თომას მიულერის კოშმარი - რატომ ხდება ეს?

AutoSharing Option
თომას მიულერი გერმანულ და მსოფლიო ფხბურთში წარმატებასთან ასოცირდება.

ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში ის ქარიშხალივით შეიჭრა ბუნდესლიგის კონსერვატიულ სამყაროში. მან უმოკლეს ხანში განვლო გზა "ბაიერნის" დუბლშემადგენლობიდან მთავარ გუნდამდე. ამის შემდეგ კი იყო მიწვევა ბუნდესნაკრებში და ტიტულები, რომლებიც ფეხბურთელმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო.

მიმდინარე სეზონში კი მიულერი საკუთარ თავს არ ჰგავს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის კარიერაში არის ჩავადნა, მაგრამ ის, რაც მიულერს სჭირს, აშკარად ჩავარდნაზე მეტია. როგორი საქმეა, როცა მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავს ოთხი თვის განმავლობაში ვერ გააქვს გოლი? მერე, როცა
ამ სერიას წყვეტს, გაურკვეველი ვადით იწყებს ახალ "მშრალ" სერიას.

ეს ძალიან საწყენია. მიულერი ის ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან დიდი დღესასწაულის შექმნა შეუძლია მინდორზე. ის მოწოდებულია გოლების გატანისათვის, გამარჯვებებისათვის. ახლა კი ფეხბურთელს კარიერაში ურთულესი პერიოდი უდგას. ბოლო დროს ის მიუნხენის "ბაიერნის" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა.

ალღო და გონება
ერთ-ერთ გერმანულ თოქშოუში მიულერის კრიზისის თაობაზე ცნობილმა გერმანელმა ტელეკომენტატორმა ვოლფ ფუსმა აღნიშნა, რომ უგოლო სერიის გამო მიულერი ზედმეტად იძაბება და ეს მხოლოდ ვნებს მისი თამაშის ხარისხს.

"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვახსოვს არაერთი მომენტი, როცა თომას მიულერს გოლები გაჰქონდა იმ შემთხვევებშიც კი, როცა ის განსაკუთრებულად არც კი მიილტვოდა ამისკენ. გავიხსენოთ თუნდაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრა, რომელშიც "ბაიერნი" ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა. ჩვეულებრივი ჩაწოდება მისი შესრულებით გოლად იქცა.

საერთოდ, მიულერის მთავარი თავისებურება ესაა - ის არასოდეს ფიქრობს, როგორ გაიტანოს გოლი. ამდენი წლის განმავლობაში მას ამის გაკეთება ფიქრის გარეშე გამოსდიოდა. ახლა კი აღარ გამოსდის. მიულერმა ფიქრი დაიწყო და... ეს ის მიულერი აღარ არის".

ოთხში ერთი და...
ამ დროს გასულ სეზონში მიულერს უკვე ჰქონდა შესრულებული თავისი სეზონური გოლების ნორმა (13). მისი ყოველი მეოთხე დარტყმა გოლი იყო. მიმდინარე სეზონში კი მიულერს ერთადერთი გოლის გასატანად 32 მცდელობა დასჭირდა. სამაგიეროდ, მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში უკვე 9 საგოლე პასია, რაც შესანიშნავი შედეგია.

თომასი არასოდეს ყოფილა დიდი დრიბლიორი, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის ამ სათამაშო კომპონენტს საერთოდ აღარ იყენებს. მოუკლო თითქმის ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში. ახლა მოვუსმინოთ გერმანიის ნაკრების ყოფილ წევრს, თომას შტრუნცს.

"ამდენი ხნის განმავლობაში მას გოლები ძირითადად ინტუიციის ხარჯზე გაჰქონდა. ახლა მას ეს ინტუიცია ღალატობს. მიულერის კრიზისის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ის სწორედ ამის ხარჯზე იღებდა უპირატესობას მოწინააღმდეგე მცველებთან შედარებით, რის შემდეგაც მშვიდად აგვირგვინებდა საგოლე მომენტს."

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თითქმის დაკარგა ადგილი "რეკორდმაისტერის" ძირითად შემადგენლობაში. მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც მიულერის საყვარელ სათამაშო პოზიციაზე შესანიშნავად გამოიყურება და მთელ ბუნდესლიგაში საუკეთესოა. ეს გახლავთ ტიაგო ალკანტარა.

ტიაგოს მოქმედების დიაპაზონი მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის აღარ სჯერდება მხოლოდ ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებას და წინაც შესანიშნავად მოქმედებს. გასაგებია, რომ მიულერს უყვარს და ეხერხება ფლანგებზე თამაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა ვუყოთ არიენ რობენს, რომელიც მეორე ახალგაზრდობას განიცდის? რა ვუყოთ ფრანკ რიბერის? დუგლას კოშტას?

სხვისი ბრალია?
"თუ ჩემს გუნდს აქვს პრობლემები კომბინაციურ ფეხბურთთან დაკავშირებით, ეს ჩემს თამაშზეც აისახება. მე არ მივეკუთვნები ფეხბურთელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ ხუთი მოწინააღმდეგის მოტყუება და გოლის გატანა. მე უნდა ვიგრძნო, რომ კოლექტივის ნაწილი ვარ." - ამბობს მიულერი.

რა თქმა უნდა, თომასის სიტყვებმა ძალიან ბევრი გააკვირვა. ეს ხომ, პირდაპირ თუ ირიბად პარტნიორებზე ყველაფრის გადაბრალების ცდა გახლდათ. ვინც მიუნხენელთა თამაშს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ მიულერი აჭარბებს.

"რეკორდმაისტერი" ზეგუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ერთადერთი, რასაც მიულერის სასარგებლოდ ვიტყვით, ისაა, რომ ხშირად "ბაიერნის" თამაში ადვილად გასაშიფრია, თუმცა ამის უკან იმხელა ოსტატობა დგას, რომ ამ ერთფეროვნებას შედეგი მოაქვს.

რა თქმა უნდა, "ბაიერნში" ძალიან უყვართ თავისი ლიდერები. უყვართ, მაგრამ უფრო მეტად უყვართ ჯილდოების მოგება. აქედან გამომდინარე, ზედმეტ სათამაშო დროს აქ ვერავინ მიიღებს და რაც დასამტკიცებელია, ის მოკლე ვადაში უნდა დაამტკიცო.

თომას მიულერის სტატისტიკა სეზონში
(ბუნდესლიგა)
თამაში: 20 (17 სასტარტო)
წუთი: 1 522
გოლი: 1
საგოლე პასი: 9
დარტყმა (საშ): 1,9
პასის სიზუსტე: 75%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული