ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი

AutoSharing Option
შაბათს თბილისის ფუნიკულიორზე საზეიმოდ გაიხსნა მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის მე-15 გათამაშება, რომლის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს დედაქალაქში 48 ქვეყნის 128 წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მათ შორის არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), მსოფლიოს ექსჩემპიონები - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი, მოქმედი ჩემპიონი თან ჟონი (ორივე - ჩინეთი) და სხვები.

შეჯიბრება, რომლის საპრიზო ფონდია
მილიონ 600 000 დოლარი, ნოკაუტსისტემით შვიდ რაუნდად გაიმართება, ანუ ყოველ ეტაპზე დამარცხებულები შინ გაემგზავრებიან.

მსოფლიოს თასის გათამაშებისადმი მოჭადრაკეთა ასეთი ინტერესი სოლიდურ საპრიზო ფონდთან (გამარჯვებული 120 000, მეორე ადგილზე გასული კი 80 000 დოლარით დაჯილდოვდება) ერთად იმანაც გამოიწვია, რომ ფინალისტები გაისად შემოდგომაზე პრეტენდენტთა ტურნირში რვა უძლიერესს შორის მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. უწინ ამ ერთ-ერთი შესარჩევი შეჯიბრებისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მსოფლიოს ჩემპიონი და ის დიდოსტატები, რომლებსაც პრეტენდენტთა ტურნირში გამოსვლა განაღდებული ჰქონდათ, თასის გათამაშებას თავს არიდებდნენ. წლეულს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ასპარეზობის საზეიმო გახსნისას მონაწილეებს მიესალმნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი), ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცი ზურაბ აზმაიფარაშვილი, კომპანია "სოკარის" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებაში პირველად ერთვება მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, რომელმაც მინიატურული ქვევრის მეშვეობით გაარკვია, პირველი რაუნდის პირველ პარტიაში თეთრებით ვინ ითამაშებდა. შემდეგ ნორვეგიელმა დიდოსტატმა სამახსოვრო სურათი გადაიღო ძალოსნებთან - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილსა და რიოს თამაშების გამარჯვებულ ლაშა ტალახაძესთან, რომლებიც შეჯიბრების გახსნას დაესწრნენ.

* * *
გუშინ სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერენსის" დარბაზში მოჭადრაკეებმა საათები ჩართეს. შეგახსენებთ, რომ თითოეულ წრეში მოასპარეზენი ორ-ორ კლასიკურ პარტიას გაითამაშებენ. მატჩის ფრედ (1:1) დამთავრების შემთხვევაში მომდევნო წრეში გამსვლელის ვინაობას ტაიბრეიკი გამოავლენს.

სტარტზე საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერი ბაადურ ჯობავა თეთრი ფიგურებით ახალგაზრდა ესპანელ ივან სალგადო ლოპესს მე-20 სვლაზე შეუთანხმდა ყაიმზე. ლევან ფანცულაიამ იან-კშიშტოფ დუდასთან (პოლონეთი) თეთრებით 64-ე სვლაზე დათმო პარტია, ერნესტო ინარკიევს (რუსეთი) მიხეილ მჭედლიშვილთან წარმატების მისაღწევად 29 სვლა ეყო.

ყველაზე დიდხანს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოჭადრაკის – ჰოლანდიელი ანიშ გირისა (იგი ქართველების სიძეა - დიდოსტატ სოფიკო გურამიშვილის მეუღლეა) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძის პარტია გაგრძელდა. 47-ე სვლამდე, თითქოს, თანაბარი პოზიცია იყო, მაგრამ მერე ქართველმა დიდოსტატმა შეცდომა დაუშვა და 67-ე სვლაზე საათი გააჩერა.

გირის მსგავსად, გუშინ ფავორიტთა უმრავლესობამ წინასწარ დაგეგმილი მოგებები ჩაიწერა: მაგნუს კარლსენმა ოლიბაფემი ბალაგური (ნიგერია) დაამარცხა, რომელსაც რეიტინგში 600 პუნქტით უსწრებს, ვესლი სომ (აშშ) დანიელ ლუის კასტელოს (კოლუმბია) აჯობა, ფაბიანო კარუანამ (აშშ) სამხრეთაფრიკელი კენი სოლომონი დაჯაბნა, ვლადიმირ კრამნიკმა (რუსეთი) ჩანგრინ დაის (ჩინეთი) სძლია.

ასპარეზობის ყველაზე უფროსმა მონაწილემ, მსოფლიოს 2009 წლის თასის მფლობელმა ბორის გელფანდმა (ისრაელი, 49 წლის) კირილ სტუპაკს (ბელორუსი) ქულა აართვა.

თუმცა პირველ ტურს უსენსაციოდაც არ ჩაუვლია: 16 წლის ავსტრალიელი ანტონ სმირნოვი თეთრი ფიგურებით სერგეი კარიაკინს (რუსეთი) დაუზავდა, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი, 2804) ტაჯიკ საერთაშორისო ოსტატ მუჰამად ხუსენხოჯაევს (2455) ვერ მოუგო.

პირველი რაუნდის საპასუხო შეხვედრები დღეს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული