ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის სასტუმრო "ჰუალინგში" გრძელდება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება.

ბაადურ ჯობავამ (2702) ჩინელ იუ იანთან (2750) მეორე ეტაპის ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა. მესამე დღეს ტაიბრეიკში ვერც 25-წუთიანმა ორთაბრძოლებმა გამოავლინა გამარჯვებული, რადგან პაექრობები 31-ე და 32-ე სვლებზე ზავით დაამთავრა. დაინიშნა 10-10-წუთიანი პარტიები, ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

ჩვენმა ლიდერმა ორივე პარტია ჩვეულ საფირმო სტილში წარმართა და წარმატებას მიაღწია. პირველ ათწუთიანში ბაადურმა 28-ე სვლაზე მხედარი შესწირა და ლამის შამათამდე უტევდა შავების მეფეს, სანამ 42-ე სვლაზე მეტოქეს საათი არ გააჩერებინა.

ჩვენებურმა განმეორებით
ათწუთიანში აზიელს შავი ფიგურებით უფრო მშვიდ ვითარებაში აჯობა. ჯობავასთვის უკეთეს პოზიციაში 45-ე სვლაზე თეთრების ეტლი B უჯრის მერვე ჰორიზონტალზე აღმოჩნდა, რამაც იანის მარცხი დააჩქარა. ჩინელმა 48-ე სვლაზე კაპიტულაციას მოაწერა ხელი და ქართველი დიდოსტატი მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც 2010 წლის რუსეთისა და ევროპის ჩემპიონ იან ნეპომნიაშჩის (2741) ხვდება. ამ უკანასკნელმა ელიზბარ უბილავას ინდოელი შეგირდი ბასკარან ადიბანი ჩამოიშორა გზიდან.

ასევე ტაიბრეიკებში ბუ სიანჭმა (ჩინეთი, 2714) ეტიენ ბაკროს (საფრანგეთი, 2729) მოუგო, მატიას ბლუბაუმი (გერმანია, 2633) ვესლი სოსთან (აშშ, 2792) დამარცხდა, ქალებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი, 2670) ლევონ არონიანმა (სომხეთი, 2802) აჯობა, ფაბიანო კარუანამ (აშშ, 2799) ლუკა ლინიჩი (2646) დაჯაბნა.

გასულ უქმეებზე მესამე რაუნდის ორი კლასიკური პარტია გაიმართა. სპეციალისტები და ქომაგები ახალი სენსაციის (წინა ეტაპზე ხომ ფავორიტები - მსოფლიოს ექსჩემპიონები - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) და ბორის გელფანდი (ისრაელი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სერგეი კარიაკინი (რუსეთი) ჩამოშორდნენ მსოფლიოს თასის გათამაშებას) მოწმენი გახდნენ: შაბათს შავი ფიგურებით მოთამაშე ჩინელმა ბუ სიანჭმა (2714) მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2827) 36-ე სვლაზე დაამარცხა, გუშინ კი თეთრებით 33-ე სვლაზე დაუზავდა და ასპარეზობის უპირველესი ფავორიტი შინ გაისტუმრა.

კანადელ ანტონ კოვალიოვს მაქსიმ როდშტეინთან (ისრაელი) შორტით თამაშის უფლება არ დართეს, მან კი პროტესტის ნიშნად ტურნირი დატოვა.

შაბათს 16 პარტიიდან მხოლოდ სამი აღმოჩნდა შედეგიანი: კარლსენ-სიანჭის შეხვედრაზე უკვე ვთქვით. ლევონ არონიანმა (2802) მაქსიმ მატლაკოვს (რუსეთი, 2728) მოუგო, ვესლი სომ (აშშ, 2792) შავებით ფრანსისკო ვალეხო პონსს (ესპანეთი, 2717) აჯობა. დანარჩენი 12 ორთაბრძოლა მშვიდობიანად დასრულდა. იან ნეპომნიაშჩი და ბაადურ ჯობავა მე-18 სვლაზე დაზავდნენ.

გუშინ, მესამე რაუნდის განმეორებით პაექრობებაში ისევ გაიყვეს ქულა ქართველმა და რუსმა - 24-ე სვლაზე ზავით დაშორდნენ ერთმანეთს და დღეს მათ შორის უძლიერესს ტაიბრეიკი გამოავლენს. გამარჯვებულს ვესლი სო (აშშ) ელოდება, რომელმაც ესპანელ ფრანცისკო ვალეხო პონსს 1.5:0.5 აჯობა.

პირენეელის ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა ფავორიტმა - ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ), რომელიც რუს ვლადიმირ ფედოსეევთან დამარცხდა - 0.5:1.5. დღევანდელმა ტაიბრეიკებმა რვა წყვილში გამარჯვებულების ვინაობა უნდა დაასახელოს.

"საინტერესო და სენსაციებით აღსავსე ტურნირია, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. - ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ვინ იფიქრებდა, რომ მეორე რაუნდში დაემშვიდობებოდნენ მსოფლიოს თასის გათამაშებას ფავორიტები - ანანდი, კარიაკინი, გელფანდი, მსოფლიოს ჩემპიონი კარლსენი კი მესამე ეტაპს ვერ გადალახავდა. სწორედ ამ მოულოდნელობებითაა საინტერესო ნოკაუტსისტემა, რადგან წინასწარ გამარჯვებულის განჭვრეტა შეუძლებელია.

ყოველივე ამის ფონზე, ცხადია, განსაკუთრებით ჩვენი დიდოსტატების გამოსვლა გვაინტერესებდა. იმედია, ბაადურ ჯობავა ტაიბრეიკში კვლავ გაგვახარებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული