[ფანკლუბები] გორელი "ლომკაცები" სტადიონისა და ზეიმის მოლოდინში

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ. დღეს გორის "დილას" ფანკლუბ "ლომკაცებს" წარმოგიდგენთ.

ფანკლუბის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ გიორგი პაპიტაშვილს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, ფანკლუბის დაარსების შესახებ მოგვიყევით...
- ფანკლუბი 2011 წელს დავაარსეთ. მიზეზი ფეხბურთის, ჩვენი ქალაქისა და კლუბის სიყვარული იყო. მატჩებზე პირველ ლიგაში ყოფნის პერიოდშიც დავდიოდით და ეტაპობრივად, ერთად გავიზარდეთ: ჯერ გადათამაშებაში "სამტრედიას"
მოვუგეთ 2:0 და ეროვნულ ლიგაში დავბრუნდით, შემდეგ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგეთ, ევროტურნირებზე ვიასპარეზეთ... ყოველივე ამან ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭა.

- რატომ სახელი "ლომკაცები"?
- მოგეხსენებათ, გორში ცენტრალური სტადიონის სიახლოვეს ლომკაცის ძეგლი დგას და სახელიც მისგან მოდის.

- "ლომკაცებში" გაწევრიანება როგორ ხდება?
- ფანკლუბში გაწევრიანების მსურველი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: პირველ რიგში, გორი და "დილა" უნდა უყვარდეს, ამასთანავე, მინიმუმ 15 წლის უნდა იყოს.

- გასვლით მატჩებზე თუ დადიხართ?
- დავდივართ და ამაში მეტწილად თავად კლუბი გვეხმარება, რომელიც ტრანსპორტირების საკითხს ყოველთვის უზრუნველყოფს.

- კლუბის ყოველდღიურობაში რამდენადაა ჩართული ფანკლუბი?
- გუნდის სავარჯიშო პროცესს ხშირად ვესწრებით. თავად ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ!

- ფანკლუბის წევრებზე გარკვეული პრივილეგიები მოქმედებს?
- კი, ბილეთებზე. კლუბი გვეხმარება ამაში, როგორც საქართველოში, ისე - უცხოეთშიც. მაგალითად, ევროასპარეზზე, როცა "დილას" სტუმრად გიუმრიში, "შირაქთან" მოუწია თამაში, კლუბმა უზრუნველყო ჩვენი ტრანსპორტირება და ბილეთებიც მოგვცა.

პრობლემა არც ატრიბუტიკის მხრივ გვაქვს.

- დღეს ფანკლუბის წევრთა რაოდენობა რამდენს შეადგენს?
- უფრო მეტი ვიყავით, თუმცა ამჟამად 40-ნი ვართ.

- რიგების შეთხელება გუნდის წარუმატებელმა შედეგებმა გამოიწვია?
- არა, არანაირად. ეს პირიქით, მუხტს გვაძლევს და ყველა მატჩში ვცდილობთ, გუნდს გვერდში მაქსიმალურად დავუდგეთ. უბრალოდ, ფანკლუბის ზოგიერთი წევრი სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა, ზოგიც აქ სწავლობს, მუშაობს და სტადიონზე მოსვლის დრო იშვიათად თუ აქვთ, თუმცა, როცა ამის საშუალება ეძლევათ, ჩვენთან არიან, რისთვისაც მადლობელი ვარ.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ეტაპობრივად ხალხი დაგვემატება და ეს უფრო გაგვაძლიერებს. ასევე, "დილას" სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დასრულდება და უკვე განათებულ სტადიონზე მოგვიწევს თამაში. ქალაქში ნამდვილი ზეიმი იქნება.

დაბოლოს, მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომელიც "დილას" კრიტიკითაა დაკავებული: მოეშვით გუნდის უსაფუძვლოდ კრიტიკას. ამას სჯობს, თამაშებზე იაროთ და ჩვენთან ერთად "დილას" გვერდში დაუდგეთ!
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხარ ძმაო!! გუნდს გვერდში უნდა ამოუდგე და არ უნდა ლანძღავდე. თვითონ უფრო ნერვიულობენ ვიდრე სხვა ვინმე. თავისი გასაჭირიც ეყოფათ
ნიკა
20:43 25-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული