სამბო. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 9 მედალი მინსკში [VIDEO]

AutoSharing Option
წყნეთელმა ნინო ოძელაშვილმა (72) წარმატებით დაიცვა ევროპის ჩემპიონის ტიტული სამბოში და ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული. ეს ამბავი მინსკში მოხდა, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ფინალში ჩვენებურმა რუსი ირინა ალექსეევა დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მინსკში ჩვენმა ნაკრებმა, საერთო ჯამში, 9 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. აქედან ორი მედალი ქალთა გუნდის მონაპოვარია - თითო ოქრო-ვერცხლი, დანარჩენი კი ვაჟების წილად მოდის.

ევროპის ჩემპიონი ვაჟებში მცხეთელი ლევან ნახუცრიშვილი (74) გახდა, ვერცხლის მედლებს ლაგოდეხელი ელენე ქებაძე (+80), თელაველი ვახტანგ
ჩიდრაშვილი
(57) და ქარელელი პაატა ღვინიაშვილი (90) დაეუფლნენ, ხოლო მესამეზე თიანეთელი ლევან ბერბერაშვილი (52), კასპელი ზურაბ ოდოშაშვილი (62), ფოთელი ნიკო კუცია (82) და კასპელი ბექა ბერძენიშვილი (+100) გავიდნენ.

ჩვენი ვაჟთა ნაკრები უმედლოდ მხოლოდ ორ წონაში - 68-სა და 100-ში დარჩა, თუმცა ამ გუნდს ხარისხობრივად ევროპის შარშანდელ პირველობაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა - 3 ოქრო მოიპოვა.

წლევანდელ ნაკრებში ევროპის შარშანდელი სამივე ჩემპიონი შედიოდა, მაგრამ ტიტული ვერც ერთმა ვერ შეინარჩუნა. ამათგან განსაკუთრებით მოულოდნელი ჩიდრაშვილის მარცხია, ვინც ბოლო წლებში იშვიათად აგებს, ამჯერად კი ფინალში რუს ვლადიმერ გლადკიხთან დამარცხდა.

ქებაძე და ღვინიაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდნენ ფინალში, თუმცა ამჯერადაც წააგეს. ღვინიაშვილი ამჯერადაც რუსთან დამარცხდა, ოღონდ შარშან თუ დავიდ ოგანისიანთან დათმო გადამწყვეტი პაექრობა, ამჯერად მიხაილ პოლიანსკოვთან წააგო. ქებაძეს ევროპის ჩემპიონობა შარშან რუსმა ანჟელა გასპარიანმა დაათმობინა, ამჯერად კი - უკრაინელმა ანასტასია საპსაიმ.

წლეულს ბრინჯაოს დასჯერდნენ ევროპის შარშანდელი ჩემპიონები - კუცია და ბერძენიშვილი. აღსანიშნავია ბერბერაშვილის წარმატებაც, რომელიც ბოლო დღეებში, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩართეს გუნდში ფოთელი გივი ნადარეიშვილის ხელის ტრავმის გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული