არმაზ ჯელაძე: მადლობა წინასწარ... "სიონის" ქომაგობისთვის!

AutoSharing Option
დღეს, 18 მაისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

ბოლნისის "სიონმა" თასის ფინალამდე ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. გუშინ გუნდი წყალტუბოში გაემგზავრა, 20 საათზე კი არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართეს. ქუთაისშია თბილისის "დინამოც". იურაი იარაბეკის შეგირდებმა გუშინ საფინალო
არენაზე გააგორეს ბურთი. მსუბუქი წვრთნა ერთ საათს გაგრძელდა.

მწვრთნელებმა მატჩისწინა ერთობლივი პრესკონფერენციაც ჩაატარეს.

არმაზ ჯელაძე ("სიონის" მთავარი მწვრთნელი): "ჩემპიონატის ბოლო ტურში "დინამოსთან" წავაგეთ, მაგრამ ბიჭებს მოგებას არავინ სთხოვდა.

მივესალმები ფეხბურთის ფედერაციის ახალ წამოწყებას, თასის ფინალის რეგიონში ჩამოტანის თაობაზე. "სიონისთვის" ფინალში ასპარეზობა საპასუხისმგებლო და პრინციპული საქმეა. მოგეხსენებათ, ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, რომელსაც რაციონალური მიზეზები აქვს. ოთხეულს მიღმა აღმოვჩნდით და ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად ერთადერთი გზა თასის მოგებაა.

ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა ეს დაიმსახურა და მჯერა, ამას შევძლებთ კიდეც. "სიონი" მზადაა გამარჯვებისთვის!

ვიცი, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივრის დიდი ნაწილი ჩვენ გვიქომაგებს, რისთვისაც მათ წინასწარ მადლობას ვუხდი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისელ ქომაგებს, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით.

ოთხშაბათს ქუთაისში უამრავი მათგანი ჩამოვა და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული