პანიკა "ღამურებში" - "ვალენსიაში" ლეგენდაც არ დაინდეს

AutoSharing Option
"ვალენსიამ" კლუბის ელჩის "თანამდებობიდან" გაათავისუფლა გუნდისა და არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა მარიო კემპესი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გააკრიტიკა გუნდი, რომლის თამაშიც მართლაც აღმაშფოთებელია. "ღამურების" აზიელმა ბოსებმა კი ეს ვერ აიტანეს და კემპესს სიმბოლური თანამდებობა ჩამოართვეს.

"ოფიციალურად შემატყობინეს, რომ აღარ ვარ "ვალენსიის" ელჩი. არავის ეგონოს, რომ ამის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება კლუბის მიმართ შეიცვლება. მაინც გავაგრძელებ კრიტიკას და ვიტყვი, რა არის სწორი და რა არა. კლუბის ბოსები გაწყრნენ? სამაგიეროდ, ჩემი სინდისი სუფთაა.

კლუბში ბევრი ადამიანია, რომელსაც ასევე სურს სიმართლის თქმა,
მაგრამ ამის საშუალება არა აქვთ. მე მათი სიტუაცია კარგად მესმის და ვუგებ, მაგრამ პირადად, ვერც 100 ათასი და ვერც 200 ათასი ევრო ვერ მაიძულებს, გავჩუმდე", - განაცხადა კემპესმა "პლასა დეპორტივასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მარიო კემპესი 1976-81 წლებში თამაშობდა "ღამურების" რიგებში. "ვალენსია" 19 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება. ბოლო ტურში გუნდი "მესტალიაზე" 0:4 დამარცხდა მოკრძალებულ "ეიბართან", რითაც ფანების სამართლიანი აღშფოთება დაიმსახურა. სეზონის ბოლომდე "ვალენსიას" ვორო წვრთნის, რომელმაც დეკემბერში გუნდიდან მოულოდნელად წასული ჩეზარე პრანდელი შეცვალა, ვინც ასევე კონფლიქტით წავიდა კლუბიდან.

ამასობაში გაირკვა, როდის ითამაშებს "ვალენსია" გადადებულ მატჩს "სამეფო კლუბთან". შეგახსენებთ, რომ დეკემბერში "რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშა და ამის გამო "მესტალიაზე" ვერ ითამაშა. ეს თამაში 22 თებერვალს გაიმართება. უახლოეს ხანებში "რეალი" კიდევ ერთი გადადებული მატჩის თარიღსაც შეიტყობს (სელტასთან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული