რა გველის აპრილში? - ორი სუპერდაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ნიონში გამართულ წილისყრაზე უელსელმა ლეგენდამ, იან რაშმა თავისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი, ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" შეახვედრა. ეს კლუბები ერთმანეთს 2015 წლის ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ, რომელშიც კატალონიელებმა 3:1 იმარჯვეს.

მაშინ დანი ალვეში "ბარსაში" ირიცხებოდა, ახლა კი "იუვეს" მაისურით დაუპირისპირდება ყოფილ გუნდს. ისინი ერთმანეთს 2002/03 წლების სეზონში ლიგის მეოთხედფინალში გადაეყარნენ. ტურინში მატჩი 1:1 დამთავრდა, ხოლო "კამპ ნოუზე" "ბებერმა ქალბატონმა" ურუგვაელი მარსელო ზალაიეტას მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით მოიგო და მერე ნახევარფინალში "რეალს" იმავე ზალიაეტას გოლით აჯობა, ასევე დამატებით დროში. ჯანლუიჯი ბუფონი მაშინდელი გუნდის
წევრიც გახლდათ.

"რეალი" ვახსენეთ და არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, საინტერესო დუელი გველის "სამეფო კლუბსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის. წარსულში ესეც გვინახავს და სერხიო რამოსის გმირობებიც გვახსოვს "ალიანც არენაზე". მადრიდელთა მცველი ახლაც მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ იგივე ითქმის "ბაიერნზეც", რომელიც ნელ-ნელა დაიქოქა. კარლო ანჩელოტის, ტონი კროოსსა და ჩაბი ალონსოს ყოფილ გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება.

ერთი შეხედვით, გოლების წვიმა გველის "დორტმუნდისა" და "მონაკოს" პაექრობაში. სულაც არ არის გამორიცხული, საჩოგბურთო ან ჰოკეის ანგარიშები დაფიქსირდეს. რაც შეეხება "ატლეტიკოსა" და "ლესტერის" წყვილს, "მელიები" ყველასთვის სანატრელ მეტოქეს წარმოადგენდნენ და დიეგო სიმეონეს გაუმართლა. თუმცა ფაქტია, რომ კრეიგ შექსპირის ბიჭებს დასაკარგავი არაფერი აქვთ.

კომენტარები
"ეს დაპირისპირება ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. ჩვენ თავდაჯერება არ გვაკლია და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა. ვფიქრობ, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ "რეალი" დავამარცხოთ, მაგრამ მადრიდელებს ძალიან ძლიერი გუნდი და ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს" - კარლო ანჩელოტი.

"ეს რეალური ევროპული კლასიკაა. წლების განმავლობაში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გამომიცდია, როგორც შინ, ასევე მადრიდში. მიხარია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კიდევ ერთხელ ვითამაშებ, იქ ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა" - კაპიტანი ფილიპ ლამი.

"შესანიშნავი მეოთხედფინალი იქნება ორ დიდ გუნდს შორის, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ. ეს ალბათ, ყველაზე რთული ვარიანტი იყო, რაც შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგრამ მეოთხედფინალში ადვილი მატჩები ისედაც არ არსებობს. რა თქმა უნდა, დაპირისპირება ჩემთვის გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება" - ჩაბი ალონსო.

"მე "რეალში" ვისწავლე, რომ ყველაფერი უნდა მოიგო და ყოველთვის მოსაგებად ითამაშო. "ბაიერნი"? კარგია. ამ სტადიაზე, ადვილი თამაშები აღარ არსებობს. მეტოქე ძალიან ძლიერია, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ ფაქტია, რომ წილისყრით ეს გუნდი გვერგო და არაფერი შეიცვლება" - ზინედინ ზიდანი.

* * *
"არ ვიცი, რამდენად შეიძლება შურისძიებაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გამოვა. "ბარსელონა" ახლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ცნობილი გუნდია, მაგრამ "იუვემაც" ძალიან მოუმატა და მეტოქეს უშიშრად დავუხვდებით" - ტურინელთა ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი.

"გარდა იმისა, რომ "იუვენტუსს" იტალიური გუნდებისთვის დამახასიათებელი სოლიდური დაცვა ჰყავს, ტურინელები შემადგენლობაში ყველა პოზიციაზე გამორჩეული ფეხბურთელები არიან. ეს ძალიან რთული დაპირისპირება იქნება, მაგრამ მეიმედება, რომ ჩვენი შესაძლებლობებით დუელის ბედს "ბარსელონას" სასიკეთოდ გადავწყვეტთ" - ანდრეს ინიესტა.

"ეს რადიკალურად განსხვავებული მატჩი იქნება 2015 წლის ფინალთან შედარებით. ბერლინში ერთმატჩიანი შეხვედრა გახლდათ, მაგრამ ახლა "ბარსელონას" წინააღმდეგ ორი მატჩი გველის და შურისძიება არაფერ შუაშია, ამაზე ფიქრი საჭირო არ არის" - კლაუდიო მარკიზიო.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ფაქტები
* "ატლეტიკოს" ინგლისურ გუნდებთან შინ არასოდეს წაუგია - 5 მოგება, 5 ფრე.

* 2010/11 წლების სეზონში პიერ-ემერიკ ობამეიანგი "მონაკოში" იყო განათხოვრებული და 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

* "დორტმუნდს" ლიგა 1-ის წარმომადგენლებთან 6 მოგება, 5 ფრე და 5 წაგება აქვს. ამ მარცხებიდან მხოლოდ 1 გახლდათ საშინაო.

* "რეალს" ზედიზედ 3 მატჩი აქვს "ბაიერნთან" მოგებული.

* მადრიდელებთან წაგებული 0:4 "ბაიერნის" ანტირეკორდია საშინაო მარცხის მხრივ. მაშინ მადრიდელებს "ბაიერნის" ახლანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, ხოლო მიუნხენელებს - ხოსეპ გვარდიოლა.

ევროპალიგის წილისყრის ფაქტები
* "აიაქსს" ევროპალიგა (უეფას თასი) 1992 წელს აქვს მოგებული, ხოლო "შალკეს" - 1997 წელს.

* გელზენკირხენელთა გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარს ამსტერდამელთა რიგებში 3 სეზონი აქვს გატარებული და 100-ზე მეტი გოლი გატანილი.

* "აიაქსს" გერმანულ კლუბებთან 14 საშინაო შეხვედრიდან 12 მოგებული აქვს.

* "ანდერლეხტს" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩატარებული 6 მატჩიდან 3 მოგებული აქვს და 3 წაგებული. მათ შორისაა 1956/57 წლების სეზონში წაგებული 0:10, რაც ბრიუსელელთა ყველაზე დიდი მარცხია ევროტურნირებზე.

* 2013/14 წლების სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "პარი სენ-ჟერმენში" ყოფნისას "ანდერლეხტს" 4 გოლი გაუტანა.

* ინგლისურ კლუბებთან 15 საგარეო თამაშიდან ბრიუსელელებს არც ერთი არ მოუგიათ, აქედან 13 წააგეს.

* "გენკი" ამ სეზონში უკვე შეხვდა ესპანურ გუნდს და ბასკეთში 3:5 წააგო. ხუთივე გოლი არიც ადურისმა გაიტანა.

* "ბეშიქთაშს" ფრანგულ გუნდებთან სამი საშინაო მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი
იუვენტუსი-ბარსელონა
დორტმუნდი-მონაკო
11 და 19 აპრილს

ბაიერნი-რეალი
ატლეტიკო-ლესტერი
12 და 18 აპრილს

ევროპალიგა. 1/4-ფინალი
ლიონი-ბეშიქთაში
აიაქსი-შალკე
სელტა-გენკი
ანდერლეხტი-მანჩესტერი
13 და 20 აპრილს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზალაიეტამ კი გაუტანა ბარსას გამარჯვების, მაგრამ ნახევარფინალში ტრეზეგეს, დელ პიეროს და ნედვედის გოლებით მოუგო. აი ზალაიეტამ კი 2005 წელს შეუგდო რეალს გამარჯვების.
ნწ ნწ ნწ
14:47 20-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული