ქართველმა სამბისტებმა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამეს

AutoSharing Option
18 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და ახლახან დასრულებული ჭაბუკთა და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა.

პრესკონფერენციას, რომელიც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანს მიჰყავდა, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც დაესწრო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ახალგაზრდულმა, ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებმა 11-14 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ყველაზე შედეგიანად ჭაბუკთა გუნდმა იჭიდავა, სადაც ათი წონითი კატეგორიიდან მედლის მოპოვება 8 სპორტსმენმა შეძლო.

ჭაბუკებმა მთავარ მწვრთნელ მირიან
პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, ჯამში 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო აიღეს. ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო პირველობაზე 17 ნაკრები მონაწილეობდა.

მსოფლიოს ჩემპიონი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მეტრეველი გახდა.

ფინალის გზაზე მან ბერძენი ნიკოს ივანიდისი, ბელორუსი ალეგ ნაჰორნი და ყაზახი აირბეკ აიმაგამბეტოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს პაველ ტერეხოვს აჯობა.

ირაკლი კუპატაძეს (52 კგ) და აპოლონ ზურაბიანს (75 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ფინალის მოგება დააკლდათ.

კუპატაძე დასკვნით შეხვედრაში მონღოლ ბაიარა ამარტუვშინთან დამარცხდა, ხოლო ზურაბიანი - რუს მიხაილ ვოდოვსკოვთან.

თორნიკე ჭოველიძე (65 კგ), გიგა ნოზაძე (70 კგ), ირაკლი გოგია (81 კგ), ჯონი ჭითანავა (87 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+87 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ზურაბ როხვაძემ (48 კგ) მე-5 ადგილი დაიკავა, სოლომონ თედიაშვილი (56 კგ) კი ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე, რომელსაც ავთანდილ ცინცაძე წვრთნის, 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი და ბრინჯაოა.

ტურნირი წაუგებლად უშანგი მარგიანმა იჭიდავა. 82 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა ჩემპიონატი უკრაინელი იური პოჟარის ძლევით გახსნა. შემდეგ საბერძნეთის ნაკრების წევრ ივანე გომართელს და ყაზახ იერასულ კაირბეკს მოუგო, ფინალში კი მოლდოველ გენადი პრეტივატს.

სამ უმძიმეს წონაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალში იჭიდავეს. თეიმურაზ ხაჩიძემ (90 კგ) გადამწყვეტ ბრძოლაში ტაჯიკ კომრონშოჰ უსტოპირიონთან წააგო, თორნიკე ოთინაშვილმა (100 კგ) - რუს დიმიტრი ტორგაშოვთან, ხოლო გუგა კიბორძალიძემ (+100 კგ) - რუს ედგარტ სმერეკასთან.

გიორგი მელქუაშვილი (48 კგ), თორნიკე მუზაშვილი (57 კგ) და მიხეილ მეზურნიშვილი (74 კგ) ბრინჯაოსპრიზიორები გახდნენ.

ბექა ტუღუში (68 კგ) რეპეშაჟის ფინალამდე მივიდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ლერი ბედინაძე (48 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ) კი პირველსავე წრეში დამარცხდნენ. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობაზე 15-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ვაჟების პარალელურად, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებმაც გამოავლინეს. ყველაზე შთამბეჭდავად მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ იჭიდავა - სერბი მალისა ზაბიჩი, რუსი ანასტასია ტრაპეზნიკოვა და ბულგარელი სიან ხრისტოვა ჩამოიშორა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ნინო მარტიაშვილი (60 კგ) და თეა სუხიტაშვილი (68 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, სოფო ბერიძეს (56 კგ) კი საპრიზო სამეულამდე რეპეშაჟის ფინალის მოგება დააკლდა. საქართველოს გოგონათა ნაკრები საბერძნეთში მხოლოდ ამ 4 სპორტსმენით ჩავიდა.

ჭაბუკთა და ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონი ორივე ასაკობრივ ჯგუფში რუსეთი გახდა. მესამე ადგილზე ჭაბუკებში ყაზახეთი გავიდა, ახალგაზრდებში - ტაჯიკეთი.

საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების შედეგები მსოფლიო პირველობაზე


ჭაბუკები (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)
გიორგი მეტრეველი (60 კგ) - ოქრო
ირაკლი კუპატაძე (52 კგ) - ვერცხლი
აპოლონ ზურაბიანი (75 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ჭოველიძე (65 კგ) - ბრინჯაო
გიგა ნოზაძე (70 კგ) - ბრინჯაო
ირაკლი გოგია (81 კგ) - ბრინჯაო
ჯონი ჭითანავა (87 კგ) - ბრინჯაო
გიორგი ლაზუაშვილი (+87 კგ) - ბრინჯაო
მთ. მწვრთნელი მირიან პავლიაშვილი
გუნდური - 1. რუსეთი 38, 2. საქართველო 33, 3. ყაზახეთი 25

ახალგაზრდები (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

უშანგი მარგიანი (82 კგ) - ოქრო
თეიმურაზ ხაჩიძე (90 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ) - ვერცხლი
გუგა კიბორძალიძე (+100) - ვერცხლი
გიორგი მელქუაშვილი (48 კგ) - ბრინჯაო
თორნიკე მუზაშვილი (57 კგ) - ბრინჯაო
მიხეილ მეზურნიშვილი (74 კგ) - ბრინჯაო
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ცინცაძე
გუნდური - 1. რუსეთი 51, 2. საქართველო 32, 3. ყაზახეთი 16

გოგონები (20 წლამდე)
ელენე ქებაძე (+80) - ოქრო
ნინო მარტიაშვილი (60 კგ) - ბრინჯაო
თეონა სუხიტაშვილი (68 კგ) - ბრინჯაო

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული