გიორგი გიორგაძე: გული მწყდება, რომ ეს ახალგაზრდა ასეთ სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდა

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ გაუწყეთ, რომ ქართველი დიდოსტატი, ჩვენი ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და ვაჟთა ნაკრების წევრი გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირზე თაღლითობაში ამხილეს.

მსოფლიო პრესის ინფორმაციით, პარტიის მსვლელობისას ჩვენებური საპირფარეშოში დამალული მობილური ტელეფონით სარგებლობდა: ინტერნეტის მეშვეობით პარტიას აანალიზებდა, რაც სვლების არჩევაში ეხმარებოდა.

ნიგალიძის უცნაურ საქციელს ყურადღება მიაქცა მისმა მეტოქემ - სომეხმა დიდოსტატმა ტიგრან პეტროსიანმა და ამის შესახებ არბიტრებს აცნობა. საპირფარეშოდან ჩვენებურის მორიგი გამოსვლის შემდეგ მსაჯებმა კაბინაში დამალული მობილური აღმოაჩინეს.

"ჩვენ ორივენი საჭადრაკო დაფასთან ვისხედით, როცა ნიგალიძეს ტურნირის მთავარი არბიტრი მიუახლოვდა, ტელეფონი
აჩვენა და ჰკითხა: ეს თქვენია? ნიგალიძე გაწითლდა და ხმა ვერ ამოიღო", - განუცხადა ჟურნალისტებს ტიგრან პეტროსიანმა.

ბი-ბი-სი-ს თაღლითობასთან ბრძოლის ფიდეს კომისიის თავმჯდომარე ისრაელ გელფერმა აცნობა, რომ ამ შემთხვევას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისია განიხილავს და სასჯელსაც განსაზღვრავს.

ეს კომისია ფიდემ შარშან ჩამოაყალიბა ჭადრაკში მოხშირებული თაღლითური შემთხვევების საწინააღმდეგოდ. გელფერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ტურნირებზე მობილური ტელეფონები აკრძალულია, მოთამაშეები მაინც ახერხებენ მის გამოყენებას.

ნიგალიძის შემთხვევა სამწუხაროა, მაგრამ ის არ არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც ამგვარ საქციელში ამხილეს. გელფერმა დაასახელა მაგალითი ბულგარელი მოთამაშისა, რომელსაც მინი-კომპიუტერი წინდაში ჰქონდა დამალული. 2011 წელს საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა სამ დიდოსტატს (მათ შორის - ნაკრების კაპიტანს). ისინი მობილური ტელეფონების, კოდირებული სიგნალების დახმარებით 2010 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეტოქეთა დამარცხებაში დაადანაშაულეს. მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათია, მაგრამ ეს ქართველი დიდოსტატის საქციელს ვერ გაამართლებს.

დუბაის ტურნირზე მომხდარ სავალალო ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, დიდოსტატ გიორგი გიორგაძეს:

- სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ მოჭადრაკეთა დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან: ქართველი დიდოსტატი გაიოზ ნიგალიძე თაღლითობაშია მხილებული. ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი სიურპრიზი იყო.

გონებაშიც ვერასდროს გავივლებდი, ისეთი წესიერი ახალგაზრდა მოჭადრაკე, როგორიც გაიოზ ნიგალიძეა, მსგავს საქციელს თუ ჩაიდენდა. იგი ჭაბუკობიდანვე გამოირჩეოდა საჭადრაკო ნიჭით.

მახსოვს, ათიოდე წლის წინათ, როცა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშე, ნიგალიძესთან პარტიის გადასარჩენად დიდი ბრძოლა დამჭირდა. მაშინ ვთქვი, რომ ქართულ ვაჟთა ჭადრაკს კარგი ცვლა ეზრდებოდა. მან, მართლაც, მომდევნო წლებში არაერთხელ ისახელა თავი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც თავდადებითა და შემართებით გამოირჩეოდა. შარშანწინ პოლონეთში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სწორედ ნიგალიძის მიერ ბოლო ტურში უკრაინელებთან შეხვედრისას მოპოვებულმა ნახევარმა ქულამ ჩვენს ნაკრებს მეხუთე ადგილი მოუტანა. წლეულს მან დედის ავადმყოფობის გამო ეროვნულ ჩემპიონატში ვერ ითამაშა და ტიტული უბრძოლველად დათმო.

ერთიც მინდა დავძინო: სამწუხაროდ, ბოლო დროს მოჭადრაკეებში გახშირდა პარტიების მსვლელობისას კომპიუტერული ანალიზის გამოყენების ფაქტები. ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან არაკეთილსინდისიერად, აკრძალული ილეთებით იბრძვი მეტოქის დასამარცხებლად.

მოკრივეთა ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, წელქვემოთ დარტყმით ცდილობ გამარჯვების მოპოვებას. არადა, საჭადრაკო დაფასთან დაპირისპირება რაინდული შებრძოლებაა. ამიტომაც არის ჩვენთვის სამწუხარო, რომ ქართველმა დიდოსტატმა ასეთი საქციელი ჩაიდინა. დუბაიში მომხდარ ფაქტს საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ნიგალიძის სამშობლოში დაბრუნებამდე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.

ერთი კი ცხადია, ქართველი დიდოსტატის ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება - მას სათანადო შეფასება მოჰყვება როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისგან, ისე - ფიდესგან.

ჩვენი წესდებით, ამ ფაქტს ფედერაციის გამგეობის სხდომაზე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შემდეგ, აპრილის მიწურულს განვიხილავთ. მანამდე სხდომის ჩატარება ვერ მოესწრება, რადგან გამგეობის წევრთა ერთი ნაწილი თბილისში არ იმყოფება, ქალთა ნაკრებთან ერთად 16 აპრილს მეც ჩინეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მივემგზავრები.

პირადად ჩემთვის, მოჭადრაკის ამგვარი საქციელი კატეგორიულად მიუღებელი და შეუწყნარებელია.

შესაძლოა, ფიდე ჩვენს პასუხს არც დაელოდოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ქართველ დიდოსტატს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის რეგულაციებით, პირველი შემთხვევის გამო სამ წლამდე დისკვალიფიკაცია ელის (მეორე შემთხვევისთვის 15-წლიანი დისკვალიფიკაციაა გათვალისწინებული - ვ.დ.). გული მწყდება, რომ ეს ახალგაზრდა ნიჭიერი მოჭადრაკე ასეთ სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიგრან პეტროსიანმა ქართველი დიდოსტატი თაღლითობაში ამხილა!
კომენტარი ზედმეტია !
irakli
13:34 16-04-2015
0

სიახლეები პოპულარული