სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
სად გვყავს დასაკარგავი ქართველი?! რატომ არ არიან 19-წლამდელებში არაბიძე და ბერიძე
AutoSharing Option
15:36 19-01-2016
15 იანვარს, 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა "პატარა ჯვაროსნები" შეკრიბა და სეზონის პირველი თამაშებისთვის მზადებას შეუდგა. მალე სტუმრად ბულგარელი ჭაბუკები გვეწვევიან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან 24 და 26 იანვარს ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

"მოთამაშეები 15 იანვარს შევკრიბეთ. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" არასრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ. თბილისური კლუბების - "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" ფეხბურთელები მერე შემოგვიერთდებიან.

20 იანვრამდე გაფართოებული შემადგენლობის წევრები ივარჯიშებენ, მაგრამ წვრთნის შემდეგ სახლებში დაბრუნდებიან. შეკრება ამის მერე დაიწყება და იმ ფეხბურთელებს დავტოვებთ, რომელთაც ბულგარელებთან შეხვედრებისას დავაკვირდებით", - ამბობს ყიფიანი.

მან "ლელოსთან" უცხოეთში მოთამაშე ქართველების შესახებაც ილაპარაკა:

"თქვენს გაზეთში უკვე ეწერა, რომ "კრასნოდარში" მოთამაშე ქართველი მარცხენა მცველით, გოგლიჩიძით დავინტერესდი და ამ შეკრებაზე გამოვიძახე.

მასზე ინფორმაცია 19-წლამდელთა ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნისთანავე მომაწოდეს. მართალია, ეს ბიჭი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს სახელით სურს თამაში, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას კი წინ არაფერი უდგას.

თავად ფეხბურთელს უკვე ველაპარაკე და დაინტერესებამ გაახარა. ფეხბურთის ფედერაციიდან "კრასნოდარს" მისი ნაკრებში გამოძახების ფურცელი უკვე გაუგზავნეს. იმედია, ჩამოვა და სიამოვნებით დავაკვირდები, იქნებ მართლაც გამოგვადგეს.

გოგლიჩიძის გარდა, ბულგარელებთან საკონტროლო მატჩში სხვა ფეხბურთელებსაც დავაკვირდებით. მაგალითად, "რეჯინადან" ნიკა ქორიძე მოვიწვიეთ, რომელიც საინტერესო მოთამაშეა. მომაწოდეს ინფორმაცია რუსეთში, სარატოვის "სოკოლში" მოთამაშე ზურაბ ცქიტიშვილზეც. დიდი სურვილი მაქვს, ყველა ვნახო. დასაკარგავი ქართველი არა გვყავს".

თავის დროზე, "ლელო" 18 წლის ნიკა ქორიძეზეც წერდა. ის ქუთაისელი ბიჭია, მაგრამ 6 წლიდან თბილისში წამოვიდა და "ირაოში" ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ - გოჩა ტყებუჩავასთან 35-ე სკოლაში. ნიკა ქორიძე ნოდარ აკობიას 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველია და თბილისში გამართული შესარჩევი ეტაპის მატჩებში მონაწილეობდა. ამას გარდა, 2011 წელს ნიკამ შვედეთში გამართულ მოზარდთა ტურნირზე 15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და იქ მისით იტალიელები დაინტერესდნენ. ამის შემდეგ მან წარმატებით გაიარა სინჯები "რეჯანაში".

სამი წელიწადია, ნიკა ცნობილი იტალიური კლუბის მოთამაშეა, მაგრამ ორი წელიწადი საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ თამაშობდა - მხოლოდ ვარჯიშობდა. მაგრამ საკითხი მოგვარდა და რანგით მეხუთე ლიგაში, "პრომოციონეს" ბინადარ "ფალკგალილეოში" გაანათხოვრეს. 18 წლის რომ გახდა, ნიკა "რეჯანას" ასაკობრივ გუნდში დააბრუნეს, ახლა კი მთავარ გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას იმედოვნებს.

გთავაზობთ შემადგენლობას, რომელიც გიორგი ყიფიანმა შეკრებაზე გამოიძახა:

მეკარეები: გოშაძე, ქურდაძე, ჩოჩიშვილი (ყველა - საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო თბ);
მცველები: ლოჩოშვილი, ნემსაძე, კაპანაძე (ორივე - დინამო თბ), ჭიჭინაძე (ტორპედო), ჩაჩუა (შუქურა), ნადარაია (საბურთალო), ახალაძე (სამტრედია), კამლაძე (ვიტ ჯორჯია), გოგლიჩიძე (კრასნოდარი 2, რუსეთი);
ნახევარმცველები: ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე, კოხრეიძე, მამუჩაშვილი (ყველა - საბურთალო), სამურკასოვი, ღვინაშვილი, პაპუაშვილი, კიკნაძე, ართმელაძე (ყველა - ლოკომოტივი), ბაშალეიშვილი, ფოჩხუა (ორივე - დინამო თბ), ფურცხვანიძე (ტორპედო), სინჯიკაშვილი, მაღრაძე (ცხინვალი), ქორიძე (რეჯანა, იტალია);
თავდამსხმელები: ლილუაშვილი, მიქელთაძე (ორივე - დინამო თბ), გოშთელიანი (საბურთალო).

ამჯერად, 19-წლამდელთა დამრიგებელმა შეკრებაზე არ მიიწვია დონეცკის "შახტარისა" და ბელგიური "გენტის" შემტევები - გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე. ყიფიანმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ეს იმიტომ მოხდა, რომ 24 და 26 იანვარი უეფას კალენდარში სანაკრებო დღეებად არ არის გათვალისწინებული. კლუბებს შეეძლოთ, მათ გამოშვებაზე უარი ეთქვათ. თუმცა, ცხადია, ჩვენ ორივე მათგანის დიდი იმედი გვაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Irakli 88
18:03 19-01-2016
Gეოგიანოს : ბერიძე შემტევია, ტაბიძეში გეშლება მგონი
Raio
16:51 19-01-2016
ასაკობრივი ნაკრებები არის ფებურთელების მოსამზადებლად, მაგრამ უკვე კარგ გუნდებში მოწყობილი ფეხბურთელების ჩამოყვანა უაზრობაა.. ისინი კლუბებში გატარებული დროით უფრო იხეირებენ ვიდრე აქ ნათამაშებით.. ჯობია სხვებს მისცენ შანსი იმათმ მაგივრად... დასაკარგავი არა კვახი.. უფრო დიდი დანაკლისი იქნება უაზრო 19 წლამდე თამაშში რომ ტრამვა მიიღონ