გუჯა კახაძე: ამ მეთოდის გამო ბევრი ჩემში მტერს ხედავს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელების ფიზიკური სისუსტე ცნობილი ამბავია. ახალი (უცნაურიც) კი ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარება, თურმე, დატვირთვების გარეშეც ყოფილა შესაძლებელი.

დიახ, თბილისელმა არქიტექტორმა გუჯა კახაძემ სპორტსმენების მომზადების უნიკალური მეთოდიკა - "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე" - შეიმუშავა. ის მოკლე პერიოდში აღწევს შედეგს, თუმცა ჩვენში რატომღაც სიახლეების დანერგვას ერიდებიან.

კახაძის მეთოდი კი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ფიზმომზადების სპეციალისტები ეყრდნობოდნენ.

აი, რას გვიყვება ჩვენი რესპონდენტი:

წარუმატებელი მძლეოსნის აღმოჩენა
- ინერგება აზრი, თითქოს ქართველები ფიზიკურად სუსტები ვართ. არადა, საპირისპიროს ამტკიცებს კიევის "დინამოს" ფიზმომზადების ყოფილი
მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ავარჯიშებდა. მეც ამ აზრზე ვარ - გენეტიკურად, ქართველები ფიზიკურად ძლიერები ვიყავით და ვართ, მაგრამ სპორტსმენების სწორად მომზადება არ ვიცით, რაც ადვილი საქმეა.

10 წელია, ვარჯიშების ახალი სისტემა შევიმუშავე, რომელსაც მოკლე დროში ფიზიკური კონდიციების საგრძნობი მატება და ორგანიზმის მაქსიმალური გაჯანსაღება შეუძლია; თანაც, სპორტსმენი მინიმალურ ენერგიას ხარჯავს. აქ 90 პროცენტი ფსიქოლოგიური მომზადებაა და მხოლოდ 10 - ფიზიკური, ისიც დატვირთვის გარეშე. ამ დროს პულსიც არ უჩქარდებათ.

რაც შეეხება თავად მეთოდს. ყველაფერი ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება. მძლეოსანი ვიყავი, თანაც წარუმატებელი და კიდევ კარგი, ასე იყო. რაც უფრო მეტს ვცდილობდი, შედეგები მით უფრო მიუარესდებოდა და მე-9 კლასში სპორტს შევეშვი.

მიზეზებზე ბევრი ვიფიქრე და სრულიად შემთხვევით ერთ აღმოჩენამდე მივედი. არსებობს დაფარული ცოდნა, რომელსაც კომუნისტები გვიმალავდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არქივები გაიხსნა და ისეთი მასალები აღმოვაჩინე, დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი - სპორტსმენი ვარჯიშით კი არ უნდა მოკლა, არამედ მრავალმხრივი უნდა გახადო.

არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე და ვიცი, რომ უმცირესი ენერგია სხვა ენერგიასთან რეზონანსში საოცარ ძალას წარმოქმნის და შენობებს ანგრევს. მაგალითად, ჯარისკაცებმა ხიდზე მწყობრი ნაბიჯით თუ გაიარეს, ხიდი დაინგრევა.

ამას გარდა, ეკლესიური სწავლებიდან ვიცით, რომ ადამიანს ენერგიის ოთხი წყარო გააჩნია - ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი. ჩვენი სპორტსმენები მხოლოდ ფიზიკურს იყენებენ. არადა, დანარჩენი სამიც აუცილებელია. ვიფიქრე, ფიზიკურ ენერგიას სხვა წყაროსთან რეზონანსში თუ მოვიყვანდი, ადამიანი უდიდეს ძალას წარმოქმნიდა და ვერ დაიღლებოდა.

საბოლოოდ, ამ რეზონანსის გამოწვევა მოვახერხე.

ევრიკა! იკურნებიან!
- თუ ტრადიციული მეთოდით ბავშვის მომზადებას წლები სჭირდება, ჩემთან ეს 47 დღეში ხდება. უბრალოდ, ვასწავლი, როგორ გააკეთოს საქმე იოლად. ამის შემდეგ ვისთანაც უნდა მივიდეს, ვერ დაიღლება, რადგან მოძრაობაში ფიზიკურ ენერგიას არ ხარჯავს - ის ხომ ტრადიციული ერთის ნაცვლად, ენერგიის ოთხი წყაროდან იკვებება. ამიტომაა, ჩემთან ნავარჯიშები სპორტსმენები უდიდეს შვებას რომ გრძნობენ. ოღონდ ამ ენერგიების გამოყენება უნდა ასწავლო.

ამ მეთოდით ჯერ ჩემი შვილი ვავარჯიშე. ფეხბურთიდან დაბრუნებული კიდევ საათნახევარი ისე ვარჯიშობდა, არ იღლებოდა. მერე სხვებმაც გაიგეს, მათაც დავეხმარე და მერე ხალხმა თავად მომაკითხა.

ბევრი ცნობილი სპორტსმენი მახსენდება, გაოცებული რომ წასულა ჩემგან...

ამ ვარჯიშებით მეორე აღმოჩენამდეც მივედი: ერთხელ ტრავმირებული ბავშვი მოვიდა - მუხლი მტკივა, ორ დღეში თამაში მაქვს და უნდა ვითამაშოო. ორი დღის შემდეგ ტკივილებმა გაუარა და თავადაც გაოცებული დავრჩი. მერე იგივე სხვასთანაც რომ განმეორდა, მივხვდი, რაღაც ხდებოდა. საბოლოოდ, ამ შემთხვევების წყალობით, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეთოდი ტრავმირებულთა განკურნებასაც უწყობდა ხელს.

სხვა მაგალითსაც გეტყვით: ამბობენ, მენისკი პროფესიული დაავადებააო. არადა, ეს არასწორი სირბილის შედეგია. მაგალითად, ჩემთან მოსულ არც ერთ ფეხბურთელს მენისკი არ აწუხებს. მეტიც, ბევრს დაუსვეს ეს დიაგნოზი, მაგრამ ჩემთან ყოველგვარი ოპერაციის, რეაბილიტაციისა და დიდი ხარჯის გარეშე, ვარჯიშით გამოჯანმრთელებულა, გარდა იმისა, რომ სწორი მოძრაობა სპორტსმენს ფიზიკურად აყალიბებს და აჯანსაღებს კიდეც.

ეს ბავშვობაში არასწორად ნასწავლი სირბილის შედეგია, რაც წლების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ბავშვმა დილიდან დაღამებამდე ეზოში ითამაშოს, მაგრამ ის ამ დროს ერთობა, საფეხბურთო სკოლაში კი საათ-ნახევარი თუ ორი საათი ვარჯიშით იღლება და მერე იფიტება.

მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვს ძვლის მოტეხილობის დიაგნოზი დაუდგინეს და ერთი წლით დასვენება ურჩიეს. რეალურად, ქუსლი სტკიოდა და ორ დღეში ჩვეულებრივ დატვირთვებზე გადავიყვანე. ორკვირიანი კურსით ფეხბურთელს სწორ სირბილსაც ვასწავლი, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამის შემდეგ 15 კილომეტრს ძუნძულით ისე ირბენს, დაღლა გამორიცხულია. არ დავმალავ, ამ მეთოდის გამო ბევრი ჩემში მტერს ხედავს.

კონკურენცია და შიში

- ლოგიკურად ისმის კითხვა: რატომ არც ერთი ნაკრები და კლუბი არ მომმართავს? ბევრი მცდელობაც მქონდა, ხმა მიმეწვდინა, ორ გუნდთან ვიმუშავე კიდეც და ერთი კვირის შემდეგ შედეგიც დაინახეს, ბიჭები დაფრინავდნენ, დაღლა არ იცოდნენ, მაგრამ ორივე მწვრთნელთან პრობლემა შეიქმნა. გარკვეულწილად, ჩემში კონკურენტს ხედავდნენ, ისინი კი მიჩვეულები არიან, რომ ფიზმომზადების მწვრთნელის საქმე შეითავსონ, უფრო - საფეხბურთო სკოლებში.

დატვირთვებს ისინი ადგენენ მაშინ, როცა ადამიანის ორგანიზმს ყველა არ იცნობს - როდის და რა დოზით დატვირთოს ბავშვი და ასე შემდეგ...

ბევრიც ვერ ხვდება, რომ ჩემი მეთოდი სულიერებისა და მეცნიერების ცოდნის შედეგად შევიმუშავე და არ არის შარლატანობა, მაგრამ ამით მწვრთნელებს დისკომფორტი ექმნებოდათ. კლუბების პრეზიდენტებსაც ლოგიკით ვერ აუხსნი, რომ ფეხბურთელის მომზადება დატვირთვის გარეშეც შესაძლებელია. ის ხომ ამის შესახებ პირველად ფიზმომზადების მწვრთნელს ეკითხება, რომელიც ეუბნება, რომ ჩემი მეთოდი ბლეფია.

მათი კარგად მესმის, მათ იციან ის, რაც ასწავლეს. სხვაგვარი მომზადება ვერც წარმოუდგენიათ, მაგრამ შედეგი რომ გვაქვს, ეს ფაქტია და ვერავინ უარყოფს.

უმოკლეს დროში ჩემი მოსწავლეების შედეგები იმდენად დაუჯერებელია, ვინმეს რომ გაუმხილონ, აბსურდულად მოეჩვენებათ და, შესაძლოა, გიჟადაც ჩათვალონ. მეორეცაა - გუნდები სხვაგან ვარჯიშს უკრძალავენ და გაჩუმებას ამჯობინებენ.

მუჯირს, კალაძეს და კობახიძეს არ უნანიათ...
- იქნებ ახლა დაინტერესდნენ და ეს მეთოდი ქართულ ფეხბურთში გამოვიყენოთ. არასწორი იქნება იმის თქმა, თითქოს კარგად არ მიცნობენ და ამიტომ არ მენდობიან. მაგრამ ეს მეთოდი ბევრის წარმოდგენაში არ ჯდება.

რამდენიმე პროფესიონალი ფეხბურთელი მოვიდა და რაც ვიცი, არ უნანიათ. მაგალითად, დავით მუჯირი, კახა კალაძე, სანდრო კობახიძე...

ამ მეთოდის უარყოფითი მხარე ისაა, რომ დასაჯერებლად ძნელია. სხვა უარყოფითი ჩვენება არ გააჩნია. პირველად საჯაროდ ეს მუჯირმა განაცხადა, რადგან იაპონიაში წასვლამდე შედეგები ნახა. არადა, ექიმისგან დატვირთვები აკრძალული ჰქონდა, წელი სტკიოდა და მოვურჩინე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელს სიარულითა და სირბილით ვარჩენ.

მე ვიცი თავის ტვინის ის თვისება, რაც ადამიანის ფიზიკურ გაჯანსაღებასაც იწვევს და ისიც ვიცი, ეს თვისება როგორ გავააქტიურო. ესეც დაუჯერებელია და უცნობთან რომ თქვა, გიჟად ჩაგთვლიან. ერთი ფეხბურთელი კი, ეს რომ თქვა, გუნდიდან გააგდეს...

ქვეყნის ღირსების საკითხი

- ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, რამდენიმე მწვრთნელმა, სელექციონერმა და აგენტმა საკუთარი თვალით ნახა ვარჯიშის შედეგები და დარწმუნდა, რომ მართლაც თვისობრივად ახალი მეთოდია და, ასე ვთქვათ, სპორტული ექიმბაშობა არ არის. საქმე ისაა, რომ სპორტსმენთა მომზადების ყველა ძველმა მეთოდმა უკვე თავისი დრო მოჭამა და წამყვანი ქვეყნები ახალ გზებს ეძებენ, რაშიც უზარმაზარ თანხებს იხდიან.

ჩემი მეთოდის შესახებ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში იციან, სერიოზული შემოთავაზებებიც მივიღე და საქართველომ არ უნდა გამოიყენოს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ჩვენ ერთი რამ გვჭირს ქართველებს ოდითგანვე-არ გვაქვს მიმღებლობა სხვათა აზრების რადგან საკუთარი უკეთესად გვეჩვენება... როცა სხვა გამოიყენებს ჩვენს მოქალაქეს მერე ვყვირით ვაუ რა მაგრებივართო. ვინც ჭკვიანია კი უსმენს და იყენებს ბ ნ გუჯას და შედეგსაც იღებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ სინამდვილეა რა მეთოდებსაც იყენებს გუჯა ბატონი. ჩემს შვილს გარდატეხის ასაკში დაეწყო წელის პრობლემები და ექიმების გარეშე და წამლების გარეშე მოუგვარა ეგ პრობლემა სწორი სიარულით მხოლოდ 5 გაკვეთილში. წლები გავიდა და არც წელი და არც სიარულის დროს დაღლა არ იცის დიდება უფალს და მადლობა გუჯას. სანამ გვყავს ხალხო დავაფასოთ თორემ იგივე შეცდომა განმეორდება როგორც არაერთი ქართველის მიმართ მოხდა
ლია ნარიმანიძე
10:20 08-07-2023
0
ჩვენ ერთი რამ გვჭირს ქართველებს ოდითგანვე-არ გვაქვს მიმღებლობა სხვათა აზრების რადგან საკუთარი უკეთესად გვეჩვენება... როცა სხვა გამოიყენებს ჩვენს მოქალაქეს მერე ვყვირით ვაუ რა მაგრებივართო. ვინც ჭკვიანია კი უსმენს და იყენებს ბ ნ გუჯას და შედეგსაც იღებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ სინამდვილეა რა მეთოდებსაც იყენებს გუჯა ბატონი. ჩემს შვილს გარდატეხის ასაკში დაეწყო წელის პრობლემები და ექიმების გარეშე და წამლების გარეშე მოუგვარა ეგ პრობლემა სწორი სიარულით მხოლოდ 5 გაკვეთილში. წლები გავიდა და არც წელი და არც სიარულის დროს დაღლა არ იცის დიდება უფალს და მადლობა გუჯას. სანამ გვყავს ხალხო დავაფასოთ თორემ იგივე შეცდომა განმეორდება როგორც არაერთი ქართველის მიმართ მოხდა
ლია ნარიმანიძე
10:16 08-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული