ბაქო 2015: ქართველი სამბისტები სამი ბრინჯაოსთვის იბრძვიან

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს მედლების რაოდენობის გაზრდის შანსი სამბისტთა ხარჯზე აქვს.

22 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქში ბრინჯაოს მედლებისთვის ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ-მდე), კახა მამულაშვილი (74) და დავით კარბელაშვილი (90) იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი ტურნირზე 18:00 სთ-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია (3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო).

ჩიდრაშვილმა ბაქოში პირველი შეხვედრა ბულგარელ იანაკოვს სუფთად მოუგო (4:0), თუმცა მასპინძელ ისლამ გასუმოვთან ნახევარფინალში დამარცხდა (1:3). ბრინჯაოს მედლისთვის ჩიდრაშვილი რუმინელ ორლანდო გრუიას შეხვდება.

გამოსვლა კახა მამულაშვილმაც კარგად დაიწყო -
სლოვენიელ ტადეი ცუტუკს დამაჯერებლად მოუგო (4:0), მაგრამ 1/4-ფინალში ისიც აზერბაიჯანელთან, ამილ გასიმოვთან დამარცხდა (1:3). ბრინჯაოს მედლისთვის კახა ბულგარელ მარტინ ივანოვს შეხვდება.

დავით კარბელაშვილი პირველსავე შეხვედრაში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონთან, რუს ალსიმ ჩერნოსკულოვთან დამარცხდა (0:2), ბრინჯაოსთვის კი მასპინძელ კანან გასიმოვს შეებრძოლება.

მძიმე წონაში უმედლოდ დაასრულა გამოსვლა ნოდარ მეტრეველმა, რომელიც ბელორუს იური რიბაკთან დამარცხდა (0:4). ასევე უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა გოგონებმა - შორენა შარაძემ (60) და თეო სუხიტაშვილმა (68).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული