კახა ცხადაძე: ახალწვეულებით და ყენიათი კმაყოფილი ვარ!

AutoSharing Option
საქართველო-მალტის (2:0) მატჩის შემდეგ მედიის კითხვებს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.

თუმცა, ცხადია, გაცილებით მეტი სასაუბრო კახა ცხადაძეს ჰქონდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა.

კახა ცხადაძე:

- ბულგარეთთან და იტალიასთან მალტის ნაკრების ბოლო ორი მატჩი ვნახეთ და სახუმარო გუნდი სულაც არ ჩანდა. 10 კაცით იტალიასთან 0:1 წააგეს, ბულგარეთთან კი 1:1 ითამაშეს. დღესაც გამოჩნდა, რომ მძიმე მეტოქეა.

საერთოდ, როცა მოწინააღმდეგე მთელი გუნდით დაცვაშია, მოგება ძალიან ძნელია. მაგრამ თამაშის მოსაგებად
ყველაფერი გავაკეთეთ. 

საქართველოს ნაკრებს პოტენციალი ნამდვილად აქვს, ეს მოგება კი გუნდში განწყობას აუცილებლად აამაღლებს, რაც სამომავლოდ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

- გერმანიასთან დღევანდელი ტაქტიკა რამდენად გამოგადგებათ და შეიძლება, რომ ავანტიურას ველოდოთ?
- გერმანელებმაც შეცვალეს ტაქტიკა ბოლო ორ თამაშში. ცხადია, მნიშვნელოვანია, რა სტრატეგიით ითამაშებენ. შევეცდებით, მათი თამაში კარგად გავაანალიზოთ.

- გურამ კაშიამ დღეს მარცხნივაც ითამაშა და მარჯვნივაც...
- ტაქტიკური მონახაზი რამდენჯერმე შევცვალეთ, რადგან მოგება გვინდოდა და შედეგს მივანიჭეთ მნიშვნელობა.

- კობახიძემაც უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა...
- სანდროს ამ პოზიციაზე სათამაშოდ წინასწარ ვამზადებდით და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ პოზიციაზე უჩა ლობჟანიძეც გვყავს.

- საქართველოს ნაკრებმა ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ რეალიზაცია უჭირდა...
- პირველი თამაში ემოციური იყო, რადგან 0:0-ის გამო გულშემატკივარი გოლს ითხოვდა და ვნერვიულობდით. ისიც სათქმელია, რომ ახალი სქემით ვითამაშეთ, ტაქტიკაც რამდენჯერმე შევცვალეთ, ამ დროს კი ყველაფერს საუკეთესოდ ვერ გააკეთებ. მთავარია, მოვიგეთ. თუმცა, ეიფორიაც არაფერს გვარგებს.

- გუნდმა თამაში 3-4-3-ით დაიწყო, შემდეგ 4-2-3-1-ზე გადაეწყო და 4-4-2-ით დაასრულა. ეს რით იყო გამოწვეული?
- იმით, რომ მოგება გვინდოდა, გატანას კი ვერ ვახერხებდით.

- ლევან ყენია თამაშში კარგად ჩაერთო. ის ძირითადის მოთამაშედ მიგაჩნიათ?
- ძირითადის წევრია არა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის 11 მოთამაშე, არამედ ყველა ფეხბურთელი. ლევანის ასეთმა თამაშმა კი ძალიან გამახარა. ისიც დადებითი მომენტი იყო, შეცვლაზე შესულებმა თამაშში გარდატეხა რომ შეიტანეს. კარგი იქნება, თუ ასე გავაგრძელებთ.

- რას იტყოდით მახარაძის თამაშზე? მეორე ტაიმში დაცვაში მისი დახევა რამ გამოიწვია?
- მახარაძეს კარგი დებიუტი ჰქონდა და მისით კმაყოფილი ვარ. თუმცა მას სამომავლოდ ცენტრალურ მცველად ვერ ვხედავ, რადგან ამ პოზიციისთვის საჭირო სისწრაფე არ აქვს.

- დღევანდელი ორი ტაქტიკიდან გერმანიასთან რომელს გამოიყენებთ?
- ერთ-ერთს. გერმანელებს ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. გადმოვარდნილ ბურთებზე ყურადღებით უნდა ვიყოთ.

- მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილი ხართ?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ძირითადის ყველა ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ.

- რა სჭირს ჯანო ანანიძეს?
- საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და გერმანიასთან მისი დაყენებით არ გავრისკავ. თავადაც ვთამაშობდი და რისკს მოვერიდები. ჩვენ ჯანმრთელი ჯანო გვჭირდება. ის სხვა თამაშებისთვის გამოგვადგება.

* * *
პიეტრო გედინი, მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- დარწმუნებული ვიყავი და ასეც მოხდა - მძიმე თამაში ჩავატარეთ. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთი გამოვიდა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, საქართველოს ნაკრებმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ანგარიში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ზუსტად ასახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
"ღორობით" გაგვეტანოს ბევრი გოლი არ გინდა? :D ვაიმე რა ეშველება ამ ხალხს
emre
14:47 26-03-2015
0
ნავალოვსკი მარცხენა ფლანგზე ალბათ საუკეთესო ვარიანტია ნაკრებისთვის, კარგი თამაში ჩაატარა, მთავარია სტაბილურად ასე გააგრძელოს. კანკავასგან ამდენ შეცდომას არ ველოდი, კაპიტანია და მითუმეტეს მეტი მოეთხოვება. ყენია წონას თუ დააგდებს, ალბათ უკეთესად ითამაშებს და მეტსაც ირბენს, ჯერ სასურველ ფორმაში არაა. და სახელი "გერმანიის" თუ არ შეეშინდებათ ბიჭებს და არ დაიბნევიან, ცალკარა თამაში არ გვექნება და ამ ეტაპისთვის კარგი იქნება ესეც :)
დავითი 13
13:47 26-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული