ტონი კროოსი - კარგი მამა, რომელსაც ყველაფერი გათვლილი აქვს

AutoSharing Option
ტონი კროოსი 2014 წლის მუნდიალის ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელად დასახელდა. ნახევარმცველი, რომელსაც დაცვაც კარგად შეუძლია და შეტევაც, მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერთაგანიც იყო და მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც იქცა.

კვირას მას გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში "დინამო არენაზე" ვიხილავთ...

- გასული წელიწადი თქვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. თანაც კარგი თამაშით საბოლოოდ გაუსვით ხაზი თქვენ სტატუსს, როგორც მსოფლიო დონის მოთამაშის...
- მართლაც განსაკუთრებული და, რაც მთავარია, წარმატებული წელი იყო. თუმცა როდესაც შენ ამდენ ტიტულს იგებ და უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს ჩემპიონატს, ბევრი მიიჩნევს,
რომ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იმაზე უკეთ ითამაშე, ვიდრე ამას ადრე აკეთებდი. თუმცა მე ამ მოსაზრებას არც ადრე ვეთანხმებოდი და არც ახლა. მეც და გუნდიც უკვე უმაღლეს დონეზე ვთამაშობდით წინა წლებშიც, მაგრამ 2014 წელს მუნდიალი იყო, და ამის ჩვენების საშუალება მოგვეცა, რაც კარგად გამოგვივიდა. თუმცა იმასაც არ ვუარყოფ, რომ გარკვეული ნაბიჯი გადავდგი წინ. მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი თამაში და მერე მიუნხენიდან მადრიდში გადასვლა ადვილი არ არის.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფეხბურთში პროგრესი უფრო ფსიქოლოგიურ მზაობას და მენტალურ სიძლიერეს გულისხმობს?
- ფსიქოლოგიური მხარე ფეხბურთში ძალიან მნიშველოვანია და ბევრს ნიშნავს. როდესაც დიდ ტურნირს იგებ, მერე თითქოს, ყველაფერი გიადვილდება. თუმცა სიმართლე ითქვას, ფსიქოლოგიური სახის პრობლემები პირადად მე არასოდეს მქონია.

- ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომელიც გაქვთ და რომლის გამოც ხშირად გაქებენ, არის ის, რომ საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალიან დინჯად, თავდაჯერებულად და დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელის დარად გამოიყურებით. რთული სიტუაციების დაძლევის უნარი გაქვთ. საიდან მოდის ეს?
- ვფიქრობ, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ვიცი, რა შემიძლია და პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ ხოლმე. მეორე მხრივ, ეს ჩემი ბუნების, ხასიათის შემადგენელი ნაწილია, ვიაზრებ, რომ ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე ფეხბურთი. ზოგჯერ შეიძლება წააგო ხოლმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მატჩის წინ ვიცი, რომ ყელაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ის არის, რომ შეიძლება წააგო, ეს არის და ეს. ყველაზე ცუდი სცენარი გახლავთ ის, როდესაც სულ აგებ, ეს არავის უნდა და სიამოვნებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ წარმატების მიღწევა არ მინდა ან შემართული არ ვარ და მოგება არ მსურს. პირიქით, ეს მიდგომა კონცენტრაციაში და ხარისხიან თამაშში მეხმარება.

- დაახლოებით ათი წლის წინ, გერმანიაში ვუნდერკინდი და ნაკრების მომავალი 10 ნომერი გიწოდეს. ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდით და მადრიდის "რეალში" თამაშობთ, ეს დიდი მოლოდინი და გაცემული ავანსები გაამართლეთ?
- არა, რადგან მე ზეწოლას ვერასდროს ვგრძნობდი, ეს სხვა ადამიანების შეფასებები იყო. რასაკვირველია, ყველა ფეხბურთელი მიზნად ისახავს ტიტულების მოგებას, მაგრამ პირადად მე არასდროს დამითქვია, რომ კარიერის რომელიმე ეტაპზე გინდა თუ არა, მუნდიალი უნდა მომეგო და ეს წნეხი არ მქონია. მე მაშინაც ასევე კარგი განწყობით ვიჯდებოდი და ვისაუბრებდი თქვენთან მსოფლიოს ჩემპიონი რომც არ გავმხდარიყავი. ცხადია, ეს არ ნიშინავს, რომ ეს უდიდესი მიღწევა და წარმატება არ იყო. თუმცა თავადაც გაიხსენეთ ათიწლისწინანდელი ამბები და ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ვარ. ასე რომ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვერაფერს შეცვლი ან დააჩქარებ რამდენად კარგიც არ უნდა იყო. უბრალოდ, უნდა ითამაშო და შენი საქმე აკეთო.

- ბრაზილიაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდით და მოედნის ცენტრში ყველაფერს აკონტროლებდით. თუმცა მთლიანობაში კონკრეტულ მიზეზს თუ გვეტყვით, რის გამოც ყველას ჯობდით?
- ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი გვყავდა და შეუდარებელი, ტოპკლასის მწვრთნელი, რომელიც ყველა მეტოქისთვის ბრწყინვალედ გვამზადებდა. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონები მხოლოდ იმ შემთხვევასი გავხდებოდით თუ ერთად ვიქნებოდით და გუნდურად ვითმაშებდით. თავსაც ერთად ვიცავდით და ერთად ვუტევდით. არ გვყავდა ერთი ისეთი ინდივიდუალისტი, რომელსაც ბურთს მივცემდით და დაველოდებოდით, როდის და როგორ გაიტანდა გოლს, ერთობლივად ვაკეთებდით ყველაფერს. მშვენივრად გვესმოდა რომ კოლექტიურად უნდა გვეთამაშა და დაცვაშიც ყველას მიგვეღო მონაწილეობა. ეს ფანტასტიკურად გამოგვივიდა და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ვიყავით საუკეთესო ნაკრები.

- შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების წამყვანი მოთამაშედ იქეცით...
- ასეა თუ ისე, როდესაც მინდორზე ვარ ყოველთვის ვცდილობ, პასუხისმგებლობის აღებას. ამას ადრეც ვაკეთებდი და ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, სხვაგვარად წარმოუდგენელიც კი არის. ჩემი ამპლუიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ბურთი ხშირად მაქვს და თამაშში აქტიურად ჩართული ვარ.

- ფინალში იყო ერთი უსიამოვნო ეპიზოდი, როდესაც თავით ბურთი უკან ცუდად დააგდეთ და გონსალო იგუაინი მანუელ ნოიერთან პირისპირ დარჩა. რა გაიფიქრეთ ამ დროს?
- (პაუზა) ჯერ კიდევ 0:0-ია, გააგრძელე მცდელობა!

- მხოლოდ ეს?
- დიახ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ ეპიზოდში გოლი რომ გასულიყო ყველაფერი დამთავრდებოდა?
- რატომ დამთავრდებოდა ყველაფერი? დაახლოებით მე-20 წუთი იყო და ანგარიში 0:0 გახლდათ. საბედნიეროდ, მან კუთხურის ალმისკენ დაარტყა (იცინის). მსგავსი რაღაცები ხდება ხოლმე და თანამედროვე ფეხბურთში ეს აღარავის უკვირს. რასაკვირველია, არგენტინამ დაწინაურების კარგი შანსი მიიღო, მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ეს დაძაბული, კარგად დაბალანსებული მატჩი იყო და საბოლოოდ, ჩვენ ცოტათი უფრო გაგვიმართლა რაც ძალიან გვახარებს.

- როგორც წესი, უფრო შემტევი ნახევარმცველი იყავით ხოლმე, მაგრამ მადრიდის "რეალში" უფრო მეტად დაცვითი ფუნქციების შეთავსება გიწევთ.
- საბოლოო ჯამში, მთავარი ის არის, რომ საშუალობა გაქვს შენი გუნდისთვის იმუშავო. ჩვენ სამი ცენტრალური ნახევარმცველით ვთამაშობთ და სეზონის დასაწყისიდან უფრო დაცვით ფუნქციებს ვითავსებ, ამ ეტაპზე ასეა. ამ ამპლუაში თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ცხადია, მწვრთნელს გარკვეული მოთხოვნები აქვს, მაგრამ მე საკუთარი ინტერპრეტაციებიც გამაჩნია ამ პოზიციაზე თამაშის. ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით თუ, როგორ მიდის საქმე, წლიდან-წლამდე ცოტ-ცოტა უკან ვიხევდი და პრობლემა არ მაქვს ასე თამაშის. "რეალში" დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბალანსს. მინდორზე ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყავს ხოლმე და შესაბამისად, ჩემთვის თითქმის მეორეხარისხოვანია წინ წასვლა. ამის ნაცვლად კონცენტრირებული იმაზე ვარ, როგორ მიდის საქმე ნახევარდაცვაში. ყველაფერი კარგად გვაქვს გათვლილი.

- მადრიდში ცხოვრებისგან, როგორ სიამოვნებას იღებთ? ადაპტაცია თუ გაიარეთ?
- დიახ, უპრობლემოდ გავიარე და აქ ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს. თავიდან ცხადია, გარკვეული დრო გჭირდება ადაპტაციისთვის. თუმცა ზოგადად ფეხბურთში ხშირად არის ასე. ორი ან სამი მნიშვნელოვანი განსხვავებაა, პირველ რიგში, კულტურულ-მენტალური, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მალე უღებს აალღოს სიტუაციას, თუ ვიცი, რასთან მაქვს საქმე. გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება და დიდი გამოწვევისკენ გადავდგი ნაბიჯი, რაც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ იგივე კომუნიკაცია და ისეთი ადვილი აღარ იქნებოდა როგორც ეს ბუნდესლიგაში იყო, რადგან სხვა ქვეყანაში გადავბარგდი და ახალი ენის შესწავლა მომიხდა.

- მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ, თქვენ მსოფლიოს კიდევ ერთ უდიდეს კლუბში ხართ. რა ხდის მადრიდის "რეალს" ასე განსაკუთრებულს?
- ვფიქრობ, ეს ყველაზე უკეთ მოგზაურობისას შეინიშნება. სადაც არ უნდა წახვიდე, უამრავ ადამიანს უნდა, რომ "რეალის" ფეხბურთელების გვერდით იყოს. მაგალითად, დუბაიში ვიყავით, სადაც გგონია, რომ შეიძლება არც ისეთი ცნობადი იყო. თუმცა როდესაც ჩავედით, ისეთი აჟიოტაჟი დაგვხვდა, რომ გაიფიქრებდი, ასე სიგიჟემდე დაინტერესებულნი ესპანეთშიც არ არიანო. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. კლუბს უამრავი ტიტული აქვს მოგებული და ახლაც ტოპგუნდი გვყავს ტოპკლასის ფეხბურთელებით, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ხდის "რეალს" ასე საინტერესოს.

- "ოქროს ბურთს" ფეხბურთის გარდა რამე სხვაში რომ გადასცემდნენ, რაში გექნებოდათ მისი მოგების შანსი?
- ვფიქრობ, ძალიან კარგი მამა ვარ! (იცინის) ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მსოფლიოში!

დოსიე
ტონი კროოსი
დაიბადა: 1990 წ. გრაიფსვალდი (გდრ)
პოზიცია: ნახევარმცველი
კარიერა: 2007-2014 - ბაიერნი; 2014-დან - რეალი
გერმანიის ნაკრები: 57 თამაში, 9 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცხადაძე ადრე უნდა მოსულიყო,კეცბაიას ჯობია ათი თავით, წარმატებებს ვუსურვებ საკართველოს ნაკრებს,
anano
13:05 30-03-2015
0
დიდი ფეხბურთელია ძალიან
soso
12:33 30-03-2015
0

სიახლეები პოპულარული