გორის "დილაში" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სოღოლაშვილი შეასრულებს

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საბოლოოდ გადაწყდა, რომ გორის "დილასა" და გიორგი დევდარიანის გზები გაიყარა.

კლუბის ხელმძღვანელობამ და აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი, ჩვენი ინფორმაციით, თავად დევდარიანი გახლდათ.

17 ოქტომბერს "დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად გუნდის მეკარეების მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილს დანიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

შეუცვლელი არავინაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დევდარიანის სახით "დილამ" საინტერესო მწვრთნელი დაკარგა. "თბილისი" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები - დევდარიანმა ასე გამოიჩინა თავი. მუშაობდა "დინამო 2"-ში და
ცოტა ხნით იყო მთავარი "დინამოს" დამრიგებელიც.

"დილა" კი მაშინ ჩაიბარა, როცა გუნდში გაურკვევლობა იყო, არადა, გორელებს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეთამაშათ. თუ წინა ხელისუფლების დროს "დილას", შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ბიუჯეტი დაახლოებით ათ მილიონ ლარამდე ჰქონდა, მერე სიტუაცია შეიცვალა.

2013/14 წლების სეზონის წინ "დილა" ფინანსურად გაკოტრებული იყო და სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოუყო. პრივილეგირებულ სიტუაციაში კი იმიტომ ჩააყენა, რომ გუნდს ევროსარბიელზე უნდა ეთამაშა. ამ ორი მილიონიდან დაახლოებით 1 200 000 ლარი დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდა. გუნდმა ევროფრონტისთვის მზადება 800 000 ლარით დაიწყო. "დილამ" სამ ეტაპზე ითამაშა და ამისთვის უეფადან 420 ათას ევროს აიღებს - ანუ კლუბმა ფული თავადაც გამოიმუშავა.

"დილა" დატოვეს წლევანდელ ევროსარბიელზე თავგამოჩენილმა ფეხბურთელებმა - ლაშა გვალიამ და გიორგი ილურიძემ, თუმცა, როგორც კლუბში გვითხრეს, "დილას" მათ ტრანსფერებში თეთრიც არ აუღია.

აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში გუნდი სტაბილურად ვერ გამოიყურებოდა, თუმცა დევდარიანის გუნდიდან წასვლის მიზეზი, ალბათ, უფრო სხვა რამ უნდა იყოს - "დილამ", ისევე, როგორც საბიუჯეტო კლუბების უმრავლესობამ, არ იცის, რა დაფინანსება ექნება სეზონის მეორე ეტაპზე. ამის გამო ფეხბურთელები კლუბთან ხანმოკლე კონტრაქტებს აფორმებენ და მწვრთნელიც ისე ვეღარ აწარმოებს სელექციას, რომ წინ გაიხედოს და რაიმე დაგეგმოს.

ერთი სიტყვით, "დილადან" დევდარიანის წასვლა იმ საერთო პრობლემებს უკავშირდება, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთშია. სახელმწიფო გვპირდება, რომ ამ ყველაფერს 2014/15 წლების სეზონიდან მოევლება.

ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[ექსკლუზივი] რატომ დატოვა გორის "დილა" გიორგი დევდარიანმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული