"ლოკერენის" ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ინფარქტისგან გარდაიცვალა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ექიმებმა ბელგიელი ფეხბურთელის, გრეგორი მერტენსის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ორშაბათს "ლოკერენის" მოთამაშეს "გენკთან" შეხვედრაში გული გაუჩერდა. იგი უმალვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მედიკოსებმა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. 24 წლის მერტენსმა სამი დღე გაძლო, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და სიკვდილი ვერ დაამარცხა.

"საშინელი ამბავია, გრეგორი მარტინსი გარდაიცვალა. ის მხოლოდ 24 წლის იყო" - დაწერა "ბოლტონის" ყოფილმა მოთამაშემ ფაბრის მუამბამ, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ასევე გულის შეტევა ჰქონდა "ტოტენჰემთან" მატჩისას. მას კარიერისთვის თავის დანებება მოუხდა, მაგრამ, რაც მთავარია, გადარჩა.

რომელუ ლუკაკუ: "მშვიდობით, გრეგორი
მერტენს... ძალიან ადრე წახვედი. ცხოვრება ზოგჯერ სიგიჟეა... დღეს აქ ხარ, მეორე დღეს კი აღარ".

"RIP gregori mertens. დიდი ძალა მოგცეთ მის ოჯახს და მეგობრებს" - წერს ტიბო კურტუა.

ადნან იანუზაი: "RIP gregori mertens. ჩემი ფიქრები ამ მძიმე წუთებში მის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთანაა, ვუსამძიმრებ მათ".

ფეხბურთელებისა და ზოგადად, უამრავი ადამიანის გარდა, ამ ტრაგედიას, ცხადია, გამოეხმაურა "ლოკერენიც". კლუბის განცხადებაში ნათქვამია:

"ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გრეგორი გადაერჩინათ, მაგრამ უძლურები აღმოჩნდნენ. იგი დაახლოებით 16:30 საათზე გარდაიცვალა. გრეგორი ჩვენთან მხოლოდ წელიწად-ნახევარი თამაშობდა, მაგრამ ამ მოკლე დროში მოასწრო მისდამი ყველას კეთილგანწყობა. იგი შესანიშნავი პიროვნება იყო და ახლა უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ამ დანაკარგით და სიმძიმით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული