საქართველო-მალტა 2:0 - შემდგარი დებიუტი, ჯაბა, ვაკო და ყენია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო. იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელს, კახა ცხადაძეს.

ამ გამარჯვებამ არც უნდა მოგვატყუოს და არც მოგვადუნოს - საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს ძალიან ბევრი, მუხლჩაუხრელი მუშაობა მოუწევთ საიმისოდ, რომ მომთხოვნი ქართველი ქომაგი (გუშინ რიგ ეპიზოდებში არც ობსტრუქციას რომ მორიდებია) გაახაროს.

სანამ ნაკრების ტაქტიკისა და მთავარი მწვრთნელის არჩევანზე ვიტყოდეთ, შევნიშნოთ, რომ "ჯვაროსნებმა" მნიშვნელოვანი დანაკლისით ითამაშეს. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერაფრით დაეხმარა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, ვინც ბოლო დროს კარგ ფორმაშია.

ერთიც - მატჩს
უჩვეულოდ ცოტა მაყურებელი დაესწრო. გაიყიდა 7 ათასი თუ ცოტა მეტი ბილეთი. არადა, გერმანიაზე ანშლაგი იქნება. საწყენია - თუ ჩვენი ნაკრები გვიყვარს (როგორც უნდა თამაშობდეს და რა შედეგიც უნდა ჰქონდეს), მას მხარი გერმანიასთანაც უნდა დავუჭიროთ და მალტასთანაც...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ახალი ტაქტიკით
ველოდით, რომ მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრები ახალი ტაქტიკური სქემით ითამაშებდა. მოლოდინი გამართლდა. კახა ცხადაძემ 3-4-2-1 სქემა აირჩია.

წინასწარვე უნდა ითქვას - ასეთი შემტევი განლაგებით ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს კარგა ხანია არ უთამაშია.

სამი ცენტრალური მცველის (კაშია-ამისულაშვილი-კვირკველია) წინ ორი საყრდენი (კანკავა და მახარაძე) მოქმედებდა. ფლანგებს ნავალოვსკი და კობახიძე აკონტროლებდნენ. ეული ფორვარდის, მჭედლიძის უკან ჭანტურია და ოქრიაშვილი ირჯებოდნენ.

თავიდანვე საცნაური გახდა ცხადაძის ჩანაფიქრი - დაგვეჭირა ბურთი, გვეთამაშა მოკლე პასებით, ვყოფილიყავით პირველ ნომრად და დავმდგარიყავით "ზემოთ", ანუ მეტოქის იერიშები ჩანასახშივე ჩაგვეშალა.

მართალია, ახალი სათამაშო სტრატეგიის შეთვისება გარკვეულ დროს მოითხოვს და ისიც დაგვავიწყდა, პირველ ნომრად ბოლოს როდის ვითამაშეთ, მაგრამ ბედი თავიდანვე შეტევაში ვცადეთ.

უკვე მე-2 წუთზე საქართველოს ნაკრებში აშკარად გამორჩეულმა გიორგი ნავალოვსკიმ მარცხენა ფრთიდან შეაცურა ბურთი კუნძულელთა საჯარიმოში, მაგრამ შეტევა ლოგიკურად ვერ დასრულდა.

ხუთ წუთში ლევან მჭედლიძე შევიდა საჯარიმოში და დროულადაც დააგორა ბურთი, მაგრამ დანარჩენ მოიერიშეებს ტემპი დაუვარდათ.

საქართველოს ნაკრები ტერიტორიასა და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ, ბედის ირონიით, ჩვენს კარში პირველად მალტელებმა დაარტყეს - გიორგი ლორიამ იოლად გააუვნებელყო მუსკატის დარტყმული.

მე-11 წუთზე მალტა მეკარე ჰაბერმა გადაარჩინა. ნავალოვსკის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მჭედლიძე დაუხვდა და დაარტყა კიდეც, თუმცა კუნძულელთა კარის დარაჯი შესანიშნავად გაისარჯა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ჩანაფიქრი გამოჩნდა - ფეხბურთელები მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ბურთს და არსად ჩანდა "ბეი ბიგი", რომელსაც ასევე მივეჩვიეთ ბოლო დროს.

მე-17 წუთზე ჰაბერმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა. მან თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მძლავრად დარტყმული ბურთის მოგერიება შეძლო. იქვე, ლატვიელმა მსაჯმა არარსებული თამაშგარე მოუგონა ზეაქტიურ ნავალოვსკის.

26-ე წუთზე ჩვენი ბიჭები პენალტს ითხოვდნენ - მჭედლიძემ ჭანტურიას შეაყოლა ბურთი, გიორგიმ კი დარტყმა იმად ვერ შეძლო, რომ მალტელმა უკანახაზელმა კარუანამ ის ხელით, წესების დარღვევით შეაჩერა. ლატვიელმა მსაჯმა კი თამაშის გაგრძელება ბრძანა...

32-ე წუთზე ჭანტურია იყო გოლის გატანასთან ძალიან ახლოს, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. არადა, ბურთი მიზანში რომ წასულიყო, ჰაბერი მისი ამღები არ იყო...

პირველი კორექტივები
საქართველო მალტას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მწვრთნელითა და შემადგენლობით უნდა ამარცხებდეს. ეს კარგად იცოდნენ როგორც ჩვენმა მწვრთნელებმა, ასევე ფეხბურთელებმა. თუმცა, ადრე ამას ყოველთვის როდი ვაკეთებდით.

არადა, დღევანდელ ფეხბურთში "შეკვეთილი" გამარჯვების მოპოვება ძალზე რთულია. ეს ის მალტაა, რომელმაც სოფიაში ოქროს ქულები წაართვა ბულგარეთს და ძლივს დაამარცხა იტალიამ.

ცხადაძემ თამაშში პირველი კორექტივები მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეიტანა. მან მოხსნა ცენტრალური მცველი კვირკველია და მის ნაცვლად შეუშვა ლევან ყენია, ვინც გუშინ ძალიან აქტიური იყო და აკი საგოლე პასიც მიითვალა.

საქართველოს ნაკრების სათამაშო სისტემა შეიცვალა. გუნდი ოთხ მცველზე გადაერთო, მინდვრის შუაგულში კი ყენიას გამოჩენას ჩვენების სასარგებლოდ რიცხობრივი მეტობა უნდა შეექმნა.

56-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გოლთან ძალიან ახლოს იყო. ბოლოს და ბოლოს, "გავხსენით" მალტელთა მასირებული დაცვა. ჭანტურიამ მჭედლიძეს უპასა, ამან ოქრიაშვილი მონახა, ვისი დარტყმულიც ჰაბერის კარის ხარიხას შეასკდა.

62-ე წუთზე ცოტა ვინერვიულეთ. სანდრო კობახიძეს ბურთი თავზე გადაახტა და ბაზინამ არაზუსტად დაარტყა. საერთოდაც, მალტა მთელი თამაში მოთმინებით ელოდა თავის შანსს. მთელი გუნდი ბურთის უკან იყო და ერთადერთ მიზნად კარის "მშრალად" შენახვა ჰქონდა დასახული.

67-ე წუთზე მეტოქის კარის აღებას ცდილობდა კახა მახარაძე, მაგრამ "ფახთაქორის" საყრდენის დარტყმა კარს გვარიანი მანძილით ასცდა.

იქვე, მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შესულმა ნუკრი რევიშვილმა ცუდად ამოიტანა ბურთი - შეცვლაზე შესულ ნატურალიზებულ ნიგერიელს, ეფიონგს გაარტყა...

ვა-ბანკზე
თამაშში საბოლოო გარდატეხა შევიტანეთ საათის თავზე, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ვა-ბანკზე რომ წავიდა და რაგინდარა სპორტული კანონის თანახმად, შორი გზიდან ჩამოსული მეტოქე, მთელი მატჩი საკუთარ ნახევარზე რომ გაატარა, დაიღალა და კონცენტრაცია დაკარგა.

თამაში გარდატეხეს სამარქაფოებმა, მეტადრე - ვაკო ყაზაიშვილმა და ლევან ყენიამ. მანამდე კი ბეწვის ხიდზე გავიარეთ და მადლობა ზოგჯერ ფეხმსუბუქ ფორტუნას, რომ ფეხქვეშ არ გამოგვეცალა.

თამაშის დასრულებამდე 11 წუთი რჩებოდა, როცა მალტელთა კონტრშეტევის დროს, ძალიან სწრაფი ეფიონგი გასცდა ყველას, პირისპირ დარჩა რევიშვილთან და დარტყმაც მოასწრო - ჩვენს გუნდს მშველელად ძელი მოევლინა.

ბოლო ათ წუთამდე პირველი ტაიმი სჯობდა მეორეს. ბოლოს კი ისე მივეძალეთ მეტოქეს, საცოდაობა იქნებოდა, არ მოგვეგო.

ჯაბა, ვაკო და ყენია
საქართველოს გამარჯვება ამ სამმა გამოჭედა. ყენიამ კარგად დაიწყო "სტანდარტულების" შესრულება. 82-ე წუთზე, მისი საჯარიმოს შემდეგ, კაშია და ამისულაშვილი ბურთს ვერ შესწვდნენ, თორემ ანგარიში გაიხსნებოდა.

სამ წუთში მაინც გავიტანეთ! ყენიამ ისევ "სტანდარტული" შეასრულა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ჰაერში აიჭრა, წამით ყველას დაასწრო და... ბურთი კარში შეგორდა. იმ ეპიზოდში მალტელები კანკავას მხრიდან ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა ლატვიელმა მსაჯმა მათ პროტესტს ყური არ ათხოვა.

ბოლო წუთზე კი ყაზაიშვილმა ძალზე ლამაზი ეპიზოდი შექმნა - ისეთი, ხშირად რომ აგვირგვინებს გოლებით "ვიტესში". ვაკომ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, პასს დრიბლინგი არჩია და კარშიც გამოზომილად დაარტყა - 2:0. ეს უკვე გამარჯვება იყო!

შემდგარი დებიუტი
ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, კახა ცხადაძის დებიუტი შედგა.

კი, სამუშაო ჯერაც ბევრია და შეტევაში დიდწილად ჩვენი ბიჭების ინდივიდუალიზმს ვეფუძნებით, თუმცა ადრე არც შეტევა ჩანდა, არც ამ ბიჭების ნაწილი და არც ამ ინდივიდუალიზმის ელემენტები, ერთ-ორ გაელვებას თუ არ ჩავთვლით.

რთულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს რამდენჯერმე მოუხდა სათამაშო სქემის შეცვლა. საქართველომ მეორე ტაიმი მოიგო და მისთვის უჩვეულო, საენდშპილო გოლებით გაიხარა.

დღეს ეს პატარა სიხარული უნდა ვიკმაროთ.

წინ გერმანიაა!
რა თქმა უნდა, გერმანიასთან მატჩში ასეთი თამაშითაც ხომ ძალიან გაგვიჭირდება და ისედაც - განმარტება საჭირო აღარ არის. კაცმა რომ თქვას, იქ ნებისმიერი თამაშით გაგვიჭირდება.

ერთი ცხადია: "მიხეილ მესხის" სიხალვათისგან განსხვავებით, ბიჭებს სავსე "დინამო არენა" გაამხნევებს.

ქართული ფეხბურთი გამორჩეული მატჩის მოლოდინშია. მსოფლიოს ჩემპიონის ჩამოსვლამდე კი ასე მონატრებული, თუნდაც მალტასთან მოგება შევირგოთ.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
25 მარტი. თბილისი. "მ. მესხი". 9000 მაყურებელი
საქართველო-მალტა 2:0
გოლი: 1:0 კანკავა (85), 2:0 ყაზაიშვილი (90)

საქართველო (3-4-2-1):
ლორია (46. რევიშვილი) - კაშია, კვირკველია (46. ყენია), ამისულაშვილი - კობახიძე (85. ძალამიძე), კანკავა, მახარაძე, ნავალოვსკი - ჭანტურია (63. ყაზაიშვილი), ოქრიაშვილი (70. ვაწაძე) - მჭედლიძე (70. ცხადაძე).
სათადარიგოები: ალავიძე, დაუშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, თოთაძე.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
მალტა (4-4-1-1): ჰაბერი - კარუანა, ბაზინა, აგიუსი, ს. ბორგი (90. კამენზული) - კოენი, რ. მუსკატი, კამილერი (46. ზ. მუსკატი), კრისტიანსენი (71. შკერი) - შკემბრი - ფარუჯა (59. ეფიონგი).
სათადარიგოები: ჰოგი, ბონელო, კ. ბორგი, ბრიფა, პ. ფენეჰი, რ. ფენეჰი, ჯ. პისანი, ს. პისანი.
მწვრთნელი: პიეტრო გედინი
გაფრთხილება: ბორგი (43), კაშია (52)
არბიტრი: ა. ანუფრიევსი (ლატვია).

მატჩის შემდეგ:
კახა ცხადაძე: ახალწვეულებით და ყენიათი კმაყოფილი ვარ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
უაზრო ოპტიმისტების საყურადღებოდ!არ მინდა რომ მოხდეს,მაგრამ კვირას ნახავთ ჩვენი ნაკრების უსუსურობას.3:0 თუ გვაკმარეს გერმანელებმა ამნაირი თამაშით მადლობა ვუთხრათ.ეს ღიპიანების ნაკრებია და არა საქართველოსი.
mamulo
00:20 27-03-2015
0
80 წუთიანი საფეხბურთო კარდიბალეტი..აი ეს იყო გუშინ რაც ვნახეთ, ზანტად მოზლოზინე შემტევი დამცევლებისა და დამცავი ფორვარდების ნაზავი მათ შორის "ჩაკვეხებული" ნახევარდაცვით :)
გუადუა
18:01 26-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული