დღეს დიდი მატჩებია - "არსენალმა" ახლა თუ არა, როდის და "რეალი", რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..

AutoSharing Option
ივნისსა და ევროპის ჩემპიონატზე ბევრს კი ვფიქრობთ, თუმცა დღეს და ხვალ ისეთი მატჩებია, მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებზე გადავა, სადაც საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ძალიან თანაბარი წყვილები გვაქვს. შეგახსენებთ, ევროპაში დრო გადაიწია და შეხვედრები ახლა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"არსენალი" - "ბაიერნი"

ლონდონის "არსენალის" ძველმა სტადიონმა "ჰაიბერიმ" 2016 წლის მაისამდე იფუნქციონირა. არსენ ვენგერის გუნდმა პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში კი "ბარსელონასთან" დამარცხდა. ჩრდილოლონდონელებს "ემირატ სთედიუმზე" თამაშის პირობებში საუკეთესო სეზონი აქვთ. მიკელ არტეტას გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძვის, უეფას
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში კი 14-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

ჩრდილოლონდონელებს ანრის შემდეგ ასეთი სეზონი არ ჰქონიათ...

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა ისაა, სადაც ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმასაც, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" აქ "არსენალს" ბოლო სამ მატჩში 15 გოლი გაუტანა და ზოგადად, ჩაგრავს, მაგრამ თუკი ნავსი უნდა გატყდეს, ახლა თუ არა, როდის, როცა "რეკორდმაისტერი" საშინელ ფორმაშია, არტეტას ბიჭებმა კი შინ ლიგაზე წელს ყველა თამაში მოიგეს.

ჰარი კეინი დღეს ძალიან საშიში იქნება, რადგან მას "არსენალის" კარში 14 გოლი აქვს გატანილი. ბოლო დროს ბევრი გააქვს "მეთოფეების" აკადემიის აღზრდილ სერჟ გნაბრისაც. ჩრდილოლონდონელები იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ მიუნხენელები, ფაქტობრივად, ყველა მატჩში გოლს უშვებენ. არტეტას ფეხბურთელები წელს სტანდარტულ მდგომარეობებს განსაკუთრებით სახიფათოდ იყენებენ და ეს მათი შანსია.

ლონდონელთა შორის დეკლან რაისი და კაი ჰავერცი დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან. ტრავმის შემდეგ გაბრიელ მარტინელი ცოტას თამაშობს და მას ახლა სასტარტოში ველით. ამავე სიტუაციაშია ტაკეჰირო ტომიასუც. "ბაიერნში" "ნაპოლის" ყოფილი მცველი კიმ მინ ჯე სათადარიგო სკამზე უნდა იყოს.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

"არსენალი": რაია, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომიასუ - ოდეგორი, ჟორჟინიო, რაისი - საკა, ჰავერცი, მარტინელი;

"ბაიერნი": ნოეირი - კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, დევისი - გორეცკა, ლაიმერი, სანე, მუსიალა, გნაბრი - კეინი;

მსაჯი: ნიბერგი (შვედეთი).

"რეალი" - "სიტი"

მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ბოლო წლებში ერთმანეთთან თამაშს "შეჩვეულები" არიან (სტატისტიკური მონაცემებით აღარ დაგღლით). ახლა "ვალის გადახდა" კარლო ანჩელოტისა და მის გუნდს მოუწევთ, რადგან გასული სეზონის ნახევარფინალში განადგურდნენ (0:4).

იანვარში "კოპა დელ რეიზე" "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ "სამეფო კლუბი" წაუგებელია. ჩემპიონთა ლიგის 14-გზის მფლობელ მადრიდელებს ერთ დროს პლეი-ოფებში პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეს აღარავის ახსოვს. "თეთრებმა" მეოთხედფინალური ეტაპი უკვე ზედიზედ 11-ჯერ გაიარეს. ბოლოს, ვინც "რეალი" აქ შეაჩერა, 20 წლის წინ, "მონაკო" იყო.

დე ბრუინის თამაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს...

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერელები შანსებს ორივე ტურნირზე ინარჩუნებენ. ბოლო ტურში კევინ დე ბრუინის მასტერკლასი ვნახეთ და მისი თამაში ახლაც გადამწყვეტი შეიძლება იყოს.

მძიმე ტრავმის შემდეგ "რეალს" ედერ მილიტაო დაუბრუნდა, მაგრამ მას ჯერ სასტარტოში ვერ მოვიაზრებთ. ბოლო მატჩების განმავლობაში გვარდიოლა "სიტის" დაცვას მნიშვნელოვნად ცვლიდა. საბოლოოდ, აკანჯიმ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, მას მარცხენა მცველად ენდო. უოლკერის თამაში გამორიცხულია და ეს სერიოზული დანაკლისია.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

"რეალი": ლუნინი - კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, მენდი - ვალვერდე, ჩუამენი, კროოსი - ბელინგემი - ვინისიუსი, როდრიგო;

"სიტი": ედერსონი - ლევისი, სტოუნსი, დიაში, აკანჯი - სილვა, როდრი, დე ბრუინი - დოკუ, ჰოლანი, ფოდენი;

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).

10 აპრილის წყვილები:

პსჟ - "ბარსელონა";

"ატლეტიკო" - "დორტმუნდი".

alt"წყვილში ფავორიტად ყველა "მანჩესტერ სიტის" მიიჩნევს, მაგრამ..." - რა თქვა ანჩელოტიმ წილისყრაზე

alt"პსჟ? ჩვენ იამალი გვყავს" - "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბულინგემის გარეშე რეალი ჩვეულებრივი ბილბაოა.
Master
19:17 09-04-2024
0
არსენალი ბაიერნს თუ გაცდა შეიძლება ჩემპიონიც გახდეს ისევ ბარსამ თუ არ აახია 2006 ივით
გიო
17:29 09-04-2024
2

სიახლეები პოპულარული