანი დაგეგმარება, სადაც "იჩქარე ნელა" აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანს ფიზიკური ენერგია აქვს ყველაზე ნაკლები, გონებრივი კი ყველაზე მეტი. ვისწავლოთ გონებრივი ენერგიის გამოყენება და პრაქტიკულად, დაუღლელნი გავხდებით.

ყველა წამყვან უცხოურ კლუბს დაქირავებული ჰყავს მეცნიერები, რომლებიც ატარებენ ექსპერიმენტებს და მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს, რაც ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს გაზრდის.

ჩვენ არც მილიონები გვაქვს და არც დრო, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ. სამაგიეროდ, გვაქვს მეთოდიკა, რომელიც მართლაც რომ ღვთის საჩუქარია. უკვე 10 წელია ვიცით, როგორ შევკრიბოთ ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი ენერგიები და მივმართოთ სპორტსმენის ფიზიკური კონდიციების გასაზრდელად.

მართალია, საქართველოში მოღვაწე მედიკოსებისა და სპორტის მესვეურებისთვის ეს ცოდნა "უღრანი ტყე" აღმოჩნდა, მაგრამ ვინც ნახა და დარწმუნდა, რომ ეს ყოველივე რეალობაა, მაინც თავი შეიკავა. რატომ? ამ შეკითხვაზე პასუხს ყველა ერიდება.

6) საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ - თანამედროვე ფეხბურთში სწრაფგამძლეობის მომატება არის პირველი აუცილებლობა. რამდენ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია 40 წუთში დაფაროს 10 კილომეტრი? ეს თანამედროვე ფეხბურთელისთვის აუცილებელი ტესტია. ამის გარეშე დიდ ფეხბურთს ახლოსაც კი ვერ გავეკარებით და მხოლოდ ილუზიებში ვიცხოვრებთ!

7) სასწრაფოდ - დავძლიოთ ინტელექტუალური ჩამორჩენა ფეხბურთში.

წყარო - ვაჟა ჟვანია: ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულია

8) დავასაქმოთ - შედეგზე პასუხისმგებელი კვალიფიციური მწვრთნელები.

გიორგი ჩირგაძე: "რედ ბულს" მარტო ფიზმომზადებაში სამი მწვრთნელი ჰყავდა. პირველი გამძლეობაზე გვავარჯიშებდა, მეორე - სირბილში, მესამე - ტრენაჟორების დარბაზში. ყველა ვარჯიშის შემდეგ გულის მდგომარეობას გვიმოწმებდნენ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენთან "ფიზიკაში" პრობლემა აშკარაა და ამიტომაცაა მატჩებში დაბალი ტემპი. მაგრამ საქართველოში ისეთი ნიჭიერი ბიჭები ვნახე, ბევრის მიღწევა რომ შეუძლიათ".

წყარო - გიორგი ჩირგაძე: ტიერი ანრიმ ბევრი რამ მასწავლა


9) მივეჩვიოთ სიახლეების ძიებას - ეს არის მწვრთნელის ზრდის აუცილებელი პირობა. სხვისი კოპირება სერიოზულ შედეგს ვერასდროს მოგვიტანს. გამოცდილების გაზიარება აუცილებელია, ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მაგრამ აუცილებელია, არსებული გამოცდილება გუნდის ხასიათს მოვარგოთ. სწრაფი შედეგის მისაღწევად ნებისმიერ სიახლეს სასურველია, გარანტიაც ახლდეს.

10) გავიხსენოთ, რატომ იყო წარმატებული საქართველოს ნაკრებად წოდებული "თბილისის დინამო"? ესენია: გენიალური მწვრთნელი, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მუდმივი სწორი სელექცია.

ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელიმე ქართულ საკლუბო გუნდს არ ჩაუდგება სათავეში, ვფიქრობ, არაფერი გვეშველება და მხოლოდ წარსულით ცხოვრებას უნდა დავჯერდეთ (ფეხბურთთან მიმართებაში).

11) მუდამ გვახსოვდეს - ყველაზე დიდი ნიჭი არის შრომისმოყვარეობა. თუ ამას ფეხბურთის ნიჭიც დაემატა...

...და ბოლოს: ვფიქრობ, ქართულ ფეხბურთს სწრაფი შედეგები და მიუკერძოებელი ჟურნალისტები გადაარჩენენ!!!!

მკითხველი:
- რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ თქვენ კომპიუტერითაც შეგიძლიათ ხალხი ავარჯიშოთ?
- Skype-ით მართლაც ვავარჯიშებ და აქ გასაკვირი არაფერია. ვიდეოთვალის დახმარებით, დედამიწის ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი ადამიანის დანახვა.

ხმაც კარგად ისმის და პრობლემა რატომ უნდა იყოს? მართალია, ჩემს მოსწავლეებს და პაციენტებს უძნელდებათ ხმამაღლა აღიარება, რომ კომპიუტერის დახმარებით ვავარჯიშე ან გამოვაჯანმრთელე, მაგრამ ეს სიმართლეა.

ერთი პაციენტი Skype-ით დამიკავშირდა. 3 მალა ჰქონდა გაბზარული. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ 6 წლის რებილიტაციურმა მკურნალობამ ვერაფერი უშველა. ყავარჯნებით ტანი წინ გადაჰქონდა და მერე ფეხებს მიაჩოჩებდა.

არ სჯეროდა, კომპიუტერით თუ ვუშველიდი, მაგრამ სხვა გზაც არ ჩანდა და მკურნალობაზე დამთანხმდა. 14 ვარჯიშის შემდეგ უყავარჯნოდ დადიოდა. კიდევ 10 დღე გავიდა და რამდენიმე ნიბიჯის გარბენა შეძლო. არ დაუმალავს და გულახდილად მითხრა: ვინც გაიგებს, რომ ყავარჯნები ერთ თვეში გადამაგდებინე, ალბათ, არ დაიჯერებს, მაგრამ სად გავამხილო, ეს ყველაფერი კომპიუტერით რომ გააკეთე? ეს თუ წამომცდა, დარწმუნებული ვარ, გიჟად ჩამთვლიანო.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გუჯა! კატასტროფული სიტუაცია არის ქართულ ფეხბურთში და საერთოდ, ქართულ სპორტში და თუ შეიძლება, გვითხარით, რა ეშველება ამ ყველაფერს? ძირითადად, ფეხბურთს?
- საქართველოში, კერძოდ, ფეხბურთში, თამაშის ძალიან დაბალი ტემპია, რადგან ფიზიკური კონდიციების კუთხით ნამდვილი კატასტროფაა. მიზეზი მარტივია - მოძველებული ფიზმომზადების სისტემები.

ქართველი სპორტსმენები, წონის მიუხედავად (მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე) უმეტესად მძიმედ დარბიან, რაც იწვევს ნაადრევ დაღლას და სახსრების, კუნთების, მყესებისა და შინაგანი ორგანოების სერიოზულ დაზიანებას. ჩემთვის სპორტი და ჯანმრთელობა განუყოფელი ცნებებია. ამიტომაც შევქმენი სირბილის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა "47+5".

საინტერესოა, ჩემს მოსწავლეს თუ შეუძლია მაღალ ტემპში 2 ტაიმი ითამაშოს და არ დაიღალოს, ქართულმა კლუბებმა რატომ არ უნდა გამოიყენონ? ლაპარაკია სირბილის ტექნიკაზე, რომელიც ენერგიის აღდგენას სირბილითვე იწვევს.

სირბილის დღემდე არსებული ყველა ტექნიკა ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. ამიტომ ადამიანი ნელ-ნელა იღლება და ბოლოს ჩერდება. სირბილის ჩემ მიერ შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი ტექნიკა კი ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელს, პრაქტიკულად, დაუღლელს ხდის.

წლების განმავლობაში ვეცნობოდი მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს სხვადასხვა სფეროში.

დაგროვდა უამრავი მასალა, რამაც საშუალება მომცა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების თანამედროვე სისტემა "47+5" შემექმნა და პრაქტიკაში გამომეცადა.

სამყარო სავსეა თავისუფალი ენერგიით, რომელიც გვეუბნება - გამომიყენე! საქართველოში ფიზიკური კონდიციების მოსამატებლად მხოლოდ ფიზიკურ ენერგიას იყენებენ.

ჩვენ გარდა, ყველა ცდილობს იპოვოს რაღაც, რაც სპორტსმენს თუ რიგით ადამიანს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ამისთვის უცხოურ საფეხბურთო კლუბებში დაქირავებული ჰყავთ უამრავი მეცნიერი, ხარჯავენ მილიონებს და ეძებენ რაღაც ახალს, რაც სპორტსმენს მოწინააღმდეგის ადვილად დამარცხებაში დაეხმარება. ჩვენ არც მილიონები გვაქვს და არც დრო, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ.

სამაგიეროდ, გვაქვს მეთოდიკა, რომელიც მართლაც რომ ღვთის საჩუქარია. უკვე 10 წელია ვიცით, როგორ შევკრიბით ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი ენერგიები და მივმართოთ სპორტსმენის ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად.

მართალია, საქართველოში მოღვაწე მედიკოსებისა და სპორტის მესვეურებისთვის ეს ცოდნა "უღრანი ტყე" აღმოჩნდა, მაგრამ ვინც საკუთარი თვალით ნახა, დარწმუნდა, რომ ეს ყოველივე რეალობაა.

ქართველი ფეხბურთელები ჩემი მეთოდით მხოლოდ აღდგენას თუ ისწავლიან, თამაშის ბოლოს ისეთივე ფიზიკურ ფორმაში იქნებიან, როგორშიც თამაშის დასაწყისში იყვნენ (აღდგენა თამაშის დროს სირბილითვე ხდება) და მეორე დღეს ჩვეულებრივ ვარჯიშს ჩაატარებენ.

ვისაც ქართული ფეხბურთის განვითარება უნდა, ადვილად მიხვდება, რომ კარში ზუსტად დარტყმა ჯანმრთელი და დასვენებული ფეხბურთელისთვის ბევრად უფრო ადვილია. საკმარისია (ჩემი მეთოდიკით) ვისწავლოთ: მსუბუქად სირბილი, ორგანიზმის გაჯანსაღება, სირბილით დასვენება და გონების და გრძნობების მართვა. ამის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობაც მაშინვე მოიმატებს.

ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩემი ვარჯიშების მხოლოდ 10% ეთმობა მსუბუქ ფიზიკურ მომზადებას, დანარჩენი 90% კი გონებრივ ვარჯიშებზე მოდის, რაც სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ამიტომაც არის შედეგი ასეთი სწრაფი. მეთოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ ტრავმის მოშუშება, რეაბილიტაცია და ფიზიკური ფორმის აღდგენა ერთდროულად ხდება. ამიტომ მინდორზე ტრავმირებული ფეხბურთელის სრულფასოვანი დაბრუნება ძალიან სწრაფად ხდება. მსურველებს ასევე ვასწავლი სწრაფად აზროვნებას, გონების და ემოციების მართვას.

წყარო - გუჯა კახაძე: "47+5 მეთოდის ორდღიანი ვარიანტი წელიწადის შედეგს იძლევა"

მიმაჩნია, რომ ფეხბურთში და ზოგადად, ქართულ სპორტში ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების კუთხით უამრავი პრობლემაა, რაც ძირითადად, ინტელექტის ნაკლებობის ბრალი უნდა იყოს.

წყარო - ვაჟა ჟვანია: ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულია

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გუჯა! რატომ არ შუქდება ტელევიზიით და რატომ არ ინტერესდებიან ჟურნალისტები, თუ ყოველივე ეს მართალია?
- ვფიქრობ, ქართული ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის განვითარებაში ყველაზე მეტად ჟურნალისტები დაგვეხმარებიან. ეს ინტერნეტკონფერენციაც ამის მცდელობაა, რისთვისაც რედაქციის მთელ შემადგენლობას მადლობას ვუხდი.

ფეხბურთის გულშემატკივრებისგან აუცილებლად მიმაჩნია პირდაპირი ტელეეთერის მოთხოვნა, სადაც ჩემთან ერთად მიწვეულები იქნებიან ჩემი მეთოდის ოპონენტები. ტელემაყურებლების შეკითხვებსაც გაეცემა პასუხები და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა: სჭირდება თუ არა ჩემი მეთოდი ქართულ სპორტს?

მე პირადად, ორჯერ მქონდა შეხვედრა დიმა ობოლაძესთან. დამპირდა: მოვალ, გადავიღებ და პირდაპირ ეთერში მოგიწვევო.

ორჯერ პირდაპირ ეთერში დავუკავშირდი დავით მინაშვილს. დამპირდა: ფეხბურთელს მოვიყვან და შედეგის ჩვენების შემთხვევაში, სტუდიაში მოგიწვევო.

ლაშა დვალიშვილს ერთხელ შევხვდი. ჩემი მეთოდით დაინტერესდა. ტელემაყურებელმა პირდაპირ ეთერში დაურეკა და სთხოვა, აზრი გამოეთქვა ჩემს ვარჯიშებზე. ლაშა ტელემაყურებელს დაპირდა: მალე სტუდიაში მოვიწვევ და თქვენ თვითონ შეძლებთ, კითხვები დაუსვათო.

პირდაპირ ეთერში ჯერ არცერთ სპორტულ ტელეჟურნალისტს არ მივუწვევივარ. ვფიქრობ, უძნელდებათ დაჯერება, რომ ეს ყოველივე რეალურია და ქართულ ფეხბურთს წარმატებას მოუტანს.

სამაგიეროდ, გამოჩნდა გაბედული ქალბატონი, ჟურნალისტი მარინა ბერაძე და მიმიწვია გადაცემაში: "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" (მედია-კავშირი "ობიექტივი").

მკითხველი:
- ბატონო გუჯა, მაინტერესებს, რატომ უნდა მოვიდე თქვენთან და არა სხვა ფიზმომზადების მწვრთნელთან?
- ქართულ ფეხბურთში, ძირითადად, ფიზიკური კონდიციების, ტრავმების მოშუშების და კარში ზუსტად დარტყმის პრობლემა გვაქვს.

თემურ ქეცბაიამ ერთ-ერთ გადაცემაში გულისტკივილით აღნიშნა: "ერთ კვადრატულ მეტრში ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი სირბილია და თუ არ შეგიძლია, იძულებული ხარ, დაცვაში იჯდე. თავდასხმას რომ ეხმარები, მერე უკან უნდა ჩამოხვიდე და დაცვას მიხედო. თუ სირბილი არ შეგიძლია, მუდმივად დაცვაში გიწევს ჯდომა. სირბილი რომ აღარ შემეძლო, ფეხბურთელობას იმიტომ დავანებე თავი".

ალბათ, იშვიათად ნახავთ ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც უყვარს სირბილი. ჩემი მეთოდი კი სირბილს აადვილებს და სასიამოვნოს ხდის. ამიტომ არის, ჩემი მოსწავლეები 2 ტაიმის განმავლობაში მუდმივად რომ მოძრაობენ.

სხვა როგორ ავარჯიშებს და რას ასწავლის, ჩემი გასარჩევი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, ჩემი მეთოდის შესახებ დაუფარავად შემიძლია მოგიყვეთ.

ჩემთან მოსული ფეხბურთელი, ფიზმომზადებასთან ერთად, ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გადის. ამიტომაც 47 მსუბუქ ვარჯიშში იღებს ისეთივე შედეგს, როგორსაც სხვა 1 წლის განმავლობაში მხოლოდ მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშით მიიღებს.

ყველა ჩემი ვარჯიში ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება. ამიტომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილებაც მცირდება.

პირველი, რასაც ფეხბურთელს ვასწავლი, არის: დაიმახსოვრე, თუ ჩემს დავალებას ვერ ასრულებ ან თამაშის მაღალი ტემპი გღლის, მხოლოდ ჩემი ბრალია. ე. ი. კარგად ვერ გასწავლე.

ამას მოჰყვება პირველი შეკითხვა, რომელსაც ახალ მოსწავლეს ვუსვამ: როგორ განვასხვავოთ სირბილი სიარულისგან? დარწმუნებულნი არიან, რომ სისწრაფით. გავიხსენოთ, რომ ძუნძულით მორბენალს სწრაფად მოსიარულე ყოველთვის ასწრებს. ასე რომ, პასუხი არასწორია. მოსწავლეს ვაძლევ გარკვეულ დროს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად და ვაგრძელებ...

მეორე შეკითხვა: რატომ მოვიდა ჩემთან, როდესაც ამდენი "ტიტულოვანი" ფიზმომზადების მწვრთნელი გვყავს? პასუხი: თქვენი მოსწავლე ვნახე, 2 ტაიმი მაღალ ტემპში ითამაშა და საერთოდ არ დაღლილა.

მესამე შეკითხვა: საქართველოს ჩემპიონატისთვის მოგამზადო თუ უცხოეთში აპირებ წასვლას? პასუხი: მირჩევნია უცხოეთისთვის.

მეოთხე შეკითხვა: რით განსხვავდება კარგი ფეხბურთელი ვარსკვლავისგან? პასუხის ნაცვლად არის პაუზა... ხანგრძლივი პაუზა...

მეხუთე შეკითხვა: რამდენი ფულის შოვნას გეგმავ კარიერის მანძილზე? აქ პასუხი უმეტესად არასწორია, რადგან თვლიან, რომ ბევრი ფულის შოვნას აპირებენ. დავიმახსოვროთ - შრომისმოყვარე ფეხბურთელი ძალიან ბევრი ფულის შოვნაზე უნდა ფიქრობდეს.

ამას მოჰყვება განმარტება, თუ რით განსხვავდება ჩემთან ნასწავლი სირბილი ყველა დანარჩენისგან - სირბილის დღემდე არსებული ყველა ტექნიკა ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ამიტომ ადამიანი ნელ-ნელა იღლება და ბოლოს ჩერდება. სირბილის ჩემ მიერ შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი ტექნიკა კი ენერგიის გამომუშავებას იწვევს, რაც ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელს, პრაქტიკულად, დაუღლელს ხდის... და ვიწყებ ფეხბურთელის სისწრაფის და ამტანობის შემოწმებას. ასევე, ვადგენ ტრავმების სირთულეს და რაოდენობას (ტრავმა, რომელიც თავისით მოშუშდა განკურნებულად მიაჩნიათ, ეს კი სერიოზული შეცდომაა).

ვარჯიშის დაწყებამდე მოსწავლის მშობელს ვეკითხები: "საჩვენებელი ვარჯიშები სჭირდება თუ მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული"?

პასუხი: "რა თქმა უნდა, მაქსიმალური შედეგი გვჭირდება".

ჩემი ვარჯიშები სინამდვილეში წარმოადგენს საკმაოდ რთულ, თვალისთვის ძნელად შესამჩნევ მეთოდს, რომელიც სპორტის ნებისმიერ სათამაშო სახეობაში ფილიგრანულ ტექნიკას ანვითარებს.

...და ბოლო წესი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება - ჩემთან ვარჯიშის შემთხვევაში შედეგი გაუმჯობესდება ყოველდღე. თუ რომელიმე ვარჯიშზე შედეგი არ გაუმჯობესდა, იმ ვარჯიშის თანხას უკან ვაბრუნებ (ვარჯიშის საფასურს მოსწავლე იხდის ყოველდღიურად, ვარჯიშის წინ).

თუ მოსწავლე არ მომისმენს, იმ ვარჯიშის თანხასაც უკან ვაბრუნებ, მაგრამ თუ იგივე კიდევ ერთხელ განმეორდა, ერთმანეთს მეგობრებად დავშორდებით.

ურთიერთშეთანხმების შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვადგენ ინდივიდუალურ პროგრამას და მეორე დღიდან ვიწყებთ ინტენსიურ ვარჯიშს (შედეგის გარანტიით).

ფეხბურთელები ჩემთან შეისწავლიან: 1. ამტანობის, 2. სისწრაფის, 3. სასტარტო სისწრაფის, 4. სწრაფგამძლეობის და 5. სისხარტის მაქსიმუმამდე გაზრდას; 6. სწორად სუნთქვას, 7. სითხის დანაკარგის შევსებას, 8. სწორად კვებას, 9. წონის კორექციას დიეტის გარეშე, 10. დასვენებას და 11. ძილის რეჟიმის მოწესრიგებას; 12. სტატიკურ გაწელვებს, 13. სწორად სიარულს, 14. ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას, 15. სირბილით თვითმასაჟს, 16. თამაშის დროს გაჭიმული კუნთის მოედანზევე მოშუშებას, 17. კოორდინაციის გაუმჯობესებას, 18. მხრებში მოხრილობის გასწორებას და 19. მოდუნებას; 20. მაღალ სისწრაფეზე გაჩერებას და 21. მსუბუქად დაცემას; 22. სირბილით დასვენებას, 23. სირბილით რეზონანსის გამოწვევას ენერგიის დიდი რაოდენობის დასაგროვებლად, 24. ენერგიების შეკრებას და 25. გრავიტაციის შემცირებას; 26. სწრაფად აზროვნებას, 27.ნებისყოფის გამომუშავებას და 28. ემოციების მართვას; 29. მხრის დარტყმას, 30. მაღალ ბურთზე ბრძოლას, 31. ზუსტი პასის გაკეთებას და 32. კარში დამიზნებით დარტყმას.

ჩნდება კითხვა: აბა, რაღა ასწავლეს?

ზემოთ ჩამოთვლილიდან ვარჯიშების უმეტესობა ფსიქოლოგიურია, რადგან ვასწავლი არა რა გააკეთოს (ეს უკვე ნასწავლი აქვთ), არამედ როგორ გააკეთოს. ასეთი ვარჯიშით ფეხბურთელი არ იღლება, სწრაფ შედეგს იღებს და მისი სატრანსფერო ღირებულებაც საგრძნობლად იზრდება.

სამაგიეროდ, მე ძალიან ვიღლები და ენერგიის აღდგენას საკმაო დროს ვანდომებ.

მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს ფეხბურთის განვითარებისათვის ყველა ნორმალური ქვეყანა იყენებს.

როდესაც ამას მივხვდებით, ისინი ბევრად წინ იქნებიან წასულნი. დროა, მივხვდეთ, რომ მეთოდიკა, რომელსაც გთავაზობთ, უნიკალურია და ქართულ ფეხბურთს კრიზისიდან ძალიან სწრაფად გამოიყვანს. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ღირსების საქმეც არის.

მკითხველი:
- რომელ დაავადებებს მკურნალობთ?
- ეს მეთოდი ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა, მაგრამ წარმატებით ებრძვის შემდეგ დაავადებებს: პარკინსონს, ანევრიზმას, ინსულტს, ხერხემლის გამრუდებას, დისკოზს, მალებშორის თიაქარს, მხრებში მოხრილობას, კოქსართროზს, ენერგიის სიმცირეს, დაქვეითებულ იმუნიტეტს, რევმატიზმს, ჭარბწონიანობას, უძილობას, ოპერაციის და ტრავმის შედეგად შეზღუდულ მოძრაობებს, კუნთის და მყესის დაჭიმულობას და სხვ. (გარდა შინაგანი ორგანოებისა).

წყარო - "ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე" პარკინსონსაც ამარცხებს?!
მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ მომწერეთ პირადი ნომერი რო დავეკონტაქტო. შვილის თაობაზე.
რუსლანი
20:19 03-07-2019
0

სიახლეები პოპულარული