ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველი სამბისტები დიდი წარმატებით გამოვიდნენ იაპონურ ნარიტაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატში. 8 მედალი, აქედან 2-2 ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი.

ამ ჯილდოებიდან ერთი ქალების ნაკრების წილად მოდის - ნინო ოძელაშვილი 72 კილოგრამში მეორეზე გავიდა.

ვაჟთაგან ჩემპიონები გენადი ჩირგაძე (52) და ვახტანგ ჩიდრაშვილი (57) გახდნენ. მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული ლევან ნახუცრიშვილი (68) ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბესიკ ბერულავა (74), ნიკო კუცია (82), დავით კარბელაშვილი (90) და დავით ლორიაშვილი (100) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ვაჟთა ნაკრები მეორეზე გავიდა რუსების
შემდეგ. როგორც ვხედავთ, ვაჟებმა 9-დან 7 წონაში მოიპოვეს ჯილდო.

მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი მართლაც გამორჩეული გამოდგა როგორც ორგანიზაციული, ისე - მონაწილეთა სიმრავლის მხრივ. ტურნირს საკუთარი ვებსაიტიც ჰქონდა და პირდაპირი ტრანსლაციაც მიმდინარეობდა, რაც იქნებ იაპონელთა ორგანიზებულობის დამსახურებაცაა, თუმცა რაოდენობა უკვე სხვა განზომილებაა - შეჯიბრებაში 80-მდე ქვეყნის 600 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატს ძიუდოს მასპინძელი ლეგენდა იამასიტაც დაესწრო.

ვახტანგ ჩიდრაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. თან ამჯერად ფინალში რუსი აიმერგენ ატკუნოვი დაამარცხა. მანამდე ჩვენებურმა კანადელი ადამ მაკფადინი, იტალიელი ვალტერ ბაკინელი, სომეხი არმენ ანტონიანი და ნახევარფინალში ტაჯიკი ახმალიდინ კარიმოვი დაჯაბნა.

ჩიდრაშვილმა თუ რუსთან მოგებით დაასრულა შეჯიბრება, ჩირგაძემ ამით დაიწყო - პირველ წრეში მომავალ მესამეპრიზიორ ვასილ კარაულოვს მოუგო. მერე მას ბელორუსი ჯამბულატ ახმადოვი და ყაზახი ბაიმბეტ კანზანოვიც მიაყოლა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აგასიფ სამადოვს მოუგო, ვინც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ბოლო ადგილზე გავიდა.

ნახუცრიშვილს ზედიზედ მეორე ჩემპიონობა მონღოლმა ტუმურკულეგ დავაადორჯმა არ დაანება, ვისაც ჭიდაობის ქომაგები კარგად იცნობენ ძიუდოდან - შარშან კარგა ხანს ლიდერობდა რეიტინგს 66-ში, ახლა კი მეოთხე ადგილზეა.

დავაადორჯი იაპონიაში სამბოში მსოფლიოს მესამე პრიზიორად ჩავიდა და წლეულს შედეგი გააუმჯობესა. მასთან წაგებამდე ნახუცრიშვილმა ისევ დაამარცხა ბულგარელი მარტინ ივანოვი, ვისაც მსოფლიოს შარშანდელ ფინალში მოუგო. სომეხი მარტინ მირზოიანი, იაპონელი კოტა ეტო და უკრაინელი კირილ მელნიჩენკო - ასეთია ქართველის მიერ ძლეულ ფალავანთა სია.

ბერულავამ ერთადერთი მარცხი ნახევარფინალში იწვნია რუს ილია ლებედევთან, ვინც საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. ჩვენებური თავიდან ისვენებდა, მერე კი მიყოლებით ჩამოიცილა გზიდან ნიკარაგუელი ელვინ დანიელ ურკუო რეიესი, უკრაინელი დმიტრო ბაბიჩუკი, ხოლო ბრინჯაოს ბელორუს სტსიაპან პაპოსთან მოგების შემდეგ დაეუფლა.

ფრანგ ვალენტინ ჟორდანთან, ყაზახ ამანგალი ჟარტიბაიევთან და ამერიკელ ტოლიმურად ჯილენთან დამაჯერებელი მოგებების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა კარბელაშვილიც, თუმცა ოქროსკენ მიმავალ გზაზე დაუძლეველ ზღუდედ აღემართა ძლიერი რუსი, მომავალი ჩემპიონი ასლიმ ჩერნოსკულოვი... აღსანიშნავია, რომ რუსისთვის ეს მსოფლიოს მეექვსე ფინალი იყო, ოქრო კი მესამედ მოიპოვა. ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის პაექრობაში მასპინძლები გააწბილა და იასუკე სატო დაჯაბნა.

ჩვენი ბრინჯაოსმედალოსნებიდან ნახევარფინალამდე მხოლოდ ლორიაშვილი დამარცხდა - მეორე წრეში, რაც ტაივანელ ჩაობანკომ ჩიაოჩანთან იმარჯვა, რუსთა მომავალ ჩემპიონ დმიტრი ელისეევთან წააგო. დამამშვიდებელში ქართველმა ებრაელი ვადიმ კუზმინსკი, ბერძენი პავლოს გარაქლოვი და ბელორუსი იაუჰენ სიომაჩკინი დაჯაბნა.

ჩვენი ვაჟებისთვის ყველაზე წარუმატებელი ტურნირის ბოლო, გუშინდელი დღე აღმოჩნდა, როცა სამი მონაწილიდან ორი უმედლოდ დარჩა და მხოლოდ კუციამ მოიპოვა ბრინჯაო. ჩვენებიდან ჯილდოს გარეშე მხოლოდ შმაგი ლაგაზაური (62) და ბექა ბერძენიშვილი (+100) დარჩნენ.

ქალთა შორის 72 კილოგრამში სულ 7 მონაწილე გამოდიოდა, ოძელაშვილი კი ქვეჯგუფში მარტო იყო. ამიტომ ნახევარფინალიდან ჩაება ტურნირში, სადაც ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა - უკრაინელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ტატიანა სავენკოს აჯობა, ფინალში კი რუს დებიუტანტ ირინა ალექსეევასთან წააგო.

ქალთა ტურნირში ჩვენგან შორენა შარაძე (60), თეა სუხიტაშვილი (68) და ირინა ლეონიძეც (+80) გამოდიოდნენ, მაგრამ ადრევე დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული