სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: გიგანტი ლიგეტი

AutoSharing Option
სამთო მოთხილამურეებმა ბოლო რეპეტიცია გაიარეს ზამთრის ოლიმპიადის წინ. მამაკაცებმა უძლიერესი გამოავლინეს გიგანტურ სლალომში. მსოფლიოს თასის ეტაპი შვეიცარიის კურორტ სანკტ მორიტცში გაიმართა.

ბოლო წლებში, როცა ვამბობთ გიგანტურ სლალომს, ვგულისხმობთ ამერიკელ ტედ ლიგეტის. მან ოლიმპიადის წინ შესანიშნავი სპორტული ფორმა აჩვენა - ორივე ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და უახლოეს მდევარს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს წამნახევარი მოუგო.

ლიგეტისთვის ეს იყო მე-20 მოგება გიგანტურ სლალომში და სოჭში არც ერთ დისციპლინაში არ არსებობს უფრო გამოკვეთილი ფავორიტი, ვიდრე ამერიკელია ამ სახეობაში. აღსანიშნავია, რომ მარსელ ჰირშერმა ამ სეზონში ორჯერ
მოიგო გიგანტური სლალომი, ოღონდ ეს მაშინ მოხდა, როცა ლიგეტიმ ვერ დაასრულა დისტანცია.

სანკტ მორიტცში მესამე ადგილი დაიკავა ფრანგმა ალექსის პინტურომ, რომელმაც ჰირშერთან მხოლოდ 18 მეასედი წამი დათმო. წაგების მიუხედავად, ჰირშერი დამაჯერებლად ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას.

ამ ეტაპზე სცადა ძალები ჩქაროსნული დისტანციების სპეციალისტმა, ნორვეგიელმა აქსელ ლუნდ სვინდალმა, მაგრამ ის მეორე ცდის დროს გამოეთიშა ბრძოლას.

გიგანტური სლალომი
1. ტედ ლიგეტი (აშშ) - 2.38,75; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +1,51; 3. ალექსის პინტურო (საფ) - +1,69; 4. მატს ოლსონი (შვედ) - +2,68; 5. ფილიპ შორგჰოფერი (ავსტრია) - +2,80; 6. რობერტო ნანი (იტა) - +3,24...

საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 955; 2. აქსელ-ლუნდ სვინდალი (ნორ) - 897; 3. ალექსის პინტურო (საფ) - 774; 4. ტედ ლიგეტი (აშშ) - 629; 5. ფელიქ ნოიროიტერი (გერ) - 551; 6. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 476...

პირველი მოგება ბოლო სტარტზე
შვედი სლალომისტი ფრიდა ჰანსდოტერი რვაჯერ ასულა მსოფლიოს თასის ეტაპებზე პოდიუმის მეორე საფეხურზე. კარიერაში პირველი გამარჯვების მოპოვება მან სლოვენიის კურორტ კრანსკა გორაში მოახერხა, თანაც, ოლიმპიადის წინ ბოლო სტარტზე.

ჰანსდოტერი არც პირველ და არც მეორე ცდაზე არ ყოფილა საუკეთესო, მაგრამ სტაბილურობამ და საიმედოობამ მოუტანა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. მისი ტრიუმფი ოფიციალურად გაფორმდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი მიკაელა შიფრინი, რომელიც ლიდერობდა პირველი ცდის შემდეგ, მეორე დაშვებისას შეცდომის გამო ბრძოლას გამოეთიშა.

მეორე ადგილი ავსტრიელმა მარლიზ შილდმა დაიკავა, რომელსაც მსოფლიოს თასზე 35 სლალომი აქვს მოგებული. მან ჰანსდოტერთან მხოლოდ ხუთი მეასედი წამი წააგო. მესამეზე კი მარლიზის უმცროსი და - ბერნადეტი გავიდა. მან პოდიუმზე ასვლა შეძლო პირველ ცდაზე დაკავებული მე-11 ადგილის შემდეგ.

სლალომი
1. ფრიდა ჰანსდოტერი (შვეიც) - 1.50,17; 2. მარლიზ შილდი (ავსტრია) - +0,05; 3. ბერნადეტ შილდი (ავსტრია) - +0,15; 4. ნასტასია ნოენსი (საფ) - +0,24; 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვეიც) - +0,29; 6. ანა სვენ-ლარსონი (შვედ) - +0,63...

საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 1079; 2. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 943; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 871; 4. ლარა გუტი (შვეიც) - 796; 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 754; 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 650...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული