უცნაური ტრანსფერი: ადრიანო გალიანი "მილანიდან" "რეალში"?

AutoSharing Option
23 ნოემბერს, "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინური კონსორციუმის ხელში გადავა და ოფიციალურად, "მილანს" ახალი მფლობელი ეყოლება.

ცვლილებები იგეგმება კლუბის მენეჯმენტშიც და "მილანს" ბევრი ისეთი პირი დატოვებს, რომლებიც კლუბში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. დიდი ალბათობით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დატოვებს ბარბარა ბერლუსკონი და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, "როსონერიდან" მიდის ადრიანო გალიანი, რომელსაც ამჟამად გენერალური დირექტორის პოსტი უკავია.

გალიანიმ ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ წასვლას აპირებს:

"ველაპარაკე მომავალ მესვეურებს და ჩვენ გაგვიჭირდა საერთო ენის გამონახვა. შემომთავაზეს "მილანში" დარჩენა, თუმცა სულ
სხვა პოზიციაზე, მე კი ამისთვის მზად არ ვარ. თუ "როსონერიში" დავრჩები, აუცილებლად გენერალური დირექტორის პოზიციაზე, თუმცა ჩინელ ინვესტორებს ეს ვარიანტი არ მოსწონთ. ამიტომ მე უკვე მქონდა საუბარი სილვიო ბერლუსკონისთან და, როგორც ჩანს, ჩემ ცხოვრებაში ერთი დიდი ეტაპი სრულდება".

ადრიანო გალიანი "მილანში" 1986 წლიდან მუშაობს და ჯერ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, დღეს კი გენერალური დირექტორის პოსტი უკავია. როდესაც სილვიო ბერლუსკონის იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და სხვა ყველა საქმიანობა ეკრძალებოდა, კლუბის პრეზიდენტის პოსტს სწორედ გალიანი იკავებდა. აქვე ვთქვათ, რომ ბოლო ცნობებით, "მილანის" ახალი მესვეურები გალიანის ადგილზე მარკო ფასონეს დანიშვნას აპირებენ, რომელმაც "ინტერში" მუშაობით გაითქვა სახელი.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა გალიანის მადრიდის "რეალში" გადაბარგებასთან დაკავშირებით - გამოცდილ ფუნქციონერს კარგი ურთიერთობა აქვს ესპანური გრანდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და როგორც ჩანს, ამ ურთიერთობას საქმიანი გაგრძელება ექნება. ზოგადად, პერესი ყოველთვის სწყალობდა იტალიელებს - მისი პრეზიდენტობის დროს "რეალს" ფაბიო კაპელო და კარლო ანჩელოტი წვრთნიდნენ, ერთი ხანობა კი კლუბის მენეჯმენტში არიგო საკი დაასაქმა.

თუმცა, გალიანის კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - კულუარული ინფორმაციით, მას "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტობა სურს და არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ეს ორგანიზაცია კი სერია A-ს და სერია B-ს ჩატარებას უზრუნველყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული