სწრაფდაშვების მეფე სვინდალი

AutoSharing Option
კვლავაც დომინირებს საჩქაროსნო დისციპლინებში ნორვეგიელი აქსელ-ლუნდ სვინდალი. სეზონში მეოთხე გამარჯვება სკანდინავიელმა იტალიის კურორტ ბორმიოში, სწრაფდაშვებაში მოიპოვა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა დისტანცია წუთსა და 54.8 წამში დაფარა, რაც 39 მეასედით უკეთესია ავსტრიელი ჰანეს რაიხელტის შედეგზე.

ბორმიოში წარმატებამ გაამყარა სვინდალის პოზიციები სწრაფდაშვებისა და საერთო ჩათვლაში, რომელშიც ის თავის უახლოეს მდევარს 195 ქულით უგებს.

რაიხელტმა შარშან მოიგო ბორმიოში სწრაფდაშვება, როცა სვინდალს მხოლოდ ერთი მეასედით აჯობა. ავსტრიელს შეუძლია ისევ კმაყოფილი იყოს საკუთარი შედეგით, რადგან დისტანციაზე მხოლოდ მეოთხე დროს აჩვენებდა, მაგრამ ტრასის ბოლო ნაწილი შესანიშნავად გაიარა.
რაიხელტისთვის ეს იყო მესამე პოდიუმი სეზონში, თუმცა მის აქტივში არც ერთი გამარჯვება არ არის.

* * *
ქალებს შორის მსოფლიოს თასის მერვე ეტაპს ავსტრიის ქალაქმა ლინცმა უმასპინძლა. აქ სლალომში გამარჯვება ავსტრიელმა მარლის შილდმა მოიპოვა, თან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ორი ცდის ჯამში, 32 წლის შილდმა წუთი და 55.63 წამი დააფიქსირა. ეს იყო 32 წლის სპორტსმენის 35-ე გამარჯვება სლალომში. წინა რეკორდი ლეგენდარულ შვეიცარიელ ფრენი შნაიდერს (34) ეკუთვნოდა.

მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა (+0.41 წამი), მესამე იყო გერმანელი მარია რიში (+0.63).

გენერალურ კლასიფიკაციაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარია რიშმა ორი ქულით გაასწრო ლიხტენშტაინის წარმომადგენელ ტინა ვაირატერს. სულ ცოტას აგებს ამ წყვილთან ავსტრიელი ანა ფენინგერი.

ვონს ოლიმპიადამდე ვერ ვნახავთ
სამთო თხილამურებში აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექს ჰელდმოზერმა განაცხადა, რომ ლინდსი ვონმა, შესაძლოა, გამოტოვოს ყველა სტარტი სოჭის ოლიმპიადამდე.

ვონი დაბრუნდა ვეილში (კოლორადო) მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, საფრანგეთში მსოფლიოს თასის ეტაპი ვერ დაასრულა მუხლის ტრავმის გამო.

“ჯერჯერობით მიღებული არ არის გადაწყვეტილება, სად გამოვა ოლიმპიადამდე ვონი. შესაძლოა, ზამთრის თამაშებზე მას საერთოდ არ მოუწიოს სტარტზე გასვლა”, - განაცხადა ჰელდმოზერმა.

უფრო ადრე ვარაუდობდნენ, რომ ლინდსი მონაწილეობას მიიღებდა 11 იანვარს, ავსტრიის კურორტ ალტენმარკტში გასამართ სწრაფდაშვებაში.

სოჭში მედლები სწრაფდაშვებასა და სუპერ-გიგანტში 12 და 15 თებერვალს გათამაშდება. ვონმა 2010 წელს, ვანკუვერში ამ დისციპლინებში ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული